რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

რაშმორი – რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი

რაშმორი - რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი - აშშ, სამხრეთ დაკოტა

სამხრეთ დაკოტის ბლექ-ჰილზის ქედზე მთა რაშმორის ზედა კალთებიდან აშშ-ის ოთხი დიდი პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, აბრაამ ლინკოლნი და თეოდორ რუზველტი – დაგვცქერის. გრანიტის კლდეზე ამოკვეთილი თვრამეტი მეტრის სკულპტურები მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვისაა ნაცნობი.

ვეებერთელა სკულპტურების გამოთლის იდეა სამხრეთ დაკოტელ ისტორიკოსს, დოან რობინსონს გაუჩნდა. მისი აზრით, ქანდაკებები ბლექ-ჰილზის რეგიონში ტურისტებს მოიზიდავდა. 1924 წლის აგვისტოში რობინსონმა თავისი იდეა მოქანდაკე გუტსონ ბორგლემს გააცნო, ბორგლემი მაშინ ჯორჯიის შტატში სთოუნის მთის კალთაზე კონფედერაციის ლიდერების დიდ ბარელიეფზე მუშაობდა. ის რობინსონს ეწვია და შეთავაზებას დათანხმდა. მეორე სტუმრობისას მოქანდაკეებმა „სამუშაო მაგიდად“ რაშმორის მთა აირჩიეს.

1925 წლის 3 მარტს კონგრესმა სკულპტურების გამოკვეთის ნებართვა გასცა და ბორგლემმა მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა დაიწყო. პრეზიდენტ კელვინ კულიჯის ბრძანებთ ჯორჯ ვაშინგტონისთვის მხარი ორ რესპუბლიკელ და ერთ დემოკრატ პრეზიდენტს უნდა დაემშვენებინა. ბორგლემმა ჯეფერსონი, ლინკოლნი და რუზველტი აირჩია აშშ-ის საუკუნენახევრიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყნის გაფართოებაში, შენარჩუნებასა და გაერთიანებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. თავდაპირველი ჩანაფიქრით, როგორც ადრეული მაკეტებიდან ჩანს, ბორგლემი თითოეული სკულპტურის წელამდე გამოკვეთას აპირებდა, მაგრამ ბიუჯეტის სიმცირის გამო ამბიციურ პროექტზე უარი თქვა.

1927 წლის 10 აგვისტოს პრეზიდენტმა კულიჯმა ბორგლემს საზეიმოდ გადასცა საბურღი მოწყობილობები და კლდის ბურღვა დაიწყო. საქმეს სერიოზულად 4 ოქტომბერს შეუდგნენ, როცა 400-მა მუშამ დნამიტების დახმარებით კლდეებს ლოდები ჩამოამტვრიეს (სკულპტურების კვეთის 90% დინამიტების საშუალებით მიმდინარეობდა).

პირველად ჯორჯ ვაშინგტონის თავი დასრულდა და 1934 წლის 4 ივლისს ოფიციალურად გახსნეს. შემდეგი თომას ჯეფერსონი იყო. თავდაპირველი ჩანაფიქრით, მისი თავი ვაშინგტონის მარჯვნივ უნდა ყოფილიყო, მაგრამ 18-თვიანი მუშაობის შემდეგ კლდის ქანის უვარგისობის გამო სკულპტურა დაანგრიეს და კვეთა ვაშინგტონის თავისგან მარჯვნივ განახლდა. ჯეფერსონის დასრულებული ქანდაკება 1936 წლის 30 აგვისტოს ფრანკლინ დ. რუზველტმა გახსნა. აბრაამ ლინკოლნის სკულპტურა 1937 წლის 17 სექტემბერს გახსნეს, ხოლო თეოდორ რუზველტის – ორი წლის შემდეგ, 1939 წლის 2 ივლისს.

სამუშაოები (მათ შორის „სკულპტორის სტუდიის“ შექმნაც) 1941 წლის ოქტომბერში დასრულდა. ბოლო შვიდი თვე პროექტს ლინკოლნ ბორგლემი, მოქანდაკის შვილი, ხელმძღვანელობდა. გუტსონ ბორგლემი 1941 წლის მარტში გარდაიცვალა.

1966 წელს ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრში შეტანის შემდეგ რაშმორს ყოველწლიურად ორ მილიონამდე დამთვალიერებელი სტუმრობს. დოან რობინსონის ოცნება ასრულდა – იქაურობა ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა. ქანდაკებების გრანდიოზულობის, ამ პრეზიდენტების მიერ ქვეყნის არსებობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, სკულპტურები და თავად რამშორი ამერიკული თავისუფლებისა და ამბიციების საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა