რას ეძებ?

ისტორია საინტერესო ხელოვნება

წმინდა პეტრეს ბაზილიკა / ვატიკანი

წმინდა პეტრეს ბაზილიკა / ვატიკანი / რომი

რომში, ვატიკანის ცენტრში მდებარეობს მთელი საქრისტიანოს უწმინდესი ადგილი, წმინდა პეტრეს ბაზილიკა. „უდიდეს ტაძრად“ წოდებული ეს ბაზილიკა უკვე მრავალი საუკუნეა, მორწმუნე ქრისტიანებს მასპინძლობს.

წმ, პეტრეს საფლავზე IV საუკუნის ძველი ბაზილიკის ნაცვლად ახლის აშენება 1506 წელს დაიწყეს. დაგნრევის პირას მყოფი პირველი ტაძრის ხილვის შემდეგ პაპმა ნიკოლოზ V-მ XV საუკუნის მიწურულს მისი აღდგენა სცადა. თუმცა, პოლიტიკურმა არეულობამ გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალა და სანამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყებოდა, გარდაიცვალა. 1505 წელს რომის პაპის, იულიუს II-ის ბრძანებით ძველი ბაზილიკა დაინგრიეს და არქიტექტორებს ნახაზების წარმოდგენა სთხოვეს.

კონკურსში დონატო ბრამანტეს ნახაზმა გაიმარჯვა, მაგრამ მომდევნო 120 წლის განმავლობაში ბაზილიკის მშენებლობასა და მორთვაში სხვა ცნობილი არქიტექტორები და მხატვრებიც მონაწილეობდნენ. გილიანო და სანგალოს, ჯოვანი ჯოკონდოსა და რაფაელის ხელში გავლის შემდეგ კოლოსალური ბაზილიკის დასრულება სახელგანთქმულ მიქელანჯელოს დაევალა.

1547 წლის იანვარში მიქელანჯელომ რომის პაპის, პავლე III-ის კატეგორიული მოთხოვნით „კაპომაესტროს“ თანამდებობა უხალისოდ დაიკავა. მიქელანჯელო თავის დღიურში წერდა, ამ საქმეს მხოლოდ ღვთის სიყვარულისა და მოციქულების პატივისცემის გამო მოვკიდე ხელიო. მან წინამობედი არქიტექტორების გეგმებს გადახედა და ყოველი ნახაზიდან საუკეთესო ასპექტები გადმოიღო – ბრამანტეს ბერძნული ჯვრის იატაკის იდეას დაუბრუნდა, ხოლო რაფაელის დაპროექტებული ნავი გააფართოვა.

მიქელანჯელომ პირადად დააპროექტა ვეებერთელა ცენტრალური გუმბათი და მის მშენებლობას თავად ხელმძღვანელობდა. გუმბათის სიმაღლე 137 მეტრია და მსოფლიოში უდიდესია. სამწუხაროდ, მიქელანჯელო გუმბათის დასრულებამდე გარდაიცვალა, თუმცა, მშენებლობა რომის პაპის, სიქსტუსის ზედამხედველობით ჯაკომო დელა პორტამ და დომენიკო ფონტანამ განაგრძეს და მიქელანჯელოს ჩანაფიქრი არასრულეს. 1590 წელს გუმბათი დასრულდა.

ბაზილიკის მშენებლობა 1602 წელს გაგრძელდა, როცა რომის პაპმა, პავლე V-მ კარლო მოდერნო აიყვანა არქიტექტორად. მოდერნომ ბაზილიკას დაამატა ფასადი კორინთული სვეტებითა და ქრისტესა და მისი მოციქულების ქანდაკებებით. ფასადის უკან გრძელი დერეფანი ააშენა, რომელიც სვეტებითა და ქანდაკებებით დამშვენებული ხუთი მასიური შესასვლელისაგან შედგებოდა. ბოლოს ტაძრის შიგნით მარმარილოთი, სკულპტურებით, ოქროთი და მოზაიკით შემკული ნავი დაამატა.

ბაზილიკაში 91 პაპის აკლდამაა. აქვე მარხია ძველი ბაზილიკის დროინდელი ევროპელი და რომაელი მონარქები. ბაზილიკის წინა აივანზე ხანდახან რომის პაპი გადმოდგება ხოლმე და წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით პილიგრიმს ლოცავს.

წმინდა პეტრეს ბაზილიკა / ვატიკანი / რომი / იტალია
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა