რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

ჯაშუშთა დოსიეები: ცნობილი ჯაშუშები და მათი მოკლე ბიოგრაფია

ჯაშუშთა დოსიეები ცნობილი ჯაშუშები და მათი მოკლე ბიოგრაფია

ბევრი დიდი ჯაშუშის სახელი ისტორიაში ჩაიკარგა, სხვებზე მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია არსებობს, ზოგ შემთხვევაში კი უმთავრეს ფაქტებს დღემდე საიდუმლოდ ინახავენ. თუმცა, გამოქვეყნებითაც საკმაოდ დიდი ინფორმაცია გამოქვეყნდა. გთავაზობთ მსოფლიო მასშტაბის 20 მნიშვნელოვანი ჯაშუშისა და ჯაშუშთა ქსელის მეთაურების მოკლე ბიოგრაფიებს.


(ჯაშუშები) ჩანდრაგუპტა მაურია (დაახლ. ძვ.წ. 340-290) ინდოელი – ინდოეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გადაჭიმული მაურიების იმპერიის დამაარსებელი. მთავარ მინისტრ ჩანაკიასთან ერთად, იმპერიის მშენებლობისა და გაფართოებისათვის იყენებდა ჯაშუშობასა და პოლიტიკურ მკვლელობებს.

შარლოტ ბონ სამბლანსე (1761-1840) ფრანგი – ფრანგი არისტოკრატი, ეკატერინე მედიჩის ჯაშუში საფრანგეთის მეფის კარზე. ეკატერინეს ლამაზი ჯაშუში ქალებისაგან შედგენილი „მფრინავი ესკადრონიის“ წევრი. საიდუმლო ცნობების მოსაპოვებლად უახლოვდებოდა და აცდუნებდა გავლენიან დიდებულებს.

უილიამ უიკჰემი (1761-1840) ინგლისელი – ბრიტანელი პოლიტიკოსი. 1795 წელს შვეიცარიაში ელჩად დაინიშნა და იმ დროიდან მოყოლებული, საფრანგეთის რევოლუციის დროს (1798-1799), რევოლუციონერთა დისკრედიტაციისა და საფრანგეთის მონარქიის არდგენის მიზნით, ჯაშუშური ორგანიზაციები დააარსა საფრანგეთსა და შვეიცარიაში.

სარა ედმონსი (1841-18980 კანადელი – ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ედმონსს სურდა ჩრდილოელთა მხარეს ებრძოლა. ამიტომ, მამაკაცად გადაცმული, მათი არმიის რიგებში შევიდა. მოგვიანებით, ხან შავკანიან მონა მამაკაცად ასაღებდა თავს, ხან კი – ირლანდიელ მრეცხავ ქალად და სამხრეთელთა წინააღმდეგ ჯაშუშობდა.

ჩანდრაგუპტა მაურია

სარა ედმონსი

ეტიენ ბაზერი (1846-1931) ფრანგი – ჯარისკაცად იბრძოდა ევროპასა და ალჟირში. შექმნა 20-30 დისკოსაგან შემდგარი ციფრული ცილინდრი, რომელიც მოგვიანებით აშშ-ის არმიის M-94 ინსტრუმენტად იქცა. 1890-იან წლებში ამოხსნა საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოყენებული შიფრების რიგი და მთავრობას მასთან თანამშრომლობა შესთავაზა. 1899 წელს მუშაობას თავი დაანება, მაგრამ I მსოფლიო ომის დროს კვლავ მუშაობდა შიფრებზე.

სიდნი რეილი (1873-1925) – ითვლება, რომ ნამდვილი სახელი გეორგი როზენბლუმია. დაიბადა ოდესაში (დღევანდელ უკრაინაში). მეტსახელი – „ჯაშუშთა ასი“. ჯაშუშობდა რუსეთ-იაპონიის ომში და სპარსეთის (ირანის) ნავთობის საბადოებზე. ინგლისის დაზვერვამ I მსოფლიო ომის დროს გერმანიაში შეგზავნა ინფორმაციის შესაგროვებლად. რეილი მომხიბლავი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ სიცრუის ოსტატი თვითონვე მოატყუეს და 1920-იანი წლებში რუსეთში დააბრუნეს ვითომ ბოლშევიკური მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, სინამდვილეში კი მახეში გააბეს, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ორესტე პინტო (1889-1961) ჰოლანდიელი – კონტრდაზვერვის ბრწყინვალე ოფიცერი. აშშ-ის პრეზიდენტმა, რუაიტ ეიზენჰაუერმა, „უშიშროების უდიდესი ცოცხალი ავტორიტეტი“ უწოდა. II მსოფლიო ომის დროს MI5-ში მუშაობდა ქვეყნის უსაფრთხოების საშიშროების აღმოსაფხვრელად. საიდუმლო ინფორმაციისა და ბრიტანეტში ჩასულთა დაკითხვის მეშვეობით, აპატიმრებდა მტრის ჯაშუშებსა და ინფორმატორებს.

სარა აარონსონი (1890-1917) პალესტინელი – დაიბადა პალესტინაში. I მსოფლიო ომის დროს ოსმალების მიერ ატეხილი ხოცვა-ჟლეტით აღშფოთებულ ებრაელთა ჯაშუშური ორგანიზაციის, „ნილის“ წევრი გახდა. მოგზაურობდა ოსმალეთის იმპერიაში, საიდუმლოდ აგროვებდა ინფორმაციას და ეგვიპტეში განლაგებულ ბრიტანელთა ბაზას გადასცემდა. ოსმალებს ხელში ჩაუვარდათ მისი საფოსტო მტრედი, რის შემდეგაც დააპატიმრეს და ოთხი დღე აწამეს, მაგრამ არანაირი საიდუმლო არ გათქვა და თავი მოიკლა.

უილიამ ფრიდმენი (1891-1969) ამერიკელი – დაიბადა დღევანდელ მოლდოვაში. ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც შიფრებით დაინტერესდა და I მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტში მუშაობდა. იყო იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც მთელი რიგი იაპონური შიფრები ამოხსნა, მათ შორის – განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე „იისფერი შიფრი“. 1952 წელს გახდა ეროვნული უშიშროების სააგენტოს მთავარი კრიპტოლოგი.

პრინცესა სტეფანი ფონ ჰოჰენლოე (1891-1972) გერმანელი – გერმანელი არისტოკრატი. დაიბადა ავსტრიაში. 1930-იან წლებში ცხოვრობდა ლონდონში. მიუხედავად ებრაელობისა, იცნობდა ჰიტლერს, ემსახურებოდა გერმანიის დაზვერვას და აწვდიდა ევროპის ბიზნესსა და პოლიტიკურ წრეებში მოქმედი მნიშვნელოვანი ფიგურებისაგან გაგებულ საიდუმლო ცნობებს.

სიდნი კოტონი (1894-1969) ავსტრალიელი – ავსტრალიელი გამომგონებელი, ბიზნესმენი და მფრინავი. I მსოფლიო ომის დროს მსახურობდა RNAS-ში (სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის საჰაერო ძალა). იყო საჰაერო ჯაშუშობის პიონერი. 1930-იან წლებში სამუშაოდ მიიწვია საფრანგეთის დაზვერვამ და MI5-მა. მათი დავალებით მრავალჯერ გაფრინდა იტალიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და გერმანიაში. II მსოფლიო ომის დროს იყო ბრიტანეთის საჰაერო სადაზვერვო ესკადრონის მეთაური. ჯაშუშობდა, გადაჰქონდა იარაღი და ატარებდა დივერსანტულ ოპერაციებს.

ალფრედ ფრენზელი (1899-1968) ჩეხოსლოვაკიელი – ჯაშუშური სახელი – „ანა“. იყო დასავლეთ გერმანიის პარლამენტის წევრი. ჩეხი ჯაშუშები შანტაჟით დაემუქრნენ, რადგან ოდესღაც ჩეხეთის კომუნისტური პარტიის წევრად ითვლებოდა. ჩეხ პატრიოტებს დასავლეთ გერმანიის მთავრობის ბევრი საბუთი გადასცა. 1960 წელს დააპატიმრეს, მაგრამ 1966 წელს სხვა ჯაშუშში გაცვალეს და გერმანიიდან გამგზავრების უფლება მისცეს.

მო ბერგი (1902-1972) ამერიკელი – უმაღლესი ლიგის ცნობილი ბეისბოლისტი. ჯაშუშობა იმით დაიწყო, რომ 1934 წელს ტოკიოს პორტსა და ქუჩებში პიჯაკში დამალული კინოკამერით დადიოდა და იღებდა. 1943 წელს ამერიკის სტრატეგიულ სამსახურში დაიწყო მუშაობა. წინააღმდეგობის ძალებთა მდგომარეობის შესამოწმებლად პარაშუტით ჩაუშვეს იუგოსლავიაში. ინფორმაციას აგროვებდა ნორვეგიაში განლაგებულ გერმანიის ატომურ ბაზებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ატომური ბომბის დამზადებაზე მომუშავე გერმანელებზე.

ნენსი უეიკი (1912-) ახალზელანდიელი – II მსოფლიო ომის დასაწყისში ცხოვრობდა საფრანგეთის ქალაქ მარსელში. დაიწყო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის კურიერად მუშაობა. მონაწილეობდა ჯაშუშთა დიდი ქსელის შექმნაში. ექვსჯერ გადავიდა საფრანგეთიდან ესპანეთში. გერმანელები ცდილობდნენ დაეჭირათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. დიდი წარმატების გამო, ომის შემდეგ ხუთი ქვეყნის მედლებით დაჯილდოვდა (საფრანგეთის, ბრიტანეთის, აშშ-ის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის).

მო ბერგი

ნენსი უეიკი

დუშან პოპოვი (1912-1981) იუგოსლავიელი – ჯაშუშური სახელი – „ველოსიპედი“. II მსოფლიო ომის დროს – ნიჭიერი ორმაგი აგენტი. მუშაობდა გერმანელებისათვის, ხოლო სინამდვილეში ძვირფასი ინფორმაციით ამარაგებდა ანტანტელებს. მონაწილეობდა გეგმაში, რომლის თანახმადაც გერმანელები დაარწმუნეს, რომ II ფრონტი არა ნორმანდიაში, არამედ სხვა ადგილას უნდა გახსნილიყო.

მოშე მარზუკი (1926-1955) ეგვიპტელი – ეგვიპტელი ებრაელი. 1950-იანი წლების დასაწყისში გახდა ისრაელის ჯაშუში. იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელიც 1954 წელს ეგვიპტეს ბომბავდა, მაგრამ დააპატიმრეს და 1955 წელს სიკვდილით დასაჯეს.

რიშარდ ჯერჟი კუკლინსკი (1930-2004) პოლონელი – პოლონეთის არმიის გენერალი. თავისი სამსახური შესთავაზა აშშ-ის ცსს-ს. მომდევნო ათწლეულში 30 000-ზე მეტი გვერდი საიდუმლო საბუთი გადასცა აშშ-ს, მათ შორის – რაკეტსაწინააღმდეგო ბაზების განლაგება პოლონეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში და ის, თუ როგორ მალავდნენ საბჭოელები თავიანთ საიდუმლო ობიექტებს მზვერავი თვითმფრინავებისა და სატელიტების თვალთახედვისაგან. 1981 წელს ამერიკელებმა პოლონეთიდან გაიყვანეს.

რობერტ ჰანსენი (1944-) ამერიკელი – 1976 წელს სამსახური დაიწყო გამოძიების ფედერალურ ბიუროში. პარალელურად დაუკავშირდა საბჭოთა კავშირის სამხედრო დაზვერვის სამსახურს და თანამშრომლობა შესთავაზა. შემდეგ ჯაშუშობას თავი დაანება, მაგრამ 1985 წელს სუკს მიმართა და დაპატიმრებამდე, ანუ 2001 წლამდე 1,7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო ათასობით საიდუმო მასალის, მათ შორის – აშშ-ის აგენტთა ვინაობის გადაცემისათვის. სამუდამო პატიმრობას იხდის აშშ-ში.

რიშარდ ჯერჟი კუკლინსკი

რობერტ ჰანსენი

ოდილ ჰარინგტონი (1961-) სამხრეთაფრიკელი – მუშაობა დაიწყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დაზვერვის სამსახურში. 1986 წელს გაგზავნეს ზიმბაბვეში, რათა აფრიკის ეროვნულ კონგრესში შეეღწია. ანტი-აპარტეიდული მოძრაობის აქტივისტად ასაღებდა თავს, მაგრამ ზიმბაბვეს დაზვერვის სამსახურმა მისი ერთ-ერთი წერილი გახსნა, რის შემდეგაც 1990 წელს დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

ალექსანდრე ლიტვინენკო (1962-2006) რუსი – 1986 წელს სუკ-ში დაიწყო მუშაობა და კონტრ-ტერორიზმისა და კონტრდაზვერვის სპეციალისტი გახდა. 1998 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, საკუთარ ხელმძღვანელებს ბრალი დასდო იმაში, რომ მკვლელობების ჩადენას უბრძანებდნენ. 2000 წელს ლონდონში რუსეთიდან ლონდონში გაიქცა, სადაც შემდგომი განცხადებები გააკეთა. მოწამლეს რადიაქტიური ნივთიერებით – პოლონიუმ-210-ით. (ჯაშუშები)

ტეგები: საინტერესო, ჯაშუში, ჯაშუშები, შპიონი, შპიონები, ქსელი, დაზვერვა, აგენტურა, აგენტები, აგენტი, ჯაშუშები, შპიონაჟი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *