ქრისტეს ქანდაკება: ბრაზილიის სიმბოლო
როგორც ნიუ-იორკია წარმოუდგენელი თავისუფლების ქანდაკების გარეშე, რიო-დე-ჟანეიროც არაფერი იქნებოდა, ქრისტეს ქანდაკება რომ არ ამშვენებდეს. ეს მსოფლიოე ერთ-ერთი უდიდესი ქანდაკება 1920-30-იანი წლების არტ-დეკოს სტილის დიდებული ნიმუშია. ქრისტეს უზარმაზარი ფიგურა ქალაქს კორკოვადოს მთის (710 მ) მწვერვალიდან დაჰყურებს და ბრაზილიის სიმბოლოდ მიიჩნევა. 2007 წელს ქანდაკება „მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათაგან“ ერთ-ერთად დაასახელეს.
კორკოვადოს მთის რელიგიური ქანდაკებით დამშვენების იდეა პირველად XIX საუკუნის შუახანებში გაუჩნდა კათოლიკე მღვდელ პედრუ მარია ბოსს. მართალია, ბრაზილიის მაშინდელი მმართველების ოჯახმა ქანდაკების დაფინანსებაზე უარი განაცხადა, მაგრამ კორკოვადოს მწვერვალი იმდენად ბუნებრივი კვარცხლბეკი იყო, რომ ბოსის იდეას აქტუალობა კარგახანს არ დაუკარგავს. 1899 წელს ბრაზილია რესპუბლიკად იქცა და სახელმწიფო და ეკლესია განცალკევდა. შანსი იმისა, რომ მთაზე ამხელა ქანდაკებას დადგამდნენ, ქალაქიდანაც რომ დაენახათ, შემცირდა – საამისოდ დიდი თანხა იყო საჭირო.
თუმცა, 1921 წელს რიო-დე-ჟანეიროს ეპარქიამ შემოწირულობის შეგროვება დაიწყო. ბრაზილიის კათოლიკეები მოწოდებას გამოეხმაურნენ და საკმარისი ფული შეგროვდა. შესაბამისად, ეპარქიამ პროექტების განხილვა მალევე დაიწყო. მათ ჯერ ჯვრის ქანდაკება დაიწუნეს, შემდეგ ქრისტესი, რომელსაც ხელში დედამიწა უჭირავს. საბოლოოდ ხელებგაშლილი მაცხოვრის ქანდაკების დადგმა გადაწყდა.
შერჩეული პროექტი ბრაზილიელ ეიტორ და სილვა კოშტას ეკუთვნოდა. ის არტ-დეკოს სტილში დახვეწა ფრანგა არქიტექტორმა პოლ ლანდოვსკიმ. იდეის გახმოვანებიდან ერთ წელში ქანდაკებაზე მუშაობა დაიწყო. პროექტის ინჟინრებმა ქანდაკება კრინა-ბეტონით გაამაგრეს და შვედეთიდან ჩამოტანილი სტეატიტით მოაპირკეტეს, რათა მთის მწვერვალისთვის დამახასიათებელი უამინდობისთვის გაეძლო. ქანდაკება ცხრა წელიწადს მზადდებოდა და 1931 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ის 39,6 მ სიმაღლისაა, ქრისტეს გაშლილი მკლავების სიგრძე კი 30 მეტრია. ქანდაკების აგებისას სულ 250 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც დღევანდელი კურსით 3.5 მილიონი დოლარია.
გახსნის დღიდან ქანდაკება ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა. ყოველწლიურად, განსაკუთრებით, რელიგიურ დღესასწაულებზე, ათასობით სტუმარი ადის მატარებლით კორკოვადოს მთაზე და 220-საფეხურიანი კიბით – ქანდაკების კვარცხლბეკამდე. აქ მათ არა მხოლოდ ქანდაკების სიდიდის სრული მასშტაბით შეფასება შეუძლიათ, არამდე ბრაზილიის სანაპირო ზოლის თვალწარმტაცი ხედებით ტკბობაც.