უპრეცენდენტო საერთაშორისო სპეცოპერაცია – დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი
საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია – 2BaGoldMule.
ოპერაციაში 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება იყო ჩართული. დაკავებულია კრიმინალური ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომელიც ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდა მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით.
ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება საქართველოს, პორტუგალიის, აშშ-ს, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, ბელგიისა და ავსტრიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.
გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.
დადგენილია, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ საქართველოდან, ლატვიიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, მსოფლიოს მასშტაბით ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ამ ანგრიშებზე ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდგომ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.