რას ეძებ?

პოლიტიკა საზოგადოება საქართველო

გაკოტრებული ბოროტების იმპერია და მისი ჩაძირვის დასაწყისი

გაკოტრებული ბოროტების იმპერია და მისი ჩაძირვის დასაწყისი

საბჭოთა კავშირმა 70 წელი იარსება.

საბჭოთა ბოროტების იმპერიამ მისი არსებობის მანძილზე გაანადგურა უამრავი ადამიანი სიკვდილის ყველა შესაძლო ვარიაციით – ფიზიკურად, მორალურად, მენტალურად, ზნეობრივად. ბოროტების იმპერიამ შექმნა ადამიანის ახალი ტიპი – ჰომო სოვიეტიკუსი ( ს. ბულგაკოვი ,, ღმერთების ნადიმზე ” 1917 ).

ბოროტების იმპერია, საბჭოთა კავშირი დაიშალა. ტერორზე და უნდობლობაზე დაფუძნებული უგვანი სისტემა საკუთარმა სიმძიმემ დარღვია – არაბუნებრივი, მოგონილი კავშირები დიდხანს ვერ ძლებენ. დარჩა მისი ნაყოფი – გზააბნეული ჰომო სოვიეტიკუსი, რომლის ორიენტირები მხოლოდ ჩაგვრას, დასმენას, მოპარვას და მონურ სიცოცხლეს ცნობს.

ამ უგვანმა ( ჰომო სოვიეტიკუსთა ) მასამ და მისი წიაღიდან ხელახლა შობილმა КГБ – მ ძველი ბოროტების იმპერიის დაცემიდან მალევე შექმნა ახალი იმპერია ძველის მსგავსი ამბიციებით, ოღონდ დასაწყისშივე უდღეურობის აშკარა ნიშნებით. ახალი ბოროტების იმპერია ბევრად ამბიციური და თავხედურად მომთხოვნი აღმოჩნდა – მისი გეგმები დეკლარირებულად უმოკლეს დროში მისი წინაპრის საზღვრების აღდგენას ეფუძნებოდა, ყველა შესაძლო გზით.

ამ საქმეს ფული ჭირდებოდა, დიდი ფული. მისი წინამორბედისგან განსხვავებით, აქცენტი ბუნებრივი რესურსების გაყიდვაზე გაკეთდა და არა სტალინისეულ ინდუსტრიალიზაციასა და მდგრად ეკონომიკაზე. КГБ – ს ანალიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ეს უკანასკნელი მეტისმეტად ხარჯიანი და ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა, თან ახალ იმპერიას ატომური იარაღის ჟღარუნი შეეძლო, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო.

ნავთობიდან და გაზიდან შემოსული თანხის გადანაწილება შემდეგნაირად მოხდა – დასაპყრობ ტერიტორიებზე აგენტურის (მე-5 კოლონის) ჩამოყალიბება; იმპერიის შიგნით ომის პროპაგანდა; მძლავრი მედია პროპაგანდა მსოფლიოში; შეიარაღების მოდერნიზაცია; ოპოზიციის განადგურება/გადაბირება.

ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით კორუფციის დონე არნახულად მაღალი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ სადაც კორუფციაა იქ ნებისმიერი იდეა კვდება, არც ერთი პუნქტი განხორციელებულა სრულყოფილად.

შედეგი დეკლარირებული იმპერიული განაცხადიდან 20 წლის თავზე:

მტრის აგენტურამ არ იმუშავა გადამწყვეტ მომენტში (უკრაინის მაგალითი). მსოფლიო სანქციები იმპერიის შიგნით რამდენიმე თვეში გადაწონის ომის და სისხლის პროპაგანდას.

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ჰააგის ტრიბუნალს ელის, სადაც რუსული რეჟიმისთვის საკნები უკვე მზადაა.მითი რუსული არმიის და შეიარაღების შესახებ უკრაინის სამხედრო ძალამ ომის მეოთხე დღესვე დაარღვია.იმპერია ყველგან ყველა პარამეტრით კოტრდება. სხვა, ალტერნატიულ პროგნოზს თავად იმპერიის მედიაც კი ვერ ბედავს.

უკვე შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ბოროტების ახალმა იმპერიამ 20 წელზე მეტი ვერ გაძლო და იშლება. იგი სიმბოლურად, მისი სიამაყის, ფრეგატ ,,Москва” – ს მსგავსად ფსკერისკენ მიდის. კორუფციული სამხედრო სისტემის მიერ ,,უახლესი სისტემებით მოდერნიზებული” ხომალდი მხოლოდ პოტიომკინის სოფლის მსგავსი ბუტაფორია აღმოჩნდა, ისევე როგორც ,,ძლევამოსილი” სისტემა, რომელიც ახლა საკუთარ თავს ანადგურებს.

ახლა კი პასუხი რუსულ პროპაგანდას საქართველოში: უკრაინა ჩვენი მეგობარია, ის ასუსტებს ჩვენს მტერს. რუსეთის იმპერია მკვლელია, ის კლავს ყველას განურჩევლად, საკუთარ შვილებსაც.

უკრაინის მაგალითზე – ომი თუ არ გვინდა, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, იმპერია არ ცნობს თავმოხრილ არც მოწინააღმდეგეს, არც მომხრეს, არც შუაშისტ, ფრთხილ მეზობელს. ჩვენი, ქართველების დიდი ნაწილის ბუნდოვანი იმედი, რომ ოდესღაც იმპერია დაეცემა, ჩვენს სიცოცხლეშივე ხდება.

ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიმართ რბილ პოლიტიკას ატარებენ, ეწინააღმდეგებიან დანარჩენ მსოფლიოს და წაგების ფსონი ძალიან მაღალია. ჩინეთმა შესაძლოა გადაიხადოს ეს ფსონი, განსხვავებით საქართველოსგან. როცა მთელი მსოფლიო ერთიანდება ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც კლავს და აუპატიურებს ბავშვებს, ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ორი არჩევანი შეუძლებელია არსებობდეს.

ქვეყანა, როგორც მისი ერთი მოქალაქე, იჭერს ან სიკეთის, ან ბოროტების მხარეს. ისტორიული შანსს, რომელიც დღეს გვეძლევა ჩვენი წინაპრები ვერც ინატრებდნენ. ამ დღეს ელოდნენ სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი და უამრავი ქართველი, სიცოცხლე რომ დათმეს იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩვენ კი, მათთან შედარებით გაგვიმართლა უსაშველოდ. მოვლენები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, წააგავს მონღოლთა ურდოს, თურქომანული იმპერიის, ხაზართა ურდოს და მსგავსი წარმონაქმნების დაცემის მაგალითებს, ოღონდ ბევრად სწრაფად და იუველირული სიზუსტით.

ის გაორება, რასაც ვხედავთ დღეს საქართველოში არის ჰომო სოვიეტიკუსის და საქართველოს მოქალაქის დაპირისპირება. პირველი – გრძნობს საყრდენის, რუსეთის იმპერიის აღსასრულს, რაც ემუქრება მის როგორც საზოგადოებრივ, ასევე ქონებრივ მდგომარეობას, ამიტომ ის თავგამოდებით ცდილობს ყველა ხერხით შეინარჩუნოს ორივე.

მსგავსად კორუფციაში ჩაფლული რუსული მმართველი ძალისა, ქართული ზედა ფენაც დაცლილია ყველანაირი იდეისგან და მისი ფიქრები მხოლოდ საკუთარ მეს დასტრიალებს. ამიტომ ისმის – ,, ომი გინდა??, მშვიდობა არ ჯობს??, ჩვენი მეფეები ხარკით იცავდნენ ქვეყანას განადგურებისგან… ” და ა.შ.

ესაა გაკოტრებული იმპერიის, გაკოტრებული სპეცსამსახურების გზავნილები, რომლებსაცსაქართველოს მოქალაქეების ნაწილი უსმენს, უჯერებს და ყოყმანობს მაშინ, როცა თეთრი თეთრი და შავი შავი ასე ნათლად არასდროს ყოფილა.

წყარო: Goga Gagnidze

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *