უილიამ უილკი კოლინზი – მოკლე ბიოგრაფია

ცნობილი მხატვრის იურისტი შვილი
უილიამ უილკი კოლინზი ინგლისელი მწერალი იყო, 27-მდე რომანის, პიესებისა და მოთხრობების ავტორი. 1824 წლის 8 იანვარს დაიბადა ლონდონში, ცნობილი პეიზაჟისტი მხატვრის უილიამ კოლინზის ოჯახში. სახელი სწორედ მამის პატივსაცემად დაარქვეს, თუმცა ცნობილი მეორე სახელით გახდა, რომელიც ნათლიის – დევიდ უილკის პატივსაცემად ერქვა.
1836-დან 1838 წლამდე მშობლებთან ერთად იტალიასა და საფრანგეთში ცხოვრობდა. ამ ქვეყნებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. სკოლა-ინტერნატში სწავლის პერიოდში მასზე ცოტათი უფროსმა ბიჭმა დააშინა, დაემუქრა და დაავალა, დაძინების წინ თითო ახალი ამბავი მოეფიქრებინა და მისთვის მოეყოლა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ამ ფაქტმა მას წარმოსახვა გაუმდიდრა და მოგვიანებით, სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, უკვე საკუთარი სიამოვნებისთვის იგონებდა, ამბებს.
17 წლისამ დაამთავრა სკოლა მეიდა-ვეილის აკადემიაში და სტაჟიორად მოეწყო კომპანიაში, რომელიც ჩაით ვაჭრობდა. იმავე პერიოდში დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა ადგილობრივ ჟურნალში. კომპანიაში ხუთი წელი გაატარა, მერე კი, მამის რჩევით, ლინკოლნზ-ინის სასამართლოში ჩაირიცხა და იურისპრუდენციის შესწავლას შეუდგა. მამამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიაღებინა, რომ მომავალში მის შვილს მუდმივი საარსებო წყარო ჰქონოდა.
თუმცა კოლინზმა ეს გამოცდილება სხვა რამისთვისაც გამოიყენა – იქ დაინტერესდა სერიოზულად გამოძიებით და სისხლის სამართლის საქმეებით, რაც შემდგომში რომანების წერისას გამოადგა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უმუშავია პრაქტიკოს ადვოკატად, იურიუდიულ ცოდნას სულ სხვა მიმართულება მისცა.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1847 წელს, კოლინზმა თავისი პირველი წიგნი გამოაქვეყნა – „მოგონებები უილიამ კოლინზის ცხოვრების შესახებ“. 1850 წელს კი გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი „ანტონინა“, ლიტერატურული მოღვაწეობის წყალობით სულ მალე დაუმეგობრდა კიდევ ერთ დიდ მწერალს, ჩარლზ დიკენსს , რომელთანაც მთელი ცხოვრება მეგობრობდა.
ორ ქალს შორის გახლეჩლი
1859 წელს კეროლაინ გრეივსსა და მის ქალიშვილთან ერთად დაიწყო ცხოვრება. კეროლაინი უბრალო ოჯახიდან იყო, ახალგაზრდა გათხოვდა, მერე კი ადრე დაქვრივდა ღა პატარა ბავშვით მარტო დარჩა. კოლინზს მასხე არასდროს უქორწინია, თუმცა წყვილს კარგა ხანს ნამდვილი ოჯახური იდილია ჰქონდა.
წლების მატებასა და წარმატებულ მწერლად ქცევასთან ერთად, კოლინზს ჯანმრთელობის პრობლემებიც დაეწყო. ძირითადად რევმატიზმი აწუხებდა და ამის გამო ხშირად დადიოდა სხვადასხვა კურორტზე სამკურნალოდ.
მორიგი ასეთი გამგზავრების დროს, ნორფოლკის ტბაზე, გაიცნო მარტა რალდი, 19 წლის გოგონა მრავალშვილიანი ღარიბი ოჯახიდან. რამდენიმე წლის შემდეგ გოგონა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, რომ მწერალთან ახლოს ვოფილიყო.
იმ პერიოდში დაიწერა „მთვარის სპეკალი“, რომელსაც ეტყობა იმის კვალი, რომ მიზი ავტორი, ყურებამდე იყო შეყვარებული, თუმცა რევმატიზმი თავს არ ანებებდა. ამასობაში კეროლაინმა მიატოვა მასხე გულაცრუებული მწერალი და თავისზე უმცროს კაცს გაჰყვა ცოლად. მას სურდა, კოლინზს ოფიციალურად მოეყვანა ცოლად, მაგრამ მწერალი მის ამ სურვილს ეწინააღმდეგებოდა.
კოლინზი გამუდმებულ ტკივილებს განიცდიდა, მის გასაყუჩებლად ოპიუმის გამოვენება დაიწყო და სულ მალე ეს მიდრეკილება მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. საბედნიეროდ, ამ დროს მის გვერდით იყო მარტა, რომელმაც 1869 წელს ქალიშვილი მერიანი გაუჩინა.
რამდენიმე წელიწადში კეროლაინი ქმარს გაშორდა და ისევ კოლინზს დაუბრუნდა. უილკიმ მასაც ვერ უთხრა უარი და ხან კეროლაინთან ცხოვრობდა, ხან კი მეზობლად დასახლებულ მარტასთან. როცა მარტასთან იყო, უილიამ დოუსონის სახელი დაირქვა. მარტაც და კოლინზისგან გაჩენილი შვილებიც დოუსონის გვარს ატარებდნენ. როგორც ჩანს, კოლინზს არ სურდა, გოგონასთან ურთიერთობებისთვის ოფიციალური საზე მიეცა და საქვექნოდ ცნობილი გაეხადა.
მწერალი 1889 წელს გარდაიცვალა ლონდონში, დამბლის შემდეგ, რაც მისი რევმატიზმების საბოლოო შედეგი აღმოჩნდა. დაკრძალულია კენსალ გრინის სასაფლაოზე. კეროლაინი 1895 წელს გარდაიცვალა და კოლინზის გვერდით დაკრძალეს. 1919 წელს კი მარტაც გარდაიცვალა.
საუკეთესო და ცნობილი რომანი
ამბობენ, რომ კოლინზის საუკეთესო და ყველაზე ცნობილი რომანია „მთვარის სპეკალი”, რომელიც 1868 წელს დაიბეჭდა. მას ასევე ხშირად მიიჩნევენ ინგლისურ ენაზე დაწერილ პირველ დეტექტიურ რომანად. რომანს გამოარჩევს ფსიქოლოგიური სიზუსტე, ლოგიკური, ტიპური „დეტექტიური“ აზროგნება, რომანტიკული მოტივებით. ტომას ელიოტის განსაზღვრებით, ეს არის ყველაზე პირველი, ყველაზე ვრცელი და ყველაზე კარგი დეტექტიური რომანი ინგლისურ ლიტერატურაში. სწორედ კოლინზის შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს აგათა კრისტი და სხვა ცნობილი დეტექტივისტები.
რომანი პირველად კოლინზის დიდმა მეგობარმა ჩარლზ დიკენსმა დაბეჭდა თავის ჟურნალში. რომანი იმ კანონების დაცვით არის აგებული, რომლებიც სულ მალე დეტექტიური ჟანრის კლასიკური ნაწარმოებებისთვის სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, კოლინზმა რეალისტურად აღწერა ვიქტორიანული საზოგადოება და მისი ტიპიური წარმომადგენლების ფსიქოლოგიურად ზუსტი პორტრეტები დახატა.