მეტეორას მონასტრები (საბერძნეთი)
საუკუნეების მანძილზე, მრავალი სამონასტრო ორდენი შეუქმნიათ სიმშვიდეში, სიმარტოვესა და მსოფლიოსგან განცალკევებით საცხოვრებლად, მაგრამ ბევრი ვერ ასახავს მათ დანიშნულებას ისე ხატოვნად, როგორც მეტეორას მონასტრები. ცენტრალურ საბერძნეთში, პინდოსის მთაგრეხილთან ახლოს, 60 მილიონი წლის წინ გამოფიტვისა და მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილ ქვიშაქვის სიპი კლდეების თავზე წამოსკუპებული მონასტრები 615 მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს თესალიის დაბლობს.
მეტეორა ბერძნულად „ცაში დაკიდულს“ ნიშნავს. პირველი მონასტერი აქ IX საუკუნეში ბერების ჯგუფმა დააარსა. კლდის გამოქვაბულებსა და ნაპრალებში დასახლებული ბერები მხოლოდ წირვისას იკრიბებოდნენ ერთად. XII საუკუნეში ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი ბერების ორდენად იქცა, რომლისგანაც „სტაგოის“ სკიტა (ქრისტიანი მწირების დასახლება) ჩამოყალიბდა. პირველი დიდი მონასტერი 1356-72 წლებში ათონის მთიდან ჩამოსული ბერის, ათანასიოს კოინოვიტისის ნახაზით აშენდა. ეს იყო მიუდგომელი კლდის თავზე მდგარი მონასტერი, რომლამდეც მხოლოდ კიბით აისვლებოდა და იდეალურ ნავსაყუდელს წარმოადგენდა განდეგილი ბერებისთვის.
XIV საუკუნის მიწურულს, როცა საბერძნეთს თურქები არბევდნენ, ბერებმა ყველაზე მიუვალ კლდეებზე აიშენეს თავშესაფრები. თურქების შემოსევებისას მეტეორას მწვერვალებს უფრო მეტმა ბერმა შეაფარა თავი და XV საუკუნის დასაწყისში იქ 20-ზე მეტი ახალი მონასტერი გაჩნდა. შენობებამდე მისასვლელი გზა რთული იყო. მონასტრებამდე მხოლოდ გრძელი კიბეებით ადიოდნენ, ახალი ბერები კი თოკით აჰყავდათ ზემოთ. როგორც ამბობდნენ, თოკს მხოლოდ მაშნ ცვლიდნენ, როცა „უფლის ნებით გაწყდებოდა“. 1920-იან წლებში მონასტრებამდე ასვლა გაიოლდა, რადგან კლდეებში ქვის საფეხურები გამოკვეთეს.
დღემდე მხოლოდ ექვსმა მონასტერმა მოაღწია და თითოში ათი ბერიც კი არ ცხოვრობს. ყველაზე დიდია ფერისცვალების, ანუ დიდი მეტეორას მონასტერი, რომელიც XVI საუკუნეში აშენდა და ზღვის დონიდან 615 მეტრზე მდებარეობს. XVI საუკუნეში მონასტერი დიდძალ შემოწირულობას ღებულობდა და ამის ხარჯზე პირვანდელი იერი აღუდგინეს. დღეს მონასტერში მუზეუმია გახსნილი და დამთვალიერებლებს იღებს. მეტეორაზე მხოლოდ ერთი დედათა მონასტერია: XV საუკუნეში აშენებული წმ. სტეფანეს სახელობისა, რომელიც ყველაზე ადვილი მისადგომია.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად მეტეორას სამონასტრო კომპლექსის აღიარებისას ითქვა, რომ ეს შენობები ადამიანური გენიისა და ბუნებრივი სილამაზის გამოვლინებაა. იშვიათია დედამიწაზე ადგილი, სადაც კაცობრიობის მიზანდასახულობის ნაყოფი ასე ჰარმონიულად ერწყმოდეს ბუნებას.