რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო სხვა

შესაძლებელია თუ არა ვიპოვოთ სხვა არამიწიერი ცივილიზაცია? – ქართველი ასტროფიზიკოსის მოსაზრება

არამიწიერი ცივილიზაცია

შესაძლებელია თუ არა ვიპოვოთ ჩვენი მსგავსი არამიწიერი ცივილიზაცია? – ჩვენ, დედამიწაზე ფაქტიურად უხილავები ვართ. თუკი სადმე გალაქტიკაში, შორეულ პლანეტებზე არსებობენ სხვა არამიწიერი მოწინავე ცივილიზაციები და საკუთარი ტელესკოპებით აკვირდებიან დედამიწას, ამ პლანეტაზე ისინი ჩვენს არსებობას ვერც კი შენიშნავენ.

ჩვენს პლანეტაზე ძალიან მცირეა ისეთი მტკიცებულებები, რომლებზე დაკვირვებითაც უცხო ცივილიზაციები შეიძლება მიმხვდარიყვენ, რომ დედამიწა ადამიანებითაა დასახლებული; ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ცივილიზაციებს ექნებოდათ ასეთი დაკვირვებებისათვის საჭირო ტელესკოპები. თუმცა, შესაძლოა ეს მდგომარეობა შეიცვალოს SpaceX-ის ახალი პროექტის, Starlink-ის თანამგზავრების წყალობით.

დაახლოებით 800 წელიწადია საჭირო იმისათვის, რომ Starlink-ის თანამგზავრების საშუალებით ჩვენი პლანეტა შენიშნონ დედამიწაზე ფოკუსირებულმა რომელიმე არამიწიერი ცივილიზაციის ტელესკოპებმა.

ზაზა ოსმანოვი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკოსია. ახალი კვლევის ფარგლებში, ის ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიებით არამიწიერი ცივილიზაციების აღმოჩენის შანსებს აფასებს. მისი პუბლიკაცია გამოსაქვეყნებლად არის მიღებული, ჟურნალ Journal of the British Interplanetary Society-ში. კვლევის თეზისი შეგვიძლია შევაბრუნოთ და გამოვთქვათ ვარაუდი, თუ რამდენად შესაძლებელია ასეთივე ცივილიზაციებმა ჩვენი შემჩნევა შეძლონ. ოსმანოვის აზრით, Starlink-ი ჩვენი ცივილიზაციისთვის პირველი მეგაკონტრუქციაა, რომელიც სულ უფრო გვაახლოვებს საკუთარი, პირველი „ტექნოხელწერის“ წარმოქმნასთან.

ილონ მასკის კომპანია დედამიწის ორბიტაზე დიდი რაოდენობით თანამგზავრებს უშვებს. მისი მიზანია მთელი პლანეტის დაფარვა მაღალი სიჩქარის, გლობალური ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელით. SpaceX-ი ჯამში 12 000 თანამგზავრის გატანას გეგმავს, თუმცა, შესაძლოა მოგვიანებით ეს რიცხვი 40 000-მდეც გაიზარდოს.

აქამდე არავინ დაფიქრებულა, რომ Starlink-ის თანამგზავრების „მეგათანავარსკვლავედით“ დედამიწა დროთა განმავლობაში შეიძენს საკუთარ „ტექნოხელწერას“, რომელიც შორეული კოსმოსიდანაც იქნება შესამჩნევი.

დაახლოებით 1000 წელიწადში, ოსმანოვის ვარაუდით, შესაძლოა ჩვენი ცივილიზაცია ხილული გახდეს (VLT)-ს მსგავსი დიდი ტელესკოპებისთვის, რომლებიც ჩვენგან 260 სინათლის წლის მანძილზე იქნებიან დაშორებული. ასეთმა დიდმა ხელსაწყოებმა, ამ მანძილიდან, უნდა შეძლონ დაფიქსირება დედამიწის გარშემო ნებისმიერი მეგასტრუქტურის ინფრაწითელ დიაპაზონში. Starlink-ს კი დასჭირდება დაახლოებით 800 წელიწადი იმისათვის, რომ ასეთი ძებნის მცდელობისთვის ხილული გახდეს.

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალურია არამიწიერი სიცოცხლის და მასზე არსებული გონიერი ფორმების, ცივილიზაციების ძებნა. განხორციელებულია მრავალი კვლევა, ისმის სხვადასხვა ვარაუდები, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, არსობებს თუ არა სიცოცხლის სხვა რაიმე ფორმა დედამიწის მიღმა. ზოგიერთი მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, რომელიმე სხვა ცივილიზაციამ გვიპოვოს იქამდე, სანამ ჩვენ ვიპოვით რომელიმე ასეთს.

და მაინც, ალბათ კაცობრიობას დასჭირდება საკმაოდ დიდი დრო, ვიდრე ჩვენი პლანეტისთვის რაიმე სახის „ტექნოხელწერის“ კვალის დამჩნევას შევძლებთ.

ტეგები: ცივილიზაცია, საინტერესო, კოსმოსი, უცხოპლანეტელი, უცხოპლანეტელები, ასტროფიზიკა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *