ტრაგედია ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა
ტრაგედია ბათუმში – 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, დაახლოებით 12 საათზე 6 სართულიანი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები მოჰყვნენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 7-8 ადამიანია მოყოლილი. ადგილობრივი მცოვრების ინფორმაციით ერთ-ერთ ბინაში დედა, 2 ბავშვი და ოჯახის ახლობელები იმყოფებოდნენ.
ნანგრევებიდან ისმის ადამიანების ხმა, რომლებიც ითხოვენ შველას. მაშველები და უბრალო მოქალაქეები კი, ტერიტორიას ნარჩენებისგან ასუფთავებენ, რადგან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა შეძლონ. ერთ-ერთი მაშველი ნანგრევებს შორის მოყოლილ პირთან კონტაქტზე გავიდა. მაშველის კითხვაზე – „ესმოდა თუ არა მისი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.
ერთ-ერთი ვერსიით ნგრევა მუშების მიერ საყრდენი კედლების დაზიანებამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე, სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული. სოციალურ ქსელში ტრაგედიის ამსახველი სხვადასხვა ვიდეო გავრცელდა.