ადვენტიზმი – მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
ადვენტიზმი ისევე როგორც ორმოცდაათიანელობა, აშშ-ში ჩაისახა. აქედან გავრცელდა იგი სხვა ქვეყნებში. თვით ტერმინი ადვენტიზმი (ადვენტუს) ლათინური სიტყვაა და მოსვლას, მოვლინებას ნიშნავს. როგორც რელიგიური მოძრაობა, დაფუძნებულია ქრისტიანობაში არსებულ ესქატოლიგიურ მოლოდინებზე. ადვენტისტური მოძრაობის ისტორია (და არა უშუალოდ მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ისტორია) იწყება მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც ერთ-ერთი ბაპტისტი ფერმერი, უილიამ მილერი წმ. წერილის გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ 1844 წლის 22 ოქტომბერს ქრისტეს მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო. ამავე პერიოდში ყალიბდება ადვენტისტთა რელიგიური მოძრაობა, რომელმაც რამდენიმე ეკლესია წარმოშვა. ამ ეკლესიათა შორის ყველაზე მსხვილ ორგანიზაციად მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია ჩამოყალიბდა.
ადვენტიზმი ბაპტიზმის ნაირსახეობაა და მასთან ბევრი საერთო დოგმატი და დებულება აქვს. მაგრამ ბაპტისტური მოძღვრება ადვენტისტებმა მნიშვნელოვნად გაამარტივეს. კერძოდ, მათ უარი თქვეს მთელ რიგ რელიგიურ წარმოდგენებზე ჯოჯოხეთზე, სულის უკვდავებაზე, ადამიანთა აბსოლუტურ და იესო ქრისტეს მიერ უსასყიდლოდ ადამიანთა ხსნაზე. ადვენტისტების სპეციფიკურ დებულებად ითვლება ძალიან მალე ქრისტეს მეორედ მოვლინების რწმენა, თავისებური წარმოდგენა იმქვეყნიურ ცხოვრებაზე და შაბათის დღესასწაულის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომლის დროსაც ადამიანი მხოლოდ უნდა ლოცულობდეს.
ადვენტიზმი მრავალი სხვა მიმდინარეობისგან გამოირჩევა იმით, რომ იგი უარყოფს სულის უკვდავებას. ამ საზოგადოების მიმდევართა აზრით სული სხეულთან ერთად კვდება, მაგრამ იესო ქრისტეს მოვლინებასთან ერთად მკვდრეთით აღდგება. რაც შეეხება ცოდვილებს, ისინი ჯოჯოხეთში კი არ მოხვდებიან, არამედ უბრალოდ მოკვდებიან.
ადვენტიზმა თავისი რიტუალური მხარე თითქმის მთლიანად გადმოიღო ბაპტიზმისაგან, მაგრამ მიმდენარეობას მაინც გააჩნია თავისი სპეციფიკა. მათ განსაკუთრებული ადგილი დაუთმეს ბიბლიის შესწავლას და პურისტეხის წინ, წევრთა თანასწორობის და მორჩილების ხაზგასმით ჩვენებისათვის, ერთმანეთს ფეხებს ბანენ. ადვენტისტურ ეკლესიაში აღესრულება ნათლობის, ზიარების, ზეთისცხების, ხელდასხმისა და ქორწინების საიდუმლოებები.
როგორც აღინიშნა, ადვენტიზმი ამერიკული წარმოშობის მიმდინარეობაა. აქვეა მისი ცენტრიც. თემი მოწყობილია ამერიკული არმიის ყაიდაზე. ყველა ქვეყანაში მყოფი ადვენტისტები ემორჩილებიან მსოფლიო ცენტრს – მეშვიდე დღის ადვენტისტების გენერალურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ში აქვს ბინა.
საზოგადოებაში შემსვლელი ვალდებულია აღიაროს ბიბლიური ათი მცნება, იდღესასწაულოს შაბათი, არ ჭამოს ღორის ხორცი, არ დალიოს სპირტიანი სასმელი. არსებობის მანძილზე ადვენტიზმი რამდენჯერმე გაიყო. ერთ-ერთი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა ადვენტისტ-რეფორმისტების მიმართულება.
დღეს მეშვიდე დღის ადვენტისტები წარმოადგენენ დინამიკურად მზარდ მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიას, რომელსაც თავისი მიმდევრები 208 ქვეყანაში ჰყავს და მსოფლიოს 735 ენაზე ქადაგებს. მეშვიდე დღის ადვენტისტთა რაოდენობა (მოზარდების ჩათვლით) 25 მილიონს აღემატება, ხოლო მონათლულ წევრთა რიცხვი 2006 წლის მონაცემებით 15 მილიონამდეა.