რედვუდის ეროვნული პარკი – კალიფორნია

რედვუდის ეროვნული პარკი მდიდარი და მომაჯადოებელი სილამაზის ეკოსისტემაა. აქ მსოფლიოს უმაღლესი ხეები იზრდება, რომელთაგან ზოგი 2000-ზე მეტი წლისაა. გარდა ამისა, პარკში გადაშენების პირას მყოფი, იშვიათი სახეობის ცხოველები და მცენარეებიც გვხდება. მცენარეთა შორის ყველაზე გავრცელებული სახეობა მარადმწვანე სექვოიაა; პარკში ბინადრობენ ბარიბალები, ცხენირმები და თეთრთავა ფსოვები, ხოლო კლდოვან სანაპიროსთან ხანდახან წყლიდან დელფინები და ვეშაპები ამოყოფენ თავს ხოლმე.
კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის გასწვრივ 534 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული რენვუდის ეროვნული პარკი ერთდროულად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიცაა და ბიოსფერული ნაკრძალიც. პარკის საზღვრებში მოქცეულია 60 კილომეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი და მინდვრები. დღევანდელი პარკის ნაწილს ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან იცავენ.
გაცილებით ადრე – თითქმის 3000 წლის წინ – რეგიონში ამერიკის აბორიგენი მოსახლეობა ცხოვრობდა; ისინი სექვოიას მოტეხილი ტოტებისგან იშენებდნენ სახლებს. მათი შთამომავლების ხილვა დღესაც შეიძლება ამ ტერიტორიაზე. 1850 წელს რეგიონში ოქრო აღმოაჩინეს, რამაც ათობით ათასი ადამიანი მიიზიდა. რა თქმა უნდა, ბევრი ვერ გამდიდრდა და თავის გასატანად ხე-ტყის ჭრას მიჰყო ხელი. იმ დროს ქალაქი სან-ფრანცისკო სწრაფად ვითარდებოდა. ხის მასალაზე მოთხოვნა დიდი იყო და სექვოიების ტყე გამოულევ მარაგს შეიცავდა.
XX საუკუნის დასაწყისში ტყის ფართობი იმდენად შემცირდა, რომ „რედვუდის (მარადმწვანე სექვოიის) ტყის ხსნის ლიგა“ ჩამოყალიბდა და მისი დაცულ ტერიტორიად გამოცხადება მოითხოვა. ტყის გარკვეულ მონაკვეთს ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ხე-ტყის ჭრა სხვაგან გაგრძელდა. 1960-იანი წლებისთვის რეგიონში სექვოიის ტყის ფართობი 90%-ით შემცირდა. 1968 წელს რედვუდის ეროვნული პარკი შეიქმნა და მომდევნო წლებში პარკს რამდენჯერმე კიდევ დაამატეს მიმდებარე ტერიტორიები.

პარკში ყველაზე ხშირად მაღალი მარადმწვანე სექვოიები გვხდება. სწორედ მისი სახელი ქვია პარკს. მარადმწვანე სექვოიას, კალიფორნიულსაც უწოდებენ. ეს ხე მხოლოდ ამ რეგიონში ხარობს და 115 მეტრის სიმაღლის იზრდება. ყველაზე ხნიერი სექვოია 2200 წლისაა. პარკში ხშირად გვხდება დაგლასის ფიჭვიც, ხოლო დაბლობებს კალიფორნიული როდოდენდრონისა და აზალიას ჭრელი ბუჩქები ამშვენებს.
რედვუდის ეროვნული პარკის განსხვავებული ეკოსისტემები – ტყიანი დაბლობი, პრერია, მდინარე და სანაპირო – ცხოველთა მრავალი სახეობის მშობლიური სახლია. თეთრთავა ფსოვი, ზღვის ძაღლი და ჩრდილოეთის კოპლებიანი ბუ გადაშენების პირას არიან. ხის მაღალ ტოტებზე ბინადრობენ ჩრდილოეთის მფრინავი ციყვები; პარკში ცხოვრობენ თეთრი პუმები, ფოცხვერები, წავები, თახვები და შავკუდა ირმებიც.
რედვუდის ეროვნულ პარკს აშშ-ის ეროვნულ პარკტა სამსახური და კალიფორნიის პარკებისა და რეკრეაციული ზონების დეპარტამენტი მკაცრად იცავს. ერთი ახალგაზრდული ბანაკის გარდა, ტერიტორიაზე სასტუმროები და კურორტები არ არის. რედვუდის ეროვნული პარკი მოლაშქრეებსა და მოგზაურებში ძალიან პოპულარულია.