დავიწყებული ისტორია – დავიწყებული ფაქტები
ყოველი წლის 23 აგვისტოს ევროპაში ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1939 წელს, ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რომლითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად” გაინაწილეს.
დოკუმენტს, რომელიც ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააფორმეს, თავდაუსხმელობის ხელშეკრულების სახე ჰქონდა, თუმცა მის საიდუმლო ოქმში, რომლის არსებობასაც მოსკოვი 1991 წლამდე უარყოფდა, ორმა ტოტალიტარულმა სახელმწიფომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები გაიყვეს.
დოკუმენტის გაფორმებიდან 1 კვირაში ჯერ გერმანია, შემდეგ კი საბჭოთა კავშირი პოლონეთს თავს დაესხნენ და ოქმის თანახმად, შუაზე გაიყვეს.
ამას მოჰყვა საბჭოთა კავშირის თავდასხმა ფინეთზე და ბალტიისპირეთის დამოუკიდებელი ქვეყნების უბრძოლველი ანექსია, რომელიც სტალინის რეჟიმმა საბჭოთა კავშირში ნებაყოფლობით შესვლად გამოაცხადა.
23 აგვისტო ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.