ანხელის ჩანჩქერი: „კერეპაკუაი მერუ“ – ბუნების საოცრება

მსოფლიოში უმაღლესი ანხელის ჩანჩქერი ვენესუელაში, აუიანტეპუის მთის მწვერვალიდან ეშვება (შეუფერხებელი ვარდნის სიმაღლეა 807 მ) და სულ რაღაც 15 მეტრით მაღალია უახლოეს კონკურენტზე, ჰავაის ბაიჰილაუს ჩანჩქერზე. წყლის ძლიერი ნაკადი თვალის მომჭრელი პეიზაჟის – ცამდე აზიდული კლდეებისა და მწვანე ჯუნგლების ფონზე ვარდება მთიდან.
ანხელის ჩანჩქერი ბოლივარის შტატში კანაიმას ეროვნულ პარკში მდებარეობს. ჩანჩქერს აუიანტეპუის ბრტყელთხემიანი პლატოდან გადაშვებული მდინარე კარონის ერთ-ერთი შენაკადი წარმოშობს. ვარდნის სიმაღლე იმდენად დიდია, რომ წყლის უდიდესი ნაწილი მიწაზე დაცემამდე ორთქლდება და ნისლი შიშველ კანზე მრავალი კილომეტრის მოშორებითაც შეიძლება იგრძნოთ. ანხელი ვარდნის სიმაღლით ისედაც პლანეტის უდიდეს ჩანჩქერად ითვლება, მაგრამ მრავალი წყარო მის ნამდვილ სიმაღლედ 979 მეტრს ასახელებს, ვინაიდან ჩანჩქერის სიმაღლის გაზომვის ერთიანი კრიტერიუმი არ არსებობს, ყველანაირი გაზომვა მისაღებია. თუმცა, ძირითადად, შეუფერხებელ ვარდნის სიმაღლეს ზომავენ ხოლმე.
ჩანჩქერის სახელი ამერიკელი მფრინავის, ჯიმი ეინჯელის (Angel) პატივსაცემად ეწოდა. ის პირველი უცხოელი იყო, ვინც ჩანჩქერი იხილა. ეინჯელმა ჩანჩქერს 1933 წლის 16 ნოემბერს გადაუფრინა. 1937 წელს, მეორე სტუმრობისას მან თვითმფრინავი აუიანტეპუის მწვერვალზე დასვა, მაგრამ ვეღარ აფრინდა. ეინჯელსა და მის თანამგზავრებს, მათ შორის, მის მეუღლეს, მერის, უახლოეს ქალაქ კამარატამდე ფეხით მოუწიათ მისვლა. ამ თერთმეტდღიანმა მოგზაურობამ ეინჯელი ვენესუელაში ნამდვილ გმირად აქცია.
ჯიმი იმდენად შეყვარებული იყო ჩანჩქერზე, რომ 1956 წელს ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, მისი ფერფლი, ანდერძის თანახმად, ჩანჩქერის თავზე მიმოაპნიეს. ბოლო წლებში ვენესუელაში ჩანჩქერისთვის ნამდვილი სახელის დაბრუნების იდეა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აბორიგენი პემონის ხალხის ენაზე ანხელს „კერეპაკუაი მერუ“ ჰქვია, რაც, „უღრმესი ადგილის ჩანჩქერს“ ნიშნავს. თუმცა, რაც უნდა ერქვას, ერთი რამ ცხადია, ეს ჩანჩქერი ბუნების ერთ-ერთი უდიდესი საოცრებაა.
1994 წელს ანხელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ მიუვალ ადგილზე მდებარეობს, დღეს ვენესუელაში ყველაზე ხშირად სწორედ მას სტუმრობენ. ჩანჩქერის ნახვის გარდა, იქ ჩასულ ტურისტს მის ძირას გრილ წყალში ბანაობის სიამოვნებაც ელის.