დარია თუ ავდარია? ცხოველები და ამინდი…
(ცხოველები და ამინდი) – მოსალოდნელია წვიმა თუ: შინაური ფრინველი გამალებით იქექება მტვერში, ქათმები კაკანებენ, ყვავები გუნდ-გუნდად იყრიან თავს და ჩხავიან, მერცხლები ჭყივილით დაფრინავენ წყლის გარშემო, თხუნელები სოროებიდან გამოდიან, ფუტკრები სკას არ შორდებიან, იხვები წყალში ფრთების ტყლაშუნით ყვინთავენ, თევზი ანკესს არ ეკარება, კიბორჩხალა ნაპირზე ამოდის, ბუზი მწვავედ იკბინება, ძროხები სამხრეთისკენ იყურებიან, ჩლიქებს ილოკავენ და ბღავილით მიდიან ბოსლისკენ, საქონელი ცოტა წყალს სვამს, დღისით ძინავს, საღამოს ეძალება ბალახს, სახურავქვეშ მიიწევს, წველადობა იკლებს, ძაღლი განრთხულია, ბალახს წიწკნის, ნაკლებად ეტანება საჭმელს, ბევრი ძინავს, ცხვრები წვებიან და ბღავიან, კატა მაგიდის ფეხებს და კედელს ფხაჭნის, წვიმის ჭიები მიწიდან ამოდიან.
წვიმა ხანგრძლივი იქნება თუ: ქათმები მას თავს არ არიდებენ, თუ წვიმას სიმშრალეში ემალებიან – ხანმოკლე, თუ ბაბუაწვერა ან გვირილა გულდახურულია, გაწვიმდება.
ქარიშხალია მოსალოდნელი თუ: ბატები ყიყინით მივარდებიან საჭმელს, წყნარ ამინდში ობობას ქსელი ჰაერში ქანაობს, ცხვრები დახტიან და ერთმანეთს ერქინებიან, ძაღლები მიწას ფხოჭნიან, ვირი ყროყინებს, კატა იატაკს ფხაჭნის.
სიცივეა მოსალოდნელი თუ: ღორი თივას საღორეში მიათრევს, კატა თათებით სახეს იფარავს, ბატი ნისკარტს ფრთის ქვეშ მალავს და ფრთებს ხშირ-ხშირად აფათქუნებს.
ცივი ზამთარი იქნება თუ: ფუტკრები სკის ხვრელს ხელუხლებლად ტოვებენ, ქათამი ადრე შემოდგომაზე იცვლის ბუმბულს.
მზიანი, ნათელი დღე იქნება თუ: კოღოები და ქინქლები სვეტებად ფრენენ, მერცხლები ძალიან მაღლა ფრენენ, ბალახში ისმის კალიების ტკაცუნი, ღორი იქექება, კატა პირს იბანს, თათს ილოკავს, ზურგზე ძინავს.
ცხელი დღე იქნება თუ: ფუტკრები სკაზე სხედან, ბუზები დილით ბზუილით ფრენენ, მამლები თუ საღამოს ყივიან, ამინდი შეიცვლება.