რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ჰომო საპიენსი / გონიერი ადამიანი

ჰომო საპიენსი / გონიერი ადამიანი

ჩონჩხები და დნმ-ის ნაშთები მიუთითებს, რომ ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი, აფრიკაში ჩამოყალიბდა და შემდეგ მთელ დედამიწაზე გავრცელდა. აფრიკის მიღმა თანამედროვე ადამიანის უძველეს კვალს ისრაელში მიაგნეს, ხოლო უძველესი ქვის თარალები არაბეთშია აღმოჩენილი. ისინი 100000 წელზე უფრო ძველია.

ჰომო საპიენსის მიერ დედამიწის კოლონიზაცია მრავალჯერ შეჩერდა, თუმცა შემდეგ კვლავ გაგრძელდა. ჰომო საპიენსი ევრაზიაში შესაძლოა დასავლეთ აზიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით მოხვდა და დასავლეთ ევროპა დაახლოებით 35000 წლის წინ დაიკავა. არქეოლოგიური მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ადამიანებმა შესაძლოა „სამხრეთის მარშრუტიც”” აირჩიეს და არაბეთის გავლით სამხრეთ აზიაში ჩავიდნენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს არც აღმოსავლეთის მიმართულება, მოძრაობა უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთის მიმართულებითაც, შესაძლოა გაცილებით უფრო ადრე. რადგან ინდოეთში აღმოჩენილი ქვის იარაღები 77000 წლის წინაა დამზადებული, ხოლო მალაიზიაში ნაპოვნი – 70000 წლის წინ. ჰომო საპიენსის სამხრეთ ჩინეთში აღმოჩენილი ნამარხები 68000 (ლიუიანი) და 100000 (ჟირენდონი) წლისაა, თუმცა მეცნიერები მათ ასაკზე ვერ თანხმდებიან.

ჩრდილოეთ ევრაზიაში ჰომო საპიენსი დაახლოებით 35000 წლის წინ გამოჩნდა. უკანასკნელი გამყინვარების ეპოქის შემდეგ რეგიონის ხელახალი კოლონიზაცია 14000-13000 წლის წინ მოხდა. ჩრდილოეთ ამერიკის კოლონისტები წარმოშობით დიდი ალბათობით აღმოსავლეთ აზიიდან არიან. მათ, სავარაუდოდ, „ბერინგიის” დაბლობი გადაკვეთეს, რომელიც დღეს ციმბირსა და ალასკას შორის, ბერინგის სრუტის ქვეშაა მოქცეული. ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი ორივე ბოლოში წაწვეტებული „კლოვისის” შუბები დაახლოებით 12000 წლის, ხოლო მონტე ვერდეში აღმოჩენილი ნაკვალევი 15500-15000 წლისაა.

აფრიკაში ჰომინინების ნამარხებს ჰომო საპიენსის ჩონჩხისთვის დამახასიათებელი თავისებურებები დაახლოებით 400000 წლის წინ ჩამოუყალიბდათ. წარბების ზოლი დამოკლდა, თავის ქალა, ისევე, როგორც ლოყები, წაგრძელდა და მომრგვალდა. თანამედროვე ადამიანის დნმ-ის ანალიზი ადასტურებს, რომ ყველა ადამიანის საერთო წინაპარი (იგივე მიტოქონდრიული ევა) აფრიკაში დაახლოებით 200000 წლის წინ ცხოვრობდა.

ჰომო საპიენსი - მიგრაცია - კოლონიზაცია - გონიერი ადამიანი - რუქა

უძველესი ეთიოპიური ნამარხის თავის ქალა 160000 წლისაა და მას თითქმის თანამედროვე ფორმა აქვს. ის თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ქვესახეობას, ჰომო საპიენს იდალტუს ეკუთვნის. ადამიანები ჩრდილოეთის მიმართულებით 100000 წლის წინ დაიძრნენ და დასავლეთ აზიაში გადაინაცვლეს. 

მეცნიერები ვერ თანხმდებიან, ადამიანებმა მეტყველებისა და სიმბოლოების გამოყენების უნარი თანამედროვე ანატომიის ჩამოყალიბებამდე შეიძინეს თუ მოგვიანებით. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამგვარი ქცევები მხოლოდ 74000 წლის წინ გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როცა ინდონეზიაში ტობას მთიდან ვულკანი ამოიფრქვა და გლობალური „ვულკანური ზამთარი“ დადგა. დნმ-ის ანალიზი ცხადყოფს, რომ იმ ხანებში ადამიანთა არაერთი ჯგუფი ამოწყდა. მკაცრ კლიმატურ პირობებში ადამიანები მხოლოდ მეტყველებისა და სიმბოლოების მეშვეობით შეძლებდნენ რესურსებისა და ინფორმაციის გაზიარებას, რაც საშუალებას მისცემდათ, გადარჩენილიყვნენ. თუმცა აფრიკაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ნადირობის და სიმბოლოების გამოყენების უნარები ადამიანებმა უფრო ადრე შეიძინეს. 

ჩვენთვის ცნობილი არ არის, როდის დასახლდა თანამედროვე ადამიანი ევრაზიაში. ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ადამიანებმა არაბეთი 74000 წლის წინ დატოვეს. სხვები თვლიან, რომ მასშტაბური მიგრაცია 50000 წლის წინ მოხდა და ისიც დასავლეთ აზიის გავლით, მას შემდეგ, რაც განვითარდა ქვის იარაღის დამზადების ტექნოლოგიის ახალი ფორმა, რომელიც გრძელი და თხელი კაჟის პირების დამზადებას გულისხმობდა. 

ადამიანები ევროპასა და აზიაში სწრაფად განსახლდნენ. ევროპაში თანამედროვე ადამიანები 40000 წლის წინ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ და მალე დასავლეთ ევროპაშიც დადგეს ფეხი. აზიაში, ინდონეზიასა და ჩინეთში აღმოჩენილი ჰომო საპიენსის ნამარხები სულ მცირე 42000 წლისაა. ამ ადამიანებმა 45000 წლის წინ ზღვა გადაცურეს და ავსტრალიაში ჩავიდნენ. ეს თარიღები მიანიშნებს, რომ აზიაში ჩასული უძველესი ადამიანები შესაძლოა შეხვედროდნენ ჰომო ერექტუსის ჯგუფებს, რომლებიც ჩინეთში 40000 წლის წინ ცხოვრობდნენ.

ფლორესის კუნძულზე აღმოჩენილი ნამარხები დაახლოებით 38000 წლისაა. ისინი ჰომო ერექტუსის განსხვავებულ და უაღრესად პატარა ქვესახეობას ეკუთვნის. რუსეთში, დენისოვას გამოქვაბულში აღმოჩენილი 40000 წლის წინანდელი ძვლების დნმ-ის ანალიზის თანახმად, გენეტიკური მასალა თანამედროვე ადამიანებისგან და ნეანდერტალელისგან განსხვავდება. როგორც ჩანს, ჰომინინების შთამომავალი რამდენიმე ჯგუფი, რომელმაც აფრიკა ჰომო საპიენსამდე დატოვა, იმ ხანებში ევრაზიაში თანაცხოვრობდა. 

ჩონჩხები და დნმ-ის ნაშთები მიუთითებს, რომ ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი, აფრიკაში...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *