რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო საინტერესო

ალჰამბრა: „ზურმუხტებში ჩასმული მარგალიტი“

ალჰამბრა

ესპანეთში, ალ-ანდალუზიაში მავრ ამირათა მმართველობის ხანაში აგებული ალჰამბრას კომპლექსი ერთმანეთში უხვად შერწყმული და ორნამენტული დეტალებით ხიბლავს მნახველს. მისი ექსტერიერი ერთი შეხედვით უბრალოდა და მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი ისლამური არქიტექტურის ნიმუშია, თავისებურად გამორჩეულია სახალიფოს ამ ესპანური ავანპოსტისთვის.

ალჰამბრა ესპანური ქალაქის, გრანადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასაბიკას ბორცვის თხემზე მდებარეობს. მავრულ პოეზიაში ალჰამბრას „ზურმუხტებში ჩასმულ მარგალიტს“ ადარებდნენ, რადგან ბორცვი ტყის შუაგულში მდებარეობდა, ხოლო შენობები თავდაპირველად თეთრად იყო შეღებილი. თუმცა, სიტყვა „ალჰამბრა“ „წითელს“ ნიშნავს და კომპლექსა ასე რეგიონისთვის დამახასიათებელი წითელი თიხის გამო ეწოდა, რომლისგანაც შენობის ასაშენებლად საჭირო აგურები დამზადდა.

ალჰამბრა - მავრების საბრძანებელი

პირველად ალკასაბა აშენდა, IX საუკუნის პირქუში ციხესიმაგრე, რომელიც პლატოს კიდეში დგას. ციხესიმაგრისგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი, მაგრამ სწორედ ამ ნანგრევებს მიღმა იმალება ალჰამბრას ნამდვილი საოცრებები: ესპანეთის უკანასკნელი მავრი მმართველების სასახლეები და წალკოტები. პირველი მავრი მმართველი, რომელიც XIII საუკუნეში აქ დასახლდა, მუჰამედ I იყო და, სანამ რეგიონს კათოლიკე მონარქები, მეფე ფერდინანდ II არაგონელი და დეოფალი ისაბელა I კასტილიელი დაიპყრობდნენ, მუჰამედის შთამომავლები ახალ-ახალ შენობებს ამატებდნენ ალჰამბრას კომპლექსს და შუქისა და წყლის მეშვეობით დედამიწაზე სამოთხის შექმნას ცდილომდნენ.

ალჰამბრას დაგეგმარება არ მომხდარა. შენობებს (ზოგიერთი ნაგებობა, მაგალითად, წმ. მარიამის სახელობის ეკლესია, მავრების მმართველობის შემდეგ აშენდა) უწესრიგოდ აგებდნენ და ერთმანეთთან დერეფნებითა და ეზოებით აკავშირებდნენ. დიდი კარიბჭიდან თაღოვანი შესასვლელი „ლომთა სასახლისკენ“ მიიწევს, რომლის ეზო თეთრი მარმარილოთია მოკირწყლული, ხოლო კედლები ლურჯად, ყვითლად და ოქროსფრად მომინანქრებული და მოპირკეთებული.

ალჰამბრა - თეთრი მარმარილოს ლომები

ირგვლივ ყველგან ფილიგრანული ნაკეთობები ჭარბობს, ხოლო ცენტრში თეთრი მარმარილოს ლომთა შადრევანი დგას. ალჰამბრა შედგება ლამაზად მოჩუქურთმებული ჰარამ ხანებისგან, სადაც ოდესღაც ამირას (მეფის) ცოლები და მხევლები ცხოვრობდნენ, დიდი სააუდენციო დარბაზებისგან, ადმინისტრაციული შენობებისა და წალკოტებისგან, რომლებიც სავსე იყო ფორთოხლის ხეებით, მირტებითა და კარგად მოვლილი ვარდის ბუჩქებით. ნაკადულებისა და შადრევნების ჩუხჩუხი ალბათ სმენას უამებდა ამირას და თან ჰაერსაც წმენდდა, ხოლო დღის შუქი და ჩრდილები ორნამენტულ ეფექტს ქმნიდა.

სამწუხაროდ, მავრების განდევნის შემდეგ ალჰამბრა ჯერ მიივიწყეს, შემდეგ კი დაუკვირვებლად გადააკეთეს. დღეს ალჰამბრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძაგლთა სიაშია და ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება.

ალჰამბრა - ეზო
ალჰამბრა - ეპანეთი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *