სადჰგურუ / შინაგანი ინჟინერია

თუკი თქვენი ფიქრი და ემოცია თქვენივე წარმოქმნილია, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, როგორც მოგესურვებათ, ისე გამოადნოთ და მისცეთ ფორმა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ყოველგვარი ნივთიერებისა თუ ერთი წვეთი ალკოჰოლის მიღების გარეშეც შეგიძლიათ, საკუთარი თავი მთლიანად მოწამლოთ.
წარმოშობით ისრაელმა ორგანულმა ქიმიკოსმა რაფაელ მაკულამ და მისმა კვლევითმა ჯგუფმა წამოიწყო პროექტი, რომლის მეშვეობითაც საბოლოოდ შეძლეს, გამოეცალკევებინათ „ნეტარების მოლეკულა“ ადამიანის ორგანიზმში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ აღმოაჩინეს ადამიანის ტვინში არსებული ბუნებრივი „კანაფის“ რეცეპტორები. რატომაა ასე, როგორც არის? მათ დაასკვნეს, რომ ამის მიზეზი გახლავთ სხეულის უნარი, წარმოქმნას საკუთარი ნარკოტიკი. ის აწარმოებს თავის „ნეტარებას“ ყოველგვარი გარეგანი სტიმულის გარეშე – და ასევე ყოველგვარი ნაბახუსევი მდგომარეობის გარეშე! მიზეზი იმისა, თუ რატომ არის გარკვეული ქიმიური ნივთიერებები (მაგ.: ალკოჰოლი და მოსადუნებელი წამლები) ასეთი სახიფათო, გახლავთ ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ნივთიერებებს შეუძლია, დააქვეითოს თქვენი ცნობიერების ხარისხი, მოშალოს ჯანმრთელობა, გამოიწვიოს მათზე დამოკიდებულება და, საერთოდ, თავიდან ბოლომდე გაგანადგუროთ.
თუმცაღა სახეზე გვაქვს ერთი ნეტარების ნარკოტიკი, რომელსაც თავად თქვენივე სისტემა წარმოქმნის და მოიხმარს – და რომელსაც გააჩნია უზარმაზარი გავლენა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანური სისტემა გასაოცრად თვითკმარი გახლავთ. ბოლო ხანებში სხვა მსგავსი ქიმიური ნივთიერებებიც აღმოაჩინეს, თუმცა ეს კონკრეტული განსაკუთრებული ნივთიერება მოიხსენიება, როგორც „ანანდამიდი“; ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს სანსკრიტული სიტყვა ანანდა, რომელიც ნიშნავს „ნეტარ მდგომარეობას“.
ჩვენ შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ბედნიერება გახლავთ, უბრალოდ, გარკვეული ტიპი ქიმიისა. სიმშვიდე – მისი ასევე სხვა მეორე ნაირსახეობა. ფაქტობრივად, სიამოვნების ყოველი სახე, რომელსაც კი განვიცდით – სიმშვიდე, სიხარული თუ ექსტაზი – წარმოადგენს ქიმიის ერთ კონკრეტულ ტიპს. იოგას სისტემამ ეს ყველაფერი ყოველთვის იცოდა და იცის.
არსებობს გარკვეული განსაზღვრული ტექნოლოგია შინაგანი კეთილდღეობისათვის – იმისათვის, რომ შეიქმნას ქიმიური საფუძველი ნეტარი ყოფიერებისა. ეს გახლავთ ერთ-ერთი განზომილება იმისა, რასაც მე ვუწოდებ „შინაგან ინჟინერიას“. თუკი თქვენ გათვითცნობიერებული ხართ, სავსებით შეგიძლიათ, გაიაქტიუროთ საკუთარი სისტემა სწორედ იმგვარი გზით, რომლის საშუალებითაც უბრალო სუნთქვაც კი უაღრესად დიდი სიამოვნება ხდება. ერთადერთი, რაც ყოველივე ამისათვის საჭიროა, არის სურვილი, მცირედი ყურადღება დაუთმოთ შინაგან მექანიზმს.
ეს წარმოადგენს ფუნდამენტურ ცვლილებას ჩვენს გაგებაში, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს. ნუ დაეძებთ უბედურებისაგან გამოსავალს. ნუ დაეძებთ ტანჯვისაგან გამოსავალს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა – შიგნით.
© სადჰგურუ / შინაგანი ინჟინერია