კრეტის საიდუმლო, მითები თუ სინამდვილე
ფილონი რომ სწვეოდა კრეტას ძვ. წ. მეორე საუკუნეში, იგი იხილავდა მივარდნილ კუნძულს, ბერძნულენოვანი მოსახლეობით, რომელსაც არ მიეღო დიდი მონაწილეობა ბერძნებსა და სპარსელებს შორის მომხდარ სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებაში, 200 წლით ადრე. ერთხანს ეს კუნძული იყო სახელგანთქმული დაქირავებული მშვილდოსნების სამკვიდრო და მეკობრეთა თავშესაფარი. ფილონის ეპოქაში იგი უკვე დაექვემდებარა რომაულ გავლენას, ხოლო მისი გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ რომის კოლონიად გადაიქცა, მთავარი ქალაქები იყო გორტინა, კიდონია და კნოსოსი, ესენი ხშირად ეომებოდნენ ურთიერთს, მაგრამ 220 წელს კნოსოსმა გააერთიანა კუნძული.
ფილონს რომ კარგად სცოდნოდა თავისი ჰომეროსი, შეიტყობდა რომ პოეტისათვის კნოსოსის ისტორია იკარგებოდა ისტორიის შორეულ, ბუნდოვან, ნახევრად ლეგენდარულ პერიოდში. ოდისევსი იცნობდა კუნძულს და მის ასოციაციებს, მეფე მინოსთან დაკავშირებულს:
„მუქ ლურჯ ზღვაში მოსჩანს კუნძული კრეტა, მდიდარი და მშვენიერი მხარე, ტალღები ეშხეფებიან მის ნაპირებს ყოველი მხრიდან, მჭიდროდ დასახლებულია ოთხმოცდაათი ქალაქი. მათგან ერთ-ერთის სახელია კნოსოსი, სადაც მეფობდა მინოსი ცხრა წლის მანძილზე და მეგობრობდა ყოვლისმძლე ზევსს“.
ამრიგად აღწერს ჰომეროსის ოდისევსი კრეტას პოემის ცნობილ თავში, სადაც ,,ხერხიანმა“ გმირმა პენელოპას მინოსის შვილიშვილად მოაჩვენა თავი. ფილონს თუკიდიდე რომ ჰქონოდა წაკითხული, გაახსენდებოდა, რომ ეს ბერძენი ისტორიკოსიც ახსენებს მინოსს, რომელიც იყო ,,ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრინდელი მბრძანებელი, რომელსაც ჰყავდა ფლოტი და კონტროლს უწევდა საბერძნეთის წყლების უდიდეს ნაწილს. იგი მართავდა კიკლადებს და იყო მათი პირველი კოლონიზატორი, სადაც აყენებდა მმართველებად თავის ვაჟებს. როგორც ჩანს, მან გაწმინდა ზღვა მეკობრეთაგან, რამდენადაც შეეძლო, რათა დაეცვა თავისი ავლა-დიდება”.
ვინ იყო ეს მინოსი, როდის მეფობდა იგი? რეალური პიროვნება იყო თუ პოეტური ფანტაზიის ნაყოფი? ისტორიკოსი თუკიდიდე მას რეალურ პიროვნებად მიიჩნევს, თუმც კრეტაზე უკვე აღარაფერი იყო ისეთი, რაც მიანიშნებდა მის იმპერიულ სიდიადეზე; აღარც სასახლეები იყო აღარც მდიდარი ქალაქები; მხოლოდ რამდენიმე უღიმღამო პროვინციული ქალაქი იყო შემორჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო კნოსოსი. რაც შეეხება მოსახლეობას, იგი შერეული იყო, ზოგნი დორიელი ბერძენი დამპყრობლების შთამომავალნი იყვნენ, რომელნიც მოვიდნენ კუნიულზე 800 წლით ადრე, სხვანი თავისთავს უწოდებდნენ კიდონიელებს, პელაზგებს და ეტოკრეტელებს, ისინი არ ჰგავდნენ ბერძნებს არც გარეგნობით და არც ბარბაროსული დიალექტებით. ესენი იყვნენ გლეხები, მწყემსები, მეთევზეები, მეკობრეები, რომელთა დასახლებები გაფანტული იყო ამ მოგრძო, მთიანი კუნძულის სანაპიროზე; ამ მთათაგან ერთ-ერთი, როგორც ტრაბახობდნენ კუნძულის მკვიდრნი, იყო თავად ზევსის დაბადების ადგილი. ამასთან უამრავ ზღაპარს ჰყვებოდნენ ისინი; ერთმა ძველმა მწერალმა სთქვა ამის გამო: ყველა კრეტელნი მატყუარები არიანო. ფილონი, სწავლული, ალბათ სერიოზულად არც ღებულოდა მათ მონათხრობს, განსაკუთრებით თეზეოსისა და მინოტავრის შესახებ.
ამ ლეგენდის მიხედვით, მინოსის დედოფალს, პასიფეას, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა სჭირდა; თავისი ვნების დასაკმაყოფილებლად მან უბრძანა დედალოსს, ხუროთმოძღვარს, გაეკეთებინა ძროხის ქანდაკება, რომელშიც იგი უნდა შემძვრალიყო და სქესობრივი კავშირი დაეჭირა ხართან. ამ გზით იშვა მინოტავრი, ნახევრად კაცი, ნახევრად ხარი, ურჩხული, რომელიც მინოსს დამწყვდეული ჰყავდა ლაბირინთში, თავისი სასახლის ქვეშ. კრეტელნი ტრაბახობდნენ, რომ იმ მინოსი მბრძანებლობდა არა მხოლოდ კუნძულებზე, არამედ საბერძნეთის ხმელეთის ნაწილზეც, თვით ათენიც კი ხარკს უხდიდა მას. ყოველწოიურად 12 ჭაბუკი და ქალიშვილი იგზავნებოდა ათენიდან მინოტავრისთვის შესაწირად. ლაბირინთი იმდენად დახლართული იყო თავისი მიხვეულ-მოხვეული გვირაბებით, რომ მასში შესული კაცი უკან ვეღარ გამოაგნებდა გზას დახმარების გარეშე. ლაბირინთის სიღრმეში კი მოჩანდა ურჩხული-კურო.
ასობით ადამიანი დაიღუპა ამრიგად, სანამ თეზეოსი, ათენის სეფეწული, არ გააგზავნეს მინოტავრისთვის შესაწირად. იგი შეუყვარდა „არიადნეს“, მინოსის ასულს, რომელმაც მისცა მას ,,ძაფი-გასაღები“.
„თეზეოსმა დაამაგრა ძაფის ერთი ბოლო კარებზე, თან გაიყოლა იგი და შევიდა ლაბირინთში, მან იპოვნა მინოტავრი ლაბირინთის ბოლოში და ხელით დაახრჩო იგი, შემდეგ გამოჰყვა ძაფს და გამოვიდა გარეთ”…
ფილონ ბიზანტიელის სიკვდილის შემდეგ 2 ათასმა წელია განვლო, კრეტას ეწვია გერმანელი მილიონერი შლიმანი, რომელიც კარგად იცნობდა ბერძნულ მითებს; მითებმა აპოვნინეს მას ჰომეროსისეული ,,ოქროს მიკენი“, რომელიც მართლაც ოქროში ცურავდა. აგამემნონის ციტადელთან ნაპოვნ სამარხებში აღმოჩნდა იგავმიუწვდომელი განძი საჭურვლისა და ოქრო-ვერცხლისა. გერმანელი მეცნიერები დასცინოდნენ შლიმანს, ვინაიდან ჰომეროსის პოემებს მითებად სთვლიდნენ. მათ ჯიბრზე შლიმანი შეევაჭრა კრეტელ მიწათმფლობელს, რათა დაესაკუთრებინა მიწა, რომელზედაც ერთ დროს იდგა კნოსოსი. მაგრამ გარიგება ჩაიშალა ბოლო წუთებში. გერმანელი ვაჭარი განრისხდა, როდესაც მიხვდა, რომ კრეტელი მიწათმფლობელი ცდილობდა მის მოტყუებას თავის მამულში, ზეთისხილის ხეების რაოდენობასთან დაკავშირებით. საქმოსნის ჟინმა სძლია არქეოლოგის ინტერესს და დასტოვა კუნძული, მიბრუნდა სამშობლოში და მალე გარდაიცვალა. ერთხანს ამოუხსნელი დარჩა კეფალას დიდი ბალახიანი ყორღანის საიდუმლო კნოსოსში.
შემდგომში, 1900 წელს, კნოსოსს ეწვია სერ არტურ ევანსი, ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, ნუმიზმატიკის სპეციალისტი, რომელიც კარგად იცნობდა კრეტას. მართლაც, მან მოიარა კუნძული მთელი თავისი სიგრძე-სიგანით 1893 წელს, თავის მეგობართან, ჯონ მირესთან ერთად. იგი შლიმანივით მდიდარი იყო, მაგრამ მისგან განსხვავებით, მიწაში დაფლული სიდიადის საძებნელად როდი ეწვია კნოსოსს, არამედ მცირეზე მცირე ნივთის საძებნელად, რომელიც ერთი გროშის სიდიდისა იყო და რომელზეც უნდა ყოფილიყო გამოსახული პაწაწინა სიმბოლოები, რომელთა დანახვაც შეიძლებოდა მხოლოდ გამადიდებელი შუშით. მრავალი წლის მანძილზე იგი შეპყრობილი იყო იმ იდეით, რომ ევროპის კონტინენტზე ერთ დროს არსებობდა „სურათოვანი დამწერლობის“ სისტემა, რომელიც სავსებით არ ჰგავდა ეგვიპტურ იეროგლიფებს, ათენის აიძველეთა ფარდულებში იგი და მირესი წააწყდნენ უმცირეს „მძივ-ბეჭდებს“, რომლებზედაც უცნაური პაწაწინა გამოსახულებები იყო, რომელნიც ევანსმა ჩათვალა დამწერლობის სიმბოლოებად. გამყიდველებმა სთქვეს, რომ ეს ბეჭდები (რომელთაც ჰქონდათ ძაფის გასაყრელი ნახვრეტები) კრეტიდან იყო ჩამოტანილი, სადაც გლეხის ქალები ყელსაკიდად ხმარობდნენ ამ „სარძევე ქვებს“, ვინაიდან მათი რწმენით, ისინი რძეს ჰმატებდნენ მეძუძურებს.
ევანსს გაგონილი ჰქონდა, რომ კნოსოსში მოყვარულმა არქეოლოგებმა იპოვნეს თიხის დაფები მსგავსი ნიშნებით, ამიტომაც შეისყიდა მან ადგილ-მამული კნოსოსში და დაიწყო გათხრები. იგი არ დაყრდნობია არც ჰომეროსს და არც მეფე მინოსის გარშემო არსებულ ლეგენდებს. მან მალე აღმოაჩინა ასობით დაფა, ვიწრო და გრძელ ქვის საწყობებში შენახულნი. თუმც, მან კიდევ უფრო დიდი რამ აღმოაჩინა. ეს საწყობები წარმოადგენდნენ ნაწილს უშველებელი კომპლექსური შენობებისას, დარბაზების, დერეფნების, კიბეების ნამდვილი ლაბირინთისას, სვეტებიანი გალერეებისას, რომელთა მსგავსიც მას არსად ენახა გარდა მიკენის ციტადელისა, სადაც შლიმანმა აღმოაჩინა სამარხები. დათარიღებული ნივთების მიხედვით, რომელნიც დამარხულნი იყვნენ კნოსოსის სასახლის ქვეშ, ევანსი მიხვდა, რომ ეს სასახლე გაცილებით, გაცილებით უფრო ძველი იყო მიკენზე, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1200 წლით იყო დათარიღებული. კნოსოსის ზოგიერთი ნაწილი ძვ. წ. 3000 წლით თარიღდებოდა, ზოგი კი უფრო უადრესი ხანით. ევანსი კრეტაზე ჩამოვიდა დამწერლობის სისტემის გასაშიფრავად. ერთი თვის შემდეგ კი დარწძუნდა, რომ მან აღმოაჩინა დღემდე უცნობი ცივილიზაცია.