ლას-ვეგას-სტრიპი (ლას-ვეგასი, ნევადა)
ნეონის შუქით განათებული, თვალისმომჭრელი ლას-ვეგას-სტრიპი თავბრუდამხვევი სათამაშო მოედანია ზრდასრულთათვის, სადაც ვენეციის არხებიდან პარიზის ეიფელის კოშკამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია. ოდნავ მოშორებით დგას თავისუფლების ქანდაკება, რომლის უკან ნიუ-იორკის ცათამბრჯენები და „ამერიკული მთებია“ აღმართული. თავისუფლების ქანდაკების პირდაპირ დგას პირამიდა, რომელიც სილამაზით ეგვიპტის ნებისმიერ პირამიდას შეეცილება. გაბრდღვიალებული ქუჩის ყოველ მხარეს გამაოგნებელი საოცრებები მოჩანს: მოცეკვავე შადრევნები, ალმოდებული გალეონი, ამოხეთქილი ვულკანი, ზღაპრული ციხე-კოშკის ქიმები…
ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასის სამხრეთ ბულვარის ექვსკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელსაც „სტრიპს“ უწოდებენ, მსოფლიოს 25 უდიდესი სასტუმროდან 19 დგას; ყველა ერთი მეორეზე ექსტრავაგანტურია. ქალაქი აზარტული თამაშების და სრულწლოვანთა გასართობების ცენტრად ჯერ კიდევ აზარტული თამაშების ლეგალიზებამდე (1931 წელს) ითვლებოდა. თუმცა, ადრეული კაზინოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ფრემონტის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
ყველაფერი შეიცვალა 1941 წელს ლას-ვეგასის ბულვარზე El Rancho Vegas-ის გახსნის შემდეგ. 63-ნომრიანი და ერთაუზიანი კაზინო-სასტუმრო დღევანდელებს ვერ შეედრებოდა, მაგრამ მისმა წარმატებამ ახალი ინვესტორები მიიზიდა (მათ შორის იყვნენ ნიუ-იორკელი განგსტერებიც). პირველ კაზინო-სასტუმროს 1942 წელს Last Frontier, ხოლო 1946 წელს Flamingo მოჰყვა. ყოველი ახალი სასტუმრო წინამორბედზე გამორჩეული და თვალშისაცემი იყო. El Rancho Vegas-ისგან განსხვავებით, Flamingo თავისი ღამის კლუბით, მდიდრული რესტორნით, გოლფის მოედნითა და სპა-სალონით ნამდვილი ფუფუნების ოაზისი იყო.
1950-1960-იან წლებში „სტრიპის“ სასტუმროები უკვე სახელოვან ხელოვანებსა და შოუმენებს იზიდავდა, როგორებიც იყვნენ ფრენკ სინატრა და დინ მარტინი. სამშენებლო პროექტებიც უფრო ამბიციური და შთამბეჭდავი გახდა. 1966 წელს გახსნილი Caesars Palace 680-ნომრიანი იყო, ხოლო 1968 წელს გახსნილი Circus Circus თვალისმომჭრელი შესასვლელით გამოირჩეოდა და მის დიდ კარავში ყოველდღე საცირკო წარმოდგენები იმართებოდა. მომდევნო წელს 1512-ნომრიანი International Hotel გაიხსნა და სუპერსასტუმროების ახალი ერა დაიწყო.
მომდევნო ათწლეულში ძველი სასტუმროების დაჯაბნის ტრადიცია გაგრძელდა. 1989 წელს 3044-ნომრიანი Mirage გაიხსნა. მის შესასვლელთან ლავისმფრქვეველი ვულკანი დგას, ხოლო სპეციალურ აუზში დელფინები დაცურავენ. ხუთვარსკვლავიან Wynn-ში, რომელიც 2005 წლიდან იღებს სტუმრებს, ავტომაღაზიაცაა და კაზინოში გამარჯვებულ იღბლიან სტუმრებს მრავალმილიონიანი „ფერარის“ ან „მასერატის“ ყიდვა შეუძლიათ.
ლას-ვეგას-სტრიპზე 30-ზე მეტი დიდი და მეგასასტუმროა. პირველი სასტუმროს აშენებიდან 70 წელიწადში ეს ქალაქი აზარტული თამაშებისა და ნათელი, კაშკაშა, გრანდიოზული საოცრებების ქვეყნის დედაქალაქად იქცა.