ჯეიტას მღვიმე: აქ მსოფლიოს უდიდესი სტალაქტიტი მდებარეობს
ჯეიტას მღვიმე კირქვის წარმონაქმნებით დამშვენებული მიწისქვეშა გამოქვაბულების სისტემაა, სადაც მსოფლიოს უდიდესი სტალაქტიტი მდებარეობს. მღვიმე ლიბანის მთებში 9 კილომეტრზეა გადაჭიმული და ორი – ზედა და ქვედა გალერეისგან შედგება. ქვედა გალერეა მდინარე ნაჰრ ალ-კალბის სათავეა და დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, ნავით იცურაონ არაამქვეყნიურ, მიწისქვეშა საოცრებათა სამყაროში.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთიდან 18 კილომეტრით ჩრდილოეთით ნაჰრ ალ-კალბის ხეობაში მდებარე ჯიეტას მღვიმე ყველაზე დიდია ქვეყანაში და მსოფლიოს ულამაზეს კირქვის წარმონაქმნებს შეიცავს. ზედა გალერეა ქვედაზე მოკლეა (2,2 კმ) და აქედან 750 მეტრის გავლა ფეხითაც შესაძლებელია. მღვიმე სავსეა თვალისმომჭრელი ბუნებრივი კირქვის წარმონაქმნებით, სვეტებით, ქვის „გაყინული ფარდებით“, სოკოებითა და რა თქმა უნდა. სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით.
ზოგიერთი ნაპრალი და ღრმული 100 მეტრის სიღრმისაა. მღვიმის შესასვლელთან ახლოს სამი ვრცელი „დარბაზია“, რომელთა სიმაღლე 120 მეტრია. პირველ ორს „თეთრი დარბაზი“ და „წითელი დარბაზი“ ჰქვია მათი წარმონაქმნების ფერების შესაბამისად. პირველი დარბაზის სითეთრე კალციტის დამსახურებაა, მეორის სიწითლე კი კალციტში შერეული რკინის ოქსიდისა, რომელიც ქვებს ჟანგისფერ შეფერილობას აძლევს. „თეთრ დარბაზში“ მსოფლიოს უგრძესი სტალაქტიტია (8,2 მეტრი).
60 მეტრით ქვემოთ 6,2 კილომეტრის სიგრძის გალერეაა. აქვე სასეირნო გზაც არის, თუმცა, დამთვალიერებლებს მხოლოდ 500 მეტრის გავლა შეუძლიათ. აქ მდინარის მშვიდ ზედაპირს ხანდახან დიდი ჩანჩქერები და მეზობელი გამოქვაბულებიდან მჩქეფარე შენაკადები აღელვებს.
პრეისტორიულ ეპოქაში ამ გამოქვაბულებში ადამიანები სახლობდნენ. ქვედა გალერეა ხელახლა მხოლოდ 1836 წელს აღმოაჩნეს ამერიკელმა მისიონერებმა. მას შემდეგ მკვლევრებმა გამოქვაბულების ლაბირინთი უფრო საფუძვლიანად გამოიკვლიეს და არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 1958 წელს ზედა გალერეა აღმოაჩინეს. იმავე წელს მღვიმე დამთვალიერებლებისთვის გახსნეს. ამჟამად ჯეიტას ლამაზი მღვიმე ლიბანის ეროვნული სიმბოლოა და ყოველწლიურად ასობით ათას დამთვალიერებელს მასპინძლობს.