რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

კელნის საკათედრო ტაძარი: გოთიკური არქიტექტურის შედევრი

კელნის საკათედრო ტაძარი - გოთიკური არქიტექტურის შედევრი

უზარმაზარი, მაღალი გოთიკური შედევრი, კელნის საკათედრო ტაძარი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. ქრისტეს შობის შემსწრე სამი მოგვის წმინდა ნაწილების დასასვენებლად აგებული ტაძარი რომის კათოლიკური ეკლესიის ყველაზე დიდ საძვალედ იქცა. აქ დღემდე ინახება ამ მოგვების ძვლები და საკათედრო ტაძარი მთელი მსოფლიოს კათოლიკეთათვის უწმინდეს ადგილად მიიჩნევა.

საკათედრო ტაძრის ისტორია 1164 წელს იწყება, როცა კელნის არქიეპისკოპოს რაინალდ დასელელს გერმანიის მეფემ და საღვთო რომის იმპერატორმა, ფრიდრიხ ბარბაროსამ მოგვების რელიკვიები გადასცა. არქიეპისკოპოსი მიხვდა, რომ ეს წმინდა ნაწილების ბევრ პილიგრიმს მოიზიდავდა და რელიკვიებისთვის შესაფერისი, დიდი ტაძრის აგება განიზრახა. თუმცა, მის ოცნებას ასრულება არ ეწერა, სანამ 1248 წლის 30 აპრილს კელნის ძველი საკათედრო ტაძარი არ დაიწვა. 1248 წლის 15 აგვისტოს ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომლის ნახაზიც ძალიან ჰგავდა ამიენის საკათედრო ტაძარს. შენობას საძირკველი არქიეპისკოპოსმა კონრად ჰოხშტადელმა ჩაუყარა. ტაძრის შენება მხოლოდ 632 წლის შემდეგ დასრულდა.

თავდაპირველად აღმოსავლეთი მთა აშენდა და იკურთხა 1322 წელს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დასავლეთი ფასადის შენება დაიწყეს, მაგრამ 1473 წელს შეწყვიტეს. სამხრეთი კოშკი დაუსრულებელი დარჩა და მის გვერდით მდგარი მაღალი ამწე მომდევნო ოთხი საუკუნის განმავლობაში კელნის ხედის უცვლელ ნაწილად იქცა. XVI საუკუნეშ რამდენჯერმე სცადეს მშენებლობის გაგრძელება, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ XIX საუკუნეში შეუდგნენ საქმეს სრული მონდომებით. პროექტი საზოგადოებას გააცნეს და საკათედრო ტაძრის დასასრულებლად საჭირო თანხის ორი მესამედი სწორედ ხალხმა გაიღო შემოწირულობის სახით. პროტესტანტული სამეფო კარის ზომიერი პოლიტიკის წყალობით მშენებლობა 1842 წელს გაგრძელდა და 1880 წელს დასრულდა.

დასრულებული საკათედრო ტაძარი მისი პირველი და მომდევნო თაობების არქიტექტორების ხედვის დასტურია. ტაძრის ორი კოშკი ცამდეა ატყორცნილი, ფასადის ფართობი კი ყველა სხვა ეკლესიაზე მეტია. მაღალი ჭერი და დიდი ფერადი ვიტრაჟები ინტერიერს სიდიდისა და სიხალვათის შთამბეჭდავ იერს აძლევს. დიდი და მაღალი ნავი ჯერ კიდევ 1322 წელს დადგმული შავი მარმარილოს საკურთხევლამდე მიდის, რომლის მიღმა სამი მეფის აკლდამაა – რენესანსის ეპოქის მორთულ-მოკაზმული საძვალე, რომელშიც, როგორც ამბობენ, მოგვების ძვლები ასვენია.

მართალია, საკათედრო ტაძრის აშენებას გაცილებით დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე არქიეპისკოპოს რაინალდ ეგონა, მაგრამ ნამდვილად არ შემცდარა, როცა ვარაუდობდა, რომ ტაძარი მრავალ პილიგრიმს მიიზიდავდა. კელნის საკათედრო ტაძარს ყოველდღე 20000 პილიგრიმი, მორწმუნე და ტურისტი სტუმრობს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *