რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

იერონიმელების მონასტერი: ევროპული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში

იერონიმელების მონასტერი - პორტუგალია - (ვასკო და გამა)

პორტუგალიელი მოგზაური ვასო და გამა 1499 წელს სექტემბერში ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ გახდა პირველი მკვლევარი, რომელიც სუბკონტინენტიდან ევროპაში ზღვით დაბრუნდა, და ახალი, ძალიან მომგებიანი სავაჭრო გზა გახსნა. მისი წარმატების აღსანიშნავად მეფე მანუელ I-მა ახალი მონასტრის აგება ბრძანა. იმ ძველი საყდრის ადგილას, სადაც ვასკო და გამამ და მისმა ეკიპაჟმა ისტორიული მოგზაურობის დაწყებამდე მთელ ღამეს ილოცეს, გრანდიოზული შენობა (მონასტერი) აიგო, რომელიც XVI საუკუნის ევროპული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში და მარადიული სიმბლოა იმ სიმდიდრისა და ძალაუფლებისა, რომელიც აღმოჩენების ეპოქაში სასწორზე იდო.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მონასტერი პორტუგალიის დედაქალაქის ცენტრიდან 6 კილომეტრის დაშორებით, ბელენის რაიონში, ლისაბონის ნავსადგურის კარიბჭესთან მდებარეობს. მონასტრის თავდაპირველი პროექტი XV საუკუნის პორტუგალიის მთავარ არქიტექტორ დიოგუ დე ბოიტაკას ეკუთვნოდა. მანუელ I-მა მონასტრის მშენებლობის დასაფინანსებლად აღმოსავლეთიდან შემოტანილი სანელებლების გადასახადების ხუთი პროცენტი გამოყო. რადგან თანხა საკმარისად ჰქონდა, დე ბოიტაკამ ყველანაირად მოინდომა და თავისი კარიერის მანძილზე უმნიშვნელოვანესი შენობის ნახაზი შექმნა.

გვიანდელი გოთიკურ-პორტუგალიური, ანუ „მანუელინოს“ სტილის მონასტრის მშენებლობა 1502 წელს დაიწყო და მრავალ ეტაპად, თითქმის 50 წელს გაგრძელდა. 1517 წელს დე ბოიტაკა ესპანემა არქიტექტორმა, ხუან დე კასტილიომ შეცვალა, ხოლო ეს უკანასკნელი სხვა ორმა ჩაანაცვლა, თუმცა სანამ დე ბოიტაკა პროექტს ჩამოცილდებოდა, ეკლესიის, თავად მონასტრის, სამოსლის საცავისა და სატრაპეზოს დასრულება მოასწრო.

იერონიმელების მონასტერი, პორტუგალია - გოთიკური არქიტექტურა

შენობის ულამაზესი დეტალი თაღებია, რომლებიც 55 მ2 დიდებულ ეზოს ქმნიან. ნატიფად მოჩუქურთმებული ორი სართულის სიმაღლის თაღები მავრულ და აღმოსავლურთან ერთად საზღვაო მოტივებზეცაა გაწყობილი. შენობის ეს ნაწილი დე ბოიტაკამ დააპროექტა და შენებაც მანვე დაიწყო, დასრულებით კი დე კასტილიომ დაასრულა. დღეს ეს თაღები ორივე არქიტექტორის გენიალურობის თვალსაჩნო ნიმუშად მიიჩნევა. მთავარი, ანუ სამხრეთი შესასვლელიც ნამდვილი შედევრია. დე კასტილიოს მიერ დაპროექტებული ეს ბრწყინვალედ გამოქანდაკებული ორმაგი კარიბჭე 32 მეტრის სიმაღლისა და 12 მეტრის სიგანისაა.

ასევე შთამბეჭდავია მონასტრის ინტერიერიც, რომელსაც კამაროვანი ჭერები, უხვად მოჩუქურთმებული რვაკუთხა სვეტები და პორტუგალიის საუკეთესო მოქანდაკეების სკულპტურები ამშვენებს. ეკლესიაშია დაკრძალული ვასკო და გამა, პორტუგალიელი მონარქები და ცნობილი ლიტერატურული მოღვაწეები, მათ შორის, ლუიშ დი კამოიში, რომელმაც ვასკო და გამას აღმოჩენებს ეპიკური პოემა „ლუზიადებით“ შეასხა ხოტბა.

იერონიმელების მონასტერი - გოთიკა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა