იცუკუშიმას ტაძარი: იაპონიის ეროვნული საგანძური
ერთი შეხედვით ზღვის ტალღებზე მცურავი იცუკუშიმას ტაძარი (厳島神社 (嚴島神社) იაპონიის კუნძულ მიაძიმას ხელუხლებელი ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. ის VI საუკუნეში იმპერატორი ქალის, სიუკოს მმართველობის დროს ააგეს, თუმცა, მას შემდეგ მრავალჯერ დაანგრიეს და აღადგინეს. XVII საუკუნიდან კი იაპონიის „სამი მთავარი პეიზაჟიდან“ ულამაზესად და უწმინდესად მიიჩნევა.
კუნძულს, რომელზეც ტაძარი მდებარეობს, ოფიციალურად იცუკუშიმა ჰქვია, თუმცა, ხალხი მიაძიმას, ანუ „ტაძრის კუნძულს“ უწოდებს. იცუკუშიმას ტაძარი შენობების კომპლექსია და საყოველთაო მოსაზრებით, იაპონური არქიტექტურის მწვერვალს წარმოადგენს. სინტოისტური ზღვის ღმერთის, სუსანოო-ნო- მიკოტოს სამი ქალიშვილის სახელობის კომპლექსი ზღვის პირას ხის ხიმინჯებზე დგას. მრავალი წლის განმავლობაში წმინდა მიწაზე ფეხის დადგმაც კი აკრძალული იყო და ტაძრამდე ზღვით მიდიოდნენ. მოგვიანებით კუნძულზე ხალხი დასახლდა, მაგრამ ავადმყოფებს იქ ცხოვრების უფლება მაინც არ ჰქონდათ; არც მშობიარობა და გარდაცვლილის დამარხვა შეიძლებოდა. კუნძულზე დღესაც არ არის სასაფლაო და საავადმყოფო.
სატაძრო კომპლექსის გამორჩეული ნაგებობდაა „ტორი“, დაახლოებით 16 მ სიმაღლისა და 22.3 მეტრის სიგანის კარიბჭე. მოქცევისას „ტორი“ ზრვიდან ამოზრდილსა ჰგავს და მის ქვეშ მიმავალ პილიგრიმებს აუწყებს, რომ წმინდა ტერიტორიაზე შედიან. ხიმინჯებზე პროპორციულად განლაგებული შენობები – ერთმანეთთან ბილიკებით დაკავშირებული სამლოცველო, ნოოს თეატრის სცენა და მთავარი დარბაზი – ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. „ტორის“ ჭიშკარი და მთავარი შენობები ალისფრადაა შეღებილი, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის ლურჯ ზღვასთან და ტაძრის უკან აღმართულ მწვანეკალთებიან მისენის მთასთან. ეს თვალსაჩინო ნიმუშია არქიტექტურული სილამაზის იაპონური აღქმისა: ბუნებისა და ადამიანური მახვილგონიერების აზრიანი ნაზავი.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული იცუკუშიმას ეს და სხვა ახლომდებარე ტაძრები უკვე მრავალი საუკუნეა, მნახველებს იზიდავს. პირველი ტაძარი აქ 593 წელს აშენდა, ხოლო დღევანდელი ფორმა 1168 წელს შეიძინა. სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფამ, ტაიფუნებმა და ღვარცოფებმა შენობები რამდენჯერმე დააზიანა და აღდგენა გახდა საჭირო. დღევანდელი კომპლექსი 1571 წლით თარიღდება, როცა ის ბოლოჯერ არადგინეს მე-12 საუკუნის გეგმის მიხედვით. იცუკუშიმას ტაძარი იაპონიის ეროვნულ საგანძურად ითვლება.