რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

სიორენ კირკეგორი: ადამიანი არასდროს უნდა დაქორწინდეს…

სიორენ კირკეგორი: ადამიანი არასდროს უნდა დაქორწინდეს... (ქორწინება)

ადამიანი არასდროს უნდა დაქორწინდეს. დაქორწინებული წყვილები ერთმანეთს სამარადისო სიყვარულს ჰპირდებიან. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, მართლაც, კარგია, მაგრამ რეალურად ბევრს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან ოდესმე, როცა მათ სიყვარულს ყავლი გაუვა, პარალელურად მარადისობაც შეწყვეტს არსებობას. ამიტომ, თუ მხარეები „სამუდამოს“ ნაცვლად იტყოდნენ – „აღდგომამდე“, ან „მაისობამდე“, მაშინ მათი სიტყვები აზრის შემცველი მაინც იქნებოდა, რადგანაც ამ დრომდე ერთმანეთის სიყვარულს, ალბათ, უთუოდ შეინარჩუნებდნენ. ჩვეულებრივ, როგორ მიმდინარეობს ქორწინება? გარკვეული ხნის შემდეგ ერთი მხარე ამჩნევს, რომ რაღაც ვერ არის რიგზე: შემდეგ მეორე მხარე იწყებს ჩივილს და წამოიყვირებს – „ღალატი, ღალატი!“ კიდევ რამდენიმე ხნის მერე კი პირველი მხარეც ამავე აზრზე დგება და ამით გარკვეული წონასწორობა და ნეიტრალიტეტი მყარდება, რაშიც ორმხრივი ღალატით მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კმაყოფილდებიან. თან, გარდა ამისა, ორივესთვის გასაგებია, რომ რაიმის შესაცვლელად ახლა უკვე ზედმეტად გვიანია, რადგანაც განქორწინება დიდ სირთულეებთან ასოცირდება.

მოკლედ, ასეთია ქორწინება. გასაკვირი სულაც არ არის, რომ მის განმტკიცებას ამგვარი მორალური მხარდაჭერა ესაჭიროება. როცა ქმარს ცოლთან გაყრა სურს, ხალხი ამბობს: „ის საძაგელია, ნაძირალაა“ ა.შ. როგორ სულელურად და ირიბად უთხრის ძირს ქორწინებას! საბოლოოდ, ქორწინებას ან, მართლაც, გააჩნია ღირებულება, რა შემთხვევაშიც ამ უკანასკნელის დაკარგვით ადამიანი თავად ისჯება, ანდა ის ყოველგვარ ღირებულებასაა მოკლებული, რა დროსაც მისი გაკიცხვა აბსურდია, ვინაიდან ის სხვებზე ბრძენი გამოდგება. თუ ადამიანი მოიწყენს და ფულს ფანჯრიდან მოისვრის, არავინ იტყვის, თუ რაოდენ ნაძირალაა ის, რადგანაც ფულს ან ღირებულება აქვს და მაშინ ის მისი დაკარგვით თავს ისჯის, ან არა აქვს და, მაშასადამე, ის მართლა გამჭრიახია.

ადამიანს ყოველთვის უნდა ეშინოდეს ისეთ ცხოვრებისეულ ურთიერთობაში ჩაბმა, რომელშიც შეიძლება რამდენადმე გაიყოს. სწორედ ამ მიზეზითაა მეგობრობა სახიფათოდ მიჩნეული, მასზე უფრო საზარლად კი – ქორწინება. ნათქვამია, დაქორწინებული წყვილი ერთიანი ხდება, მაგრამ ეს გამოთქმა საკმაოდ ბნელი და იდუმალებით მოცულია. თუ შენ ერთ პიროვნებაზე მეტი ხდები, თავისუფლებას კარგავ; შენს სამოგზაურო ჩექმებსაც კი ვერ უბრძანებ, რომ იქ წახვიდე, სადაც გინდა – იბოდიალო მიზანსწრაფვის გარეშე. თუ ცოლი გყავს, ყველაფერი ძალიან რთულად არის; თუ ცოლიც გყავს და შეიძლება შვილიც გეყოლოს, საქმე უმძიმესადაა; თუ ცოლი გყავს და შვილებიც, ცხოვრება, უბრალოდ, შეუძლებელია. მართალია, ჩვენ გვაქვს მაგალითი იმ ბოშა ქალისა, რომელიც თავის ქმარს მთელი ცხოვრება ზურგით მიათრევდა, მაგრამ ეს, ჯერ ერთი, იშვიათობაა და, მეორეც, ძალიან დამღლელი იქნებოდა – დიახ, სწორედ ქმრისთვის. ამასთან, ქორწინებით ადამიანი ზნე-ჩვეულებებთან საბედისწერო მწკრივში დგება და, როგორც ნიავი და ამინდი, ძალზე რთულია, ისინი ჩიხში მოამწყვდიო. გაგებული მაქვს, რომ იაპონიაში, ქვეყნის წეს-ჩვეულებათა შესაბამისად, მშობიარობას ქმრებიც ესწრებიან. ნეტავ, როდის მოვა ის დრო, როცა ევროპა უცხო ქვეყნის ტრადიციებს აითვისებს?

© სიორენ კირკეგორი – ან/ან: ნაწყვეტი ცხოვრებიდან

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *