საგრადა-ფამილია: ბარსელონას მრავალქიმიანი საკათედრო ტაძარი
თანამედროვეობის ყველაზე ამბიციური და ხანგრძლივი პროექტი, ბარსელონის მრავალქიმიანი საგრადა-ფამილია 1882 წლიდან შენდება. მიუხედავად იმისა, რომ დაუმთავრებელია, უნიკალური და შტამბეჭდავი დიზაინით გამორჩეული ეს საკათედრო ტაძარი დიდი ხანია, არქიტექტურულ შედევრად მიიჩნევა.
ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო არქიტექტორ ფრანსისკო დელ ვილარის ხელმძღვანელობით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დელ ვილარი პროექტს ჩამოსცილდა და მისი ადგილი ცნობილმა კატალონიელმა არქიტექტორმა, ანტონიო გაუდიმ დაიკავა. გაუდიმ 15 წელი მიუძღვნა საკათედრო ტაძრის მშენებლობას, სხვა ყველა პროექტს თავი ანება და სახელოსნოში დასახლდა. 1926 წელს გაუდი მოულოდნელად დაიღუპა – ტრამვაი დაეჯახა – და მშენებლობა დომეკიკ სუგრანიესის ხელმძღვანელობით გაგრძელდა. მშენებლობა 1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის გაჩაღებამ შეაფერხა. მას შემდეგ რამდენიმე სახელგანთქმულმა არქიტექტორმა სცადა გაუდის ორიგინალური ხერხის განხორციელება.
გაუდის ჩანაფიქრით, საგრადა-ფამილია „საქრისტიანოს უკანასკნელი დიდი საყდარი“ უნდა გამხდარიყო. მისი ყოველი ფასადი, ოთახი და სახურავი ქრისტიანული სიმბოლიზმითაა შემკული; ტაძრის თვრამეტი კოშკი ქრისტეს 12 მოციქულს, ქალწულ მარიამს, ოთხ მახარებელსა და იესო ქრისტეს (უმაღლესი კოშკი) განასახიერებს. ქრისტეშობის ფასადი (აღმოსავლეთ კედელზე) 1935 წელს დასრულდა და გაუდის უნიკალური დიზაინის კვალი აშკარად ეტყობა. ქრისტეს ვნების ფასადი (დასავლეთ კედელზე) განსაკუთრებით სულის შემძვრელია, ისე ხატოვნად ასახავს ქრისტეს ჯვარცმის სცენას. ბოლო ფასადს, რომელიც სამხრეთ, გარე კედელზე უნდა გაკეთდეს, „უფლის დიდება“ ერქმევა.
გაუდის ჩანაფიქრით ეკლესიის ექსტერიერი ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრების გამოხატულება უნდა ყოფილიყო, მთელი მისი ტანჯვითა და ტკივილით; ხოლო ინტერიერი – ქრისტეს ზეციური სამეფოსი. საკათედრო ტაძრის შიდა სივრცე სილამაზის, სიმშვიდისა და მშვიდობის ნავსაყუდელია. გარდა ამისა, მტკიცე ნაციონალისტი გაუდი ეკლესიის სხვადასხვა ნაწილის ესპანეთის სხვადასხვა რეგიონისთვის მიძღვნას აპირებდა.
მართალია, საგრადა-ფამილია დაუსრულებელია, მაგრამ მაინც ბარსელონის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. სტუმრები ტაძრის ქრისტეშობის ან ვნების კოშკებზე სპირალური კიბით ადიან და ქალაქის შეუდარებელი ხედებით ტკბებიან. სტუმრებისთვის ნავი, მუზეუმი და საძვალეც ღიაა. საკათედრო ტაძრის დასრულების თარიღად 2026 წელია დათქმული. მრავალი ადგილობრივი არქიტექტორი იბრძვის მშნებელობის დროებით შესაჩერებლად, რომ გაუდის ორიგინალური პროექტი დამუშავდეს და მისი ხედვა არ შეიცვალოს.