რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

მყინვარი პერიტო-მორენო

მყინვარი პერიტო-მორენო (არგენტინა)

პერიტო-მორენო არგენტინის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. მას ფონს ანდების მთები უმშვენებს, ხოლო მზის სხივები ლურჯად ალაპლაპებს, მაგრამ ყველაზე საოცარი სანახავია, როგორ იხლიჩება მისი ენა ტბა არგენტინოს ცივ წყალთან შეხებისას.

პერიტო-მორენო სანტა-კრუსის პროვინციაში, მყინვარების ეროვნულ პარკში მდებარეობს. სამხრეთ პატაგონიის ყინულოვან ველზე (რომელიც ბოლო გამყინვარების ეპოქაში დაახლოებით 10 000 წლის წინ მთელ სამხრეთ ჩლეს ფარავდა) შემორჩენილი 48 მყინვარიდან პერიტო-მორენო სულაც არაა ყველაზე დიდი, მაგრამ ყველაზე მომხიბვლელია და ეროვნული პარკის სტუმრები სწორედ მის დასათვალიერებლად მიიჩქარიან.

30 კილომეტრის სიგრძის მყინვარის ფართობი 250 კვადრატული კილომეტრია. მისი ენის სიგანე 5 კილომეტრია, ხოლო საშუალო სიმაღლე ტბა არგენტინოს დონიდან 74 მეტრია. პერიტო-მორენო მყინვარების ეროვნული პარკის იმ რამდენიმე მყინვართაგან ერთ-ერთია, რომელიც უკან კი არ იხევს, პირიქით, წინ მიიწევს. სწორედ ამ დროს ხდება მისი ენის გახლეჩა.

დროდადრო (ხან ყოველ წელს, ხანაც ყოველ ათ წელს) მყინვარი ტბამდე მიდის და ბუნებრივ კაშხალს წარმოქმნის, რომელიც წყლის დინებას აფერხებს. დბის კიდესთან წყლის დონე ზევით იწევს, წნევაც მატულობს და გასავლის ძიებაში წყალი მყინვარის საფარქვეშ ჟონავს და ნიადაგს ხვდება.

რამდენიმე დღეში წარმოიქმნება გვირაბი, რომელიც ყინულის კედელს ასუსტებს. კედელს წყლის მასა აწვება და თანდათან ტყდება. მყინვარი გამაყრუებელი გრუხუნით იხლიჩება; ამ თვალწარმტაც სანახაობას 20 000 ტურისტი ადევნებს თვალს. ბევრი მათგანი სწორედ ამ ფენომენის სანახავად სტუმრობს მყინვარების ეროვნულ პარკს.

გარდა იმისა, რომ იხლიჩება, პერიტო-მორენო სხვა დრამატულ სანახაობებსაც სთავაზობს დამთვალიერებლებს; უფრო ხშირად მის ენას ყინულის დიდი ნაჭრები მოსტყდება და წყალშ ვარდება ხოლმე. ამ ლამაზი სანახაობების და მომაჯადოებელი ლანდშაფტის გამო მყინვარების ეროვნული პარკი არგენტინის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილად ითვლება და ყოველწლიურად მრავალ ათას მოგზაურსა და დამთვალიერებელს იზიდავს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა