რომის ფორუმი: ძლევამოსილი იმპერიის ეპიცენტრი

რომის იმპერია მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი იყო და ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებს მოიცავდა. მისი გავლენა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა და თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია სწორედ მის ნანგრევებზეა აგებული. ამ ძლევამოსილი იმპერიის შაგული იყო ქალაქი რომი, ხოლო რომის შუაგული – ფორუმი – რელიგიური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ცენტრი.
თავიდან კაპიტოლიუმისა და პალატიუმის ბორცვებს შორის ჭაობი იყო, რომელიც საკანალიზაციო მილით ამოაშრეს. ეს საკანალიზაციო სისტემა 3000 წლის წინ ააშენეს, მაგრამ დრემდე მუშაობს. მალე ქალაქის მოედანი ძველბერძნული მოდელის მიხედვით ხალხმრავალ ბაზრად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად იქცა. თანდათან მნიშვნელოვანი შენობებიც შეემატა: ვესტას ტაძარი, სადაც ვესტას ქალწული ქურუმები ცხოვრობდნენ და სამეფო სასახლე, ანუ გერია. ორივე შენობა რომის მეორე მეფის, ნუმა პომპილიუსის (ძვ.წ. 753-673 წწ) მმართველობის წლებში აშენდა.
რომში მონარქიის დამხობისა (ძვ.წ. 509 წელს) და რესპუბლიკური მმართველობის დამყარების შემდეგ ფორუმი გაფართოვდა და უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მოედანზე კერძო სახლები დაანგრიეს, ტერიტორია ქვით მოკირწყლეს და კასტორის, პოლუქსის (სადაც სენატი იკრიბებოდა), სატურნისა და კონკორდიას ტაძრები ააგეს.
რაც უფრო ძლიერდებოდა რომის იმპერია, მით უფრო მეტი შენობა ემატებოდა ფორუმს. ძვ.წ. 54 წლიდან იულიუს კეისარმა მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთის გაფართოება დაიწყო სახელმწიფო საქმეებისთვის ახალი შენობების ასაგებად; ძველი კურია ახლით ჩაანაცვლა და თავის სახელობის ტაძარი აიშენა. მოგვიანებით ფორუმს ტრიუმფალური თაღები დაემატა, მათ შორის, სეპტიმუს სევერუსის თაღი, რომელიც 203 წელს იულიუს კეისრის პართიელებზე გამარჯვების უკვდავსაყოფად აშენდა.
V საუკუნეში რომის იმპერია დაეცა და ქალაქმა ძლევამოსილება დაკარგა. ფორუმი მიივიწყეს. ადიდებულმა მდინარე ტიბრმა შლამით დაფარა მისი ქვაფენილები, კლასიკური ნაგებობები დაშალეს და ლოდებად გაზიდეს. შუა საუკუნეებში იქ ნახირს აძოვებდნენ. თუმცა, რომაული ეპოქისადმი თანდათან გაიზარდა აკადემიური წრეების დაინტერესება და XIX საუკუნეში არქეოლოგებმა ფორუმის ტერიტორიაზე გათხრები დაიწყეს. პროცესი XX საუკუნის დასაწყისში დასრულდა.
ამჟამად ფორუმი რომის ერთ-ერთი უპოპულარულესი ღირშესანიშნაობაა (როგორც, მაგალითად კოლიზეუმი) და მართალია, მისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი, მაგრამ მათ შორის სეირნობისას მაინც ადვილი წარმოსადგენია დიდების ზენიტში მყოფი იმპერიის დედაქალაქის მასშტაბები და ბრწყინვალება.