რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

იგუასუ – მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქერების კომპლექსი

იგუასუ - მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქერების კომპლექსი

275 წყალვარდნილისაგან შემდგარი იგუასუ მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქერების კომპლექსია. ის მიდენად შთამბეჭდავია, რომ როგორც ამბობენ, მისი დანახვისას აშშ-ის პირველ ლედის, ელეონორ რუზველტს წამოუძახია: „საბრალო ნიაგარა!“

სინამდვილეში შედარებით მოკლე და არც ისე ფართო ნიაგარა გაცილებით მეტი მოცულობის წყალს ღვრის კიდიდან, ვიდრე იგუასუ (1746 მ3/წმ), მაგრამ იგუასუ წყლის ნაკადის სიმცირეს სილამაზით ინაზღაურებს. არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე, ორი ეროვნული ნაკრძალის შუაში მდებარე ჩანჩქერი მდინარე იგუასუზე 2.7 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი ზოგიერთი წყალვარდნილის სიმაღლე 82 მეტრია, რითაც მნიშვნელოვნად აღემატება 52-მეტრიან ნიაგარას. დინებას ჩანჩქერის კიდეში ამოწვერილი კუნძულები აფერხებს და ამით იგუასუს უგრძესი ჩანჩქერის წოდებას ართმევს, სამაგიეროდ, გარემოს თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას სძენს.

ზედა და ქვედა იგუასუს გამყოფი ჩანჩქერი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაბზარულმა მიწამ წარმოქმნა, თუმცა ადგილობრივი მითი სულ სხვა რამეს გვიყვება: ეჭვიანმა ღმერთმა საყვარელ ქალს მოკვდავ სატრფოსთან წაასწრო, როცა ისინი ნავით მიიპარებოდნენ. განრისხებულმა ღმერთმა მიწა გახლიჩა, გაქცეული წყვილის წინ ჩანჩქერი გაჩნდა და ნავი ჩანჩქერში გადავარდა.

იგუასუ - მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქერების კომპლექსი

275 წყალვარდნილისაგან ყველაზე ცნობილი ნალის ფორმის, 150 მ სიგანის „ეშმაკის ყელია“. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა სან-მარტინი, ბოსეტი და ბერნაბე მენდესი. ვინაიდან ყველა ქვედა იგუასუში ვარდება, ირგვლივ სულ ნისლის ღრუბელი ტრიალებს, მზიან ამინდში ცისარტყელა წარმოიშობა, ხოლო ახლომდებარე ტყეში ხის დაცვარული ფოთლები მწვანედ ხასხასებს.

რა გასაკვირია, რომ იგუასუს ჩანჩქერი ძალიან პოპულარულია (რამდენიმე ფილმშიც კია გადაღებული). მიმდებარე ჯუნგლებში სალაშქრო და სასეირნო ბილიკები გაყვანილია ტურისტებისთვის და იქიდან გასაოცარი ხედები იშლება. ეროვნულ ნაკრძალთან ერთად იგუასუს ჩანჩქერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული სუბტროპიკული ტყის მნიშვნელობისა და ჩანჩქერის არაჩვეულებრივი ბუნებრივი სილამაზის გამო.

იგუასუს ჩანჩქერი - საოცარი ბუნებრივი წარმონაქმნი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *