რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ეიფელის კოშკი: მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი შენობა

ეიფელის კოშკი მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი შენობა

პარიზში აღმართული ეიფელის კოშკი მსოფლიოს ერთ-ერთი უცნობილესი ნაგებობაა. მიუხედავად იმისა, რომ რკინის უბრალო კონსტრუქციაა, ქალაქს მაინც უნიკალურ ელეგანტურობას სძენს და XIX საუკუნიდან საფრანგეთის სიმბოლოდ მიიჩნევა.

ორმოც წელზე მეტხანს, სანამ ნიუ-იორკში „ქრაისლერ ბილდინგს“ ააშენებდნენ, ეიფელის კოშკი მსოფლიოს უმაღლესი შენობა იყო. ნაგებობის სიმაღლე 324 მეტრია და ტემპერატურის მატებასთან ერთად კიდევ დაახლოებით 18 სანტიმეტრით მაღლდება. კოშკი შამ-დე-მარსზე, პარიზის ძველ საწრთვნელ პოლიგონზე დგას. ის არქიტექტორმა გუსტავ ეიფელმა დააპროექტა, როგორც 1889 წლის „მსოფლიო გამოფენის“ დიდი შესასვლელი. ნაგებობის დაგეგმარებისას ეიფელმა პარიზული ძლიერი ქარიც გაითვალისწინა და კოშკის ოთხფერდა ფორმა მათემატიკური გათვლების შედეგად დააპროექტა.

მშენებლობა 1887-1989 წლებში მიმდინარეობდა და ზუსტად ორ წელიწადში, ორ თვესა და ხუთ დღეში დასრულდა. 100 მუშა კოშკის გისოსებიანი კონსტრუქციის 18038 დეტალის გამოშვებაზე მუშაობდა, ხოლო 121 მუშა 2, 5 მილიონი მოქლონის მეშვეობით ამ დეტალებს აწყობდა. ეიფელმა იმ დროისთვის მკაცრი უსაფრთხოების ნორმები დააწესა და ამის წყალობით მშენებლობისას მხოლოდ ერთი მუშა დაიღუპა. დასრულებულ კოშკს 40 ტონა საღებავი წაუსვეს, რომ დაჟანგვისგან დაეცვათ (ეიფელის კოშკს ყოველ შვიდ წელიწადში ხელახლა ღებავენ ხოლმე. შეღებვის პროცესი 18 თვეს გრძელდება). მიუხედავად სიდიდისა, კოშკი შედარებით მსუბუქია – 10000 ტონაა და ძლიერ ქარში მხოლოდ 5 სანტიმეტრით ირხევა.

მართალია, ეიფელის კოშკი დღეს პარიზის ხედის განუყრელი ნაწილია, მაგრამ თავიდან ბევრ ცნობილ პარიზელს არ მოსწონდა ის. ერთ-ერთი კრიტიკოსი, მწერალი გი დე მოპასანი ამბობდა, ყოველდღე ეიფელის კოშკის რესტორანში ვსადილობ, რადგან მხოლოდ აქედან ვერ ვხედავ ამ საშინელებასო. სხვებმა საჩივრის წერილები გამოაქვეყნეს გაზეთებსა და ჟურნალებში. თუმცა, თანდათან პარიზელები მიეჩვივნენ კოშკს; თანაც, საკომუნიკაციო ცენტრადაც იყენებდნენ (კოშკზე გადამცემ ანტენებს ამაგრებდნენ) და როცა მისი დაშლის დრო დადგა, ქალაქის ხელისუფლებამ დატოვება გადაწყვიტა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა და დღეს ეიფელის კოშკი ქალაქის განუყრელი ნაწილია. მას მილიარდობით ადამიანი ცნობს მთელ მსოფლიოში.

კოშკი ოფიციალურად 1889 წლის 6 მაისს გაიხსნა და მას შემდეგ 200-მა მილიონმა ადამიანმა მოინახულა. მნახველთა რიცხვი არ კლებულობს და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს შეადგენს. ეიფელის კოშკი არა მხოლოდ საფრანგეთის უპოპულარულესი ღირშესანიშნაობაა, არამედ მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი შენობაც.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *