რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ბორობუდური: მსოფლიოს უდიდესი ბუდისტური მონუმენტი

ბორობუდური - მსოფლიოს უდიდესი ბუდისტური მონუმენტი

ბორობუდურის ტაძარი – მსოფლიოს უდიდესი ბუდისტური მონუმენტი – სამგანზოლებიანი მანდალას (ბუდიზმში კოსმოსის სიმბოლო) ფორმის განსაცვიფრებელი სილამაზის არქიტექტურული საოცრებაა. ბუდა შაკიამუნის ცხოვრების ამსახველი რელიეფებითა და ბუდას 500-ზე მეტი ქანდაკებით მორთული ტაძარი, როგორც ამბობენ, ბუდისტური სწავლებებისთვის აშენდა. ბორობუდური მოსალოცი ადგილი იყო, სადაც პილიგრიმები დერეფნებისა და კიბეების 3,2-კილომეტრიანი სისტემის მეშვეობით გარს უვლიდნენ მონუმენტს. მათი განვლილი გზა ნირვანისკენ სვლის სიმბოლო იყო.

ბორობუდური ინდონეზიის კუნძულ იავაზე ქალაქ ჯოკიაკარტადან 40 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ათასი წლის მონუმენტის წარმოშობა იდუმალების ბურუსშია გახვეული. არავინ იცის, ზუსტად ვინ და როდის ააგო იგი. არ არსებობს არანაირი ისტორიული წყარო. თუმცა ისტორიკოსები და არქეოლოგები თანხმდებიან, რომ მშენებლობა დაახლოებით მე-8 საუკუნის მიწურულს დაიწყო და სავარაუდოდ, 75 წელს გრძელდებოდა.

არქიტექტურულად, ბორობუდური უზარმაზარი კომლექსია, რომელიც 2 500 მ2-ს ფარავს და ორი მილიონი ქვის ლოდისგან შედგება. 118 მ2 ოთხკუთხა საძირკველზე ერთმანეთზე დგას ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმა (წრე ბუდიზმის სრულყოფილების, უსაწყისო და უსასრულო მარადიულობის სიმბოლოა). ზედა პლატფორმებზეა განლაგებული 72 პატარა გუმბათოვანი სტუპა. ყველაზე დიდი სტუპა ზედა დონეზე დგას. ყველა სტუპას პატარა სარკმლები აქვს, ხოლო შიგნით ბუდას ქანდაკებები დგას. კომპლექსის გარშემო საფეხურები და დერეფნებია, რომელთა გასწვრივ კედლებზე საინსტრუქციო რელიეფებია ამოკვეთილი. ეს რელიეფები პილიგრიმებს ზედა დონეზე ასვლაში ეხმარებოდა. ყოველი დონე განსხივოსნებისკენ მოგზაურობის თითო სტადიას განასახიერებს.

სავარაუდოდ, X ან XI საუკუნეში ტაძარი უმოქმედო გახდა, რადგან პოლიტიკურმა ძალამ რეგიონიდან გადაინაცვლა ან ახლომდებარე ვულკანები ამოიფრქვა და ტაძარი ფერფლის სქელი ფენით დაფარა. ისევე, როგორც ბორობუდურის აშენების თარიღი, მისი მიტოვების მიზეზიც უცნობია. ფერფლისა და ჯუნგლების სიღრმეში ყველასაგან მივიწყებული ბორობუდურის საოცრებები 1814 წელს იავას ბრიტანელი გუბერნატორის, სტემფორდ რაფლისის ბრძანებით ჰოლანდიელმა ინჟინერმა აღმოაჩინა.

მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ბორობუდური მნიშვნელოვნად გაიწმინდა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. შემდეგ მის აღდგენაზეც დაიწყეს ფიქრი. 1975 წელს ინდონეზიის მთავრობამ იუნესკოს დახმარებით სრულმასშტაბიანი რესტავრაცია დაიწყო. შვიდი წლის განმავლობაშო ასობით მუშა წმენდდა და ამაგრებდა ნაგებობებს. 1991 წელს ბორობუდური იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. დღეს ის ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა.

ტეგები: ბორობუდური, ბორობუდურის ტაძარი, ბუდა, ბუდიზმი, მანდალა, ბუდა შაკიამუნი, ნივანა, ინდონეზია, იავა, კუნძული, ისტორია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *