„გოლიათების ხიდი“ – თვალისმომჭრელი ბუნებრივი წარმონაქმნი
ზოგიერთი ბუნებრივი ლანდშაფტის ცქერისას გიჭირს დაიჯერო, რომ ხელოვნურ პეიზაჟს არ უყურებ. მსგავსი ფენომენალური შემთხვევაა „გოლიათების ხიდი“. 40000 სიმეტრიული, ძირითადათ ექვსკუთხა ბაზალტის სვეტი იდეალურათაა ერთმანეთში გადახლართული ჩრდილოეთ ირლანდიის ქვიან, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს თვალისმომჭერლი სანახაობა გაოცებს და გაფიქრებინებს, რომ „ხიდი“ ზებუნებრივი არსებების მიერ მითიური მიზნებით იქნა გაყვანილი. რა გასაკვირია, რომ „გოლიათების ხიდი“ არაერთ ლეგენდაშია ნახსენები.
სინამდვილეში, ანტრიმის საგრაფოში, ქალაქ ბუშმილსიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარე „გოლიათების ხიდი“ ბუნებრივი მოვლენების შედეგად წარმოიქმნა. დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ მიწიდან გამდნარი ბაზალტის ლავამ ამოხეთქა და რეგიონისთვის დამახასიათებელი ცარცის შრეზე დაილექა. წყალთან შეხებისას ლავა მყისიერად გაცივდა, თანდათან გაქვავდა და დაიბზარა. წარმოიქმნა 12 მ სიმაღლის, ექვსკუთხა „ქცის საბიჯეები“, რომლებიც ადგილობრივი კლდეების ძირიდან ატლანტის ოკეანისკენ მიიწევს. მართალია, „გოლიათების ხიდი“ ამ ფენომენის ყველაზე ლამაზი და ცნობილი ნიმუშია, მაგრამ მსგავსი წარმონაქმნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც გვხდება. სწორედ ბაზალტის ლავის დინებამ წარმოშვა მსგავსი სვეტები შოტლანდიის კუნძულ სტაფაზე, ფინგალის მღვიმეში.
„გიგანტური ხიდის“ წარმოშობის მიზეზი დღეს კი ცნობილია, მაგრამ ძველი ირლანდიელებისთვის ნამდვილად ამოუხსნელი საიდუმლო იქნებოდა. შესაბამისად, ამ თვალისმომჭრელ წარმონაქმნზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ფინ მაკქულის ამბავი. ლეგენდის მიხედვით, ფინ მაკქულმა ხიდი იმისთვის გადო, რომ ირლანდიიდან შოტლანდიაში გადასულიყო და იქაურ გოლიათს, ბენანდონერს შებრძოლებოდა. არსებობს ამ ლეგენდის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ შინაარსი თითქმის ერთნაირია: ვეებერთელა ბენანდონერის დასამარცხებლად ფინმა ეშმაკური ოინი მოიფიქრა და თავის ცოლს, უნას სთხოვა დახმარება. როცა ბენანდონერი “გოლიათების ხიდით“ ირლანდიაში გადმოვიდა, უნა საბანში გახვეულ მძინარე „ბავშთან“, ფინთან ერთად დახვდა და შოტლანდიელ გოლიათს უთხრა, დაიცადე, ჩემი ქმარი ჯერ შინ არ დაბრუნებულაო. ამის გაგონებამ ბენანდონერი დააფთხო, ამხელა ბავშვის მამა ალბათ მართლაც ბუმბერაზი იქნებაო. შეშინებული თავის გადასარჩენად შოტლანდიაში გაიქცა და თან ხიდიც დაანგრია.
ამჟამად „გოლიათების ხიდი“ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უსაყვარლესი ბუნებრივი ღირშესანიშნაობაა, ბუნებრივ ნაკრძალადაა გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიცაა შეტანილი. XIX საუკუნიდან ის ძალიან პოპულარულია ტურისტებში და 1960-იანი წლებიდან „ბრიტანეთის ეროვნული ფონდი“ იცავს. დღეს ყველაფერი კეთდება, რომ ამ ადგილმა პირველყოფილი სილამაზე შეინარჩუნოს და თანამედროვე მნახველებსაც ისეთი სახით წარუდგეს, როგორსაც ძველი ირლანდიელები უცქერდნენ.
თეგები: გიგანტების გზა, ჩდილოეთ ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, საინტერესო.