კარკასონი: უძველესი ევროპული ციხე-ქალაქი
დღემდე შემონახული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის (ევროპაში უდიდესის), კარკასონის ისტორია ჯერ კიდევ რომაულ ეპოქამდე იწყება. სამხრეთ საფრანგეთის გორაკებზე განლაგებული კარკასონი ორმაგი გალავნითაა შემოვლებული. კედლებს შიგნით დგას შატო-კომტალის ციტადელი და გრანდიოზული გოთიკური საკათედრო ტაძარი, ხოლო ვიწრო ქუჩები ძველებურად მიიკლაკნება – მათთვის თვით დროსაც ვერაფერი დაუკლია.
სამხრეთ საფრანგეთში, პირენეს მთების სამხრეთით, ლანგდოკ-რუსილონის რეგიონში მდებარე ბორცვზე, სადაც დღეს კარკასონია გაშენებული, დაახლოებით 3500 წელია დასახლება არსებობს. ძვ.წ. VI საუკუნეში ის აქტიურ სავაჭრო ცენტრად იქცა და ვინაიდან ესპანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობდა, სტრადეგიულად მნიშვნელოვან ადგილად ითვლებოდა და ამიტომ დამპყრობელი რომაელებისგან იხსნეს. თუმცა, ძვ.წ. 122 წლისთვის რომაელებმა მაინც აიღეს ქალაქი და კიდევ უფრო გაამაგრეს. რომაული კედლის ნანგრევებზე დღევანდელი შიდა გალავანია დაშენებული. V საუკუნეში ქალაქი აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ვესტგუთების ხელში გადავიდა, ხოლო 725 წელს მცირე ხნით ჩრდილოაფრიკელი მავრები დაეპატრონენ. 759 წელს ქალაქი ფრანკმა მეფემ, პიპინ მოკლემ აიღო.
კარკასონმა დღევანდელი სახე XI საუკუნეში რაიმონ ბერნარ ტრენკაველის მმართველობის დროს მიიღო. მას ქალაქი ქორწინების შემდეგ გადაეცა მმართველობაში. მომდევნო ათწლეულებში კარკასონი მდიდარი და გავლენიანი ქალაქი გახდა. ტრენკაველების ოჯახმა შთამბეჭდავი სიმაგრე შატო-კომტალი და ბაზილიკა ააგო (ბაზილიკის ქვაკითხედი თავად პაპმა ურბან II-მ ჩადო 1096 წელს). თუმცა, XIII საუკუნის დასაწყისში, კარკასონისთვის ყველაზე მძიმე ხანაში, ალბიელთა წინააღმდეგ ჯვაროშნულ ლაშქრობაში ტრენკაველებმა თავიანთი სამფლობელო დაკარგეს.
კარკასონი
1209-20 წლებში კათოლიკურმა ეკლესიამ სამხრეთ საფრანგეთში ფეხმოკიდებულ ერეტიკოს კათართა სექტას რელიგიური ომი გამოუცხადა. ალბიელებს, ანუ კათარებს სწამდათ, რომ პაპი და ეკლესია ბოროტება იყო. კათართა უკანასკნელი ციხესიმაგრე კარკასონი ჯვაროსნების ყველაზე სასტიკ სარდალს, სიმონ დე მონფორს ჩაბარდა. რაიმონ-როჟე დე ტრენკავალი შეიპყრეს და საპყრობილეში სასიკვდილოდ ჩააგდეს. ყველა არაკათოლიკე მოქალაქე კარკასონიდან გააძევეს და ვინც რწმენაზე უარი არ თქვა, კოცონზე დაწვეს.
ქალაქის დიადი წრსულის წარმოსახვა მის კედლებს შიგნით უფრო ადვილია. გალავნების აგების შემდეგ კარკასონი თითქმის არც შეცვლილა. ქალაქი პირვანდელი სახის შენარჩუნებას საფრანგეთის ერთ-ერთი პირველი რესტავრატორის, ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკის ძალისხმევას უნდა უმადლოდეს, რომელმაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში აქ უდიდესი აღდგენითი სამუშაო ჩაატარა. მას შემდეგ კარკასონი ფილმებსა და ლიტერატურაში უკვდავყვეს (ბოლოს ქეით მოსის ბესტსელერში, „ლაბირინთში“ ახსენეს).
1997 წელს ეს უმშენიერესი ქმნილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს და დღეს ის საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობაა.