ყინულის სასტუმრო, სადაც ტემპერატურა -5°C-დან -8°C-მდე მერყეობს

ყოველ ზამთარს არქიტექტორები, მხატვრები, მშენებლები და დიზაინერები ჩრდილოეთის პოლარული წრიდან 200 კილომეტრის ზემოთ მდებარე პატარა შვედურ ქალაქ იუკასიერვიში იკრიბებიან და რამდენიმე კვირის განმავლობაში „ქმნიან“ შენობას, რომელიც მხოლოდ გაზაფხულამდე ძლებს: ღია ცის ქვეშ მდგარ, თეთრი თოვლისა და ლურჯი, გამჭვირვალე ყინულის სასტუმროს, რომელსაც ხშირად ჩრდილოეთის ციალი აელვარებს. ყოველ წელს განსხვავებული ფორმის სასტუმრო შენდება. სასტუმროში ბარიცაა, სადაც სასმელს ყინულის ჭიქებში ასხამენ, საქორწინო კაპელაც, მისაღები და ყინულისგან გამოქანდაკებული ავეჯით მორთული 100 ნომერიც.
დღეს ძალიან პოპულარული (ამავე ფორმის, მაგრამ შედარებით მცირე ზომის სასტუმროები ნორვეგიაში, კანადასა და ფინეთშიც შენდება) ყინულის სასტუმროების იდეა პირველად 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. იმ დროს იუკასიერვი ყინულის მოქანდაკეებისთვის ყოველწლიურ სემინარებს მასპინძლობდა თოვლისა და ყინულის გალერეაში. სტუმრები ქალაქში საკმარის ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობდნენ, ამიტომ გალერეაშივე რჩებოდნენ. სტუმრებს ეს იმდენად მოსწონდათ, რომ ორგანიზატორებმა სკულპტურების გალერეის ყინულის სასტუმროსთან გაერთიანება გადაწყვიტეს.

მდინარე ტორნის ნაპირებზე ყინულის სასტუმროს მშენებლობისთვის მზადება გაზაფხულზევე იწყება, როცა წინა სასტუმრო გადნობას იწყებს. იმ დროს 9000 ტონა მდინარის ყინულსა და 27000 ტ თოვლს დიდ მაცივარში ინახავენ ახალი სასტუმროს მშენებლობაში გამოსაყენებლად. ახალი სასტუმროს შენება შუა ნოემბერში იწყება, როცა ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ჯერ რკინის კარკასს დგამენ და ზედ თოვლს აყრიან. ამით სასტუმროს დერეფნის ჩონჩხს ქმნიან. როგორც კი თოვლი იყინება, რკინის კარკასს აცლიან. შემდეგ გამყოფ კედლებს აგებენ და მაცივრებიდან წინა წლის ყინული მოაქვთ, რომლისგანაც მოქანდაკეები და გრავიორები დეკორაციულ სკულპრუტებს ქმნიან. დეკემბრის დასაწყისში სასტუმროს მშენებლობის ძირითადი ფაზა სრულდება. ამ დროს სასტუმროს ინტერიერი ზღაპრიდან გადმოხატულ ყინულის სასახლეს ემსგავსება. მას 6000 მ2 ფართობი უკავია.
რასაკვირველია, სტუმრებს თბილ კოტეჯებში ცხოვრება ურჩევნიათ, მაგრამ უმეტესობა ერთ ღამეს მაინც ატარებს ყინულის სასტუმროში. გარეთ დარია თუ ავდარია, ყინულის სასტუმროში ტემპერატურა -5°C-დან -8°C-მდე მერყეობს და მძინარე სტუმრებს გაყინვისგან თერმული საძლე ტომრები და ჩრდილოეთის ირმის ბეწვი იცავს.
