რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

კრემლი და წითელი მოედანი

კრემლი და წითელი მოედანი (მოსკოვი, რუსეთი).

მოსკოვის კრემლის კომპლექსსა და მის მიმდებარე წითელ მოედანს მრავალი წელია, რუსულ კულტურაში ცენტრალური როლი უჭირავს. სწორედ აქ გათამაშდა ყველა მოვლენა, რომელმაც რუსეთისა და მსოფლიოს ისტორია შეცვალა. კრემლი რუსეთის მეფეებისა და პრეზიდენტების, აგრეთვე ლენინისა და სტალინის რეზიდენცია იყო, ხოლო წითელი მოედანი არა მხოლოდ მოსკოვის, მთელი რუსეთის გულია. მოედანი გარშემორტყმულია ცნობილი და მნიშვნელოვანი შენობებით. მათ შორისაა თავად კრემლი, ხახვის ფორმის გუმბათიანი ვასილი ნეტარის საკათედრო ტაძარი, ლენინის მავზოლეუმი, ყაზანის საკათედრო ტაძარი და სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.

კრემლი გალავან შემორტყმული შენობების კომპლექსია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ გადაუკეთებიათ და გაუფართოებიათ. ამ ტერიტორიაზე ძვ.წ. II საუკუნიდან ცხოვრობდა ხალხი. ამ ჟამად გალავანს შიგნით ოთხი სასახლე და საკათედრო ტაძარია მოქცეული. XIV საუკუნეში ივანე I-მა ძველი ხის სიმაგრე ციტადელით შეცვალა, ხოლო XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში ივანე IV-მ (ივანე მრისხანემ) რენესანსის ეპოქის იტალიელ არქიტექტორებს გაარემონტებინა.

ამ სამშენებლო სამუშაოებმა წითელი მოედნის შექმნაც მოითხოვა და კრემლის აღმოსავლეთ კედელთან 234 მეტრის რადიუსში მდებარე შენობები დაანგრიეს. მოედანს თავიდან „დიდი ბაზარი“ ერქვა, ამჟამინდელი სახელი კი XVII საუკუნის შუა ხანებში მიიღო ირგვლივ შემოვლებული წითელი აგურის კედლის გამო. მდინარე მოსკოვის სიახლოვემ სავაჭრო ცენტრად გადაქცევას ხელი შეუწყო. მოგვიანებით წითელი მოედანი საკარნავალო და სააღლუმო ადგილად იქცა. XVI საუკუნიდან აქვე კითხულობდნენ სამეფო პროკლამაციებს.

საუკუნეების განმავლობაში წითელმა მოედანმა და კრემლმა მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა იხილა: ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მონარქები; 1812 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა და ფრანგულმა არმიამ ქალაქი აიღო და კრემლის დანგრევა სცადა, რუსეთის რევოლუციის შემდეგ კი წითელი მოედანი საბჭოთა სიმბოლოდ იქცა. რამდენიმე შენობა გადააკეტეს, რამდენიმე კი – მაგალითად, კრემლის დიდი სასახლე და 242-მეტრიანი „ზედა სავაჭრო რიგები“ (რომელიც მოგვიანებით ГУМ-ის ცნობილ უნივერმაღად გადაკეთდა) – ააშენეს.

კრემლი და წითელი მოედანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად არის აღიარებული. გასაოცარი სილამაზის შენობები და მონუმენტები ყოველწლიურად მრავალ სტუმარს იზიდავს. აგერ უკვე მრავალი საუკუნეა, ეს ადგილი ეროვნულ საგანძურად და რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრად ითვლება.

კრემლი (წითელი მოედანი) - ვასილი ნეტარის საკათედრო ტაძარი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *