მონიკა ბელუჩი: “იტალიური სილამაზე“ და დიზაინერების მუზა
მას შეუძლია გადასაღებ მოედანზე შესვლისთანავე „დრო გააჩეროს“. ნებისმიერი ეროვნებისა და წარმომავლობის რეჟისორთან წარმატებულად ითანამშრომლოს. მონაწილეობა კონტროვერსულ სცენებში მიიღოს, ითამაშოს საკულტო როლები და ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი დარჩეს ბოტიჩელის ვენერასა და იტალიური ნეორიალიზმის დივას შორის არსებული მარადიული სილამაზის უნივერსალურ სიმბოლოდ. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იტალიელი დიზაინერების – დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მუზა დღეს ორი შვილის დედაა, მისი, როგორც მსახიობის, კარიერა თითქმის ისეთივე წარმატებული და ეკლექტურია, როგორიც წლების წინ იყო.
ასაკის მატება მონიკასათვის არა მწუხარებასთან, არამედ გამარჯვებასთან ასოცირდება.
„იტალიაში ქალის სექსუალურობა და სილამაზე ჰაერში იგრძნობა, სადაც სხეულს სიტყვების გარეშე შეუძლია მეტყველება. მაგალითად, საფრანგეთში ქალის სილამაზე განსხვავებულად აღიქმება, იქ ფემინურობა ენერგიულობასთანაა დაკავშირებული და არა ასაკთან. რათქმაუნდა არავის მოწონს ასაკის მატება, რადგან ეს არის ბრძოლა, რომელიც ზუსტად იცი, რომ უნდა წააგო… ერთადერთი, რაც წლების გასვლის შემდეგ გვმატებს სექსუალურობას, არის გამოცდილება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიღებთ. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ არარელევანტურია“.
რას ურჩევს მსახიობი 50 წელს გადაცილებულ ქალებს.
„დღეს ძალიან ბევრი პროცედურა არსებობს იმისათვის, რომ ქალებმა საკუთარ თავზე იზრუნონ და დაბერების პროცესი ოდნავ მაინც შეაფერხონ. პირადად მე, არავის არაფერს ვურჩევდი, რადგან ასაკის მატების პარალელურად მიმდინარე ტრანსფორმაცია ძალიან პირადულია ჩემთვის. ქალებმა უნდა აკეთონ ის, რასაც თავად მიიჩნევენ სწორად და არა ის, რასაც საზოგადოება მიიჩნევს“.
მოდის ინდუსტრიაში საქმიანობა მონიკას ინდივიდუალურობის აღმოჩენაში დაეხმარა.
„როგორც ყოველთვის ვამბობ, საკუთარი თავის გამოსახატად სხეული ძალიან მნიშვნელოვანია. მოდის ინდუსტრიაში მუშაობამ საშუალება მომცა საკუთარ თავთან კავშირი მეპოვა. როდესაც მსახიობი ხარ, თითქოს გარკვეულწილად მოცეკვავეც ხარ. ამ დროს ყველაფერს სხეულის ენით გამოხატავ, რადგან საკუთარი თავის ინსტრუმენტს თავად წარმოადგენ“.
„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მიზიდავდა ნახატები და საინტერესო სურათები, რადგან ხელოვნების ნიმუშები ემოციებს ყოველთვის საუკეთესოდ გამოხატავდა., კარგი წიგნის, ან საინტერესო სიუჟეტის მქონე ფილმის მსგავსად. მოდის ინდუსტრიაში მიღებული გამოცდილება სამსახიობო საქმიანობაში ძალიან დამეხმარა და ბევრი ახალი რამ მასწავლა. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ გადასაღებ მოედანზე მუშაობის დროს ყველაფერი დელიკატური, თუმცა ამავდროულად, ძალიან ლამაზი უნდა იყოს“.
დაინტერესებულია თუ არა მონიკა ბელუჩი განსხვავებული საქმიანობით.
„ნებისმიერ ინდუსტრიაში მუშაობა შეიძლება იყოს რთული, განსაკუთრებით – ქალებისთვის. ზოგჯერ გხვდება ადამიანი, რომელიც ძალიან ჭკვიანი და ინტელექტუალია, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მუშაობა არანორმალურ ადამიანებთან გიწევს. ექსპერიმენტების არასოდროს მეშინია, ყოველთვის ვცდილობ ჩემს საქმიანობას რაიმე ახალი შევძინო. არასდროს უარვყოფ საკუთარ წარსულს, თუმცა არც აწყმოთი გამოვხატავ კმაყოფილებას. მუდამ ვცდილობ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო. როდესაც ვირჩევ როლს და უკვე ზუსტად ვიცი, რომ კონკრეტულ ფილმში მონაწილეობა მე უნდა მივიღო, ამ დროს მუზა ვხდები და თავს მთლიანად რეჟისორს ვანდობ“.
მონიკა ბელუჩი – ინტერვიუ