რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო საინტერესო

იერუსალიმი: კაცობრიობის სამი უმთავრესი რელიგიის წმინდა ადგილი

იერუსალიმი - კაცობრიობის სამი უმთავრესი რელიგიის წმინდა ადგილი - jerusalem

ექვსიათასწლოვანი ისტორიის მქონე იერუსალიმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქალაქი და კაცობრიობის სამი უმთავრესი რელიგიის – იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის – წმინდა ადგილია. აქ არქიტექტურულად ძვირფასი უძველესი შენობების სიცოცხლით სავსე თანამედროვე ქალაქის ნაგებობებთან თანაარსებობს. იერუსალიმი სავსეა რელიგიური მნიშვნელობის მქონდე შენობებითა და ადგილებით.

მართალია, ისტორიული სამხილები იმაზე მიუთითებს, რომ დღევანდელი იერუსალიმის ტერიტორიაზე ადამიანები ჯერ კიდევ სპილენძის ხანიდან სახლობდნენ, მაგრამ არქეოლოგები ქალაქის არსებობის დასაწყისად ძვ.წ. 2600 წელს მიიჩნევენ. ებრაული გადმოცემების მიხედვით, ქალაქი აბრაამის წინაპრებმა დააარსეს და ის ძვ.წ. დაახლოებით 1000 წელს, მეფე დავითის ზეობისას ერთიანი ებრაული სამეფოს, ისრაელის დედაქალაქად იქცა. მას შემდეგ ქალაქი არაერთხელ გადასულა სხვადასხვა დამპყრობლის მფლობელობაში და აქ არა ერთხელ გადამწყდარა მსოფლიო ისტორიის ბედიც.

იუნესკოს ისტორიულ ძეგლად გამოცხადებული იერუსალიმის „ძველი ქალაქის“ ფართობი სულ რაღაც 900 მ2-ია და ბიზანტიური ეპოქის კედლებითაა შემოღობილი. XIX საუკუნეში სწორედ ამ კედლებს შიგნით მდებარეობდა მთელი ქალაქი. ის მუსლიმურ, ქრისტიანულ, სომხურ და ებრაულ უბნებად იყოფა. თითოეული უბანი დღესაც იერუსალიმის მრავალფეროვანი მემკვიდრეობის სურნელით არის გაჟღენთილი.

„ძველი ქალაქის“ მნიშვნელოვანი ნაწილი ტაძრის მთას უჭირავს. გადმოცემების მიხედვით, სწორედ აქ შექმნა ღმერთმა ადამი და აქვე იდგა სოლომონის ტაძარი, რომლის საკურთხეველში აღთქმის კიდობანი ინახებოდა. დღეს მთას „კლდის გუმბათი“ ამშვენებს – იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი ძველი ტაძრის საძირკველზე 692 წელს დაშენებული მუსლიმური მეჩეთი. ამგვარად ეს მთა იუდეველთათვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუსლიმებისთვის, რადგან ისლამური რელიგიური ტრადიციების თანახმად, სწორედ აქ დაეშვა ციდან წინასწარმეტყველი მუჰამადი.

გოდების კედელი - იერუსალიმი

ტაძრის მთაზე მდებარეობს „დასავლეთის (გოდების) კედელი“ რომელიც ძვ.წ. დაახლოებით 20 წლით, ჰეროდე დიდის ეპოქით თარიღდება. ოდესღაც ეს კედელი ბაბილონელების მიერ ძვ.წ. 587 წელს დანგრეული სოლომონის ტაძრის ადგილას აშენებული მეორე ტაძრის კომპლექსის ნაწილი იყო. ჰეროდეს ტაძარი რომაელმა ლეგიონერებმა ახ.წ. 70 წელს დაანგრიეს.

„ძველი ქალაქის“ კიდევ ერთი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის ნაგებობაა მაცხოვრის აღდგომის ეკლესია, რომელიც, როგორც ამბობენ, გოლგოთაზე – ქრისტეს ჯვარცმის ადგილას დგას და იმ აკლდამასაც მოიცავს, რომელშიც ქრისტე დამარხეს და სამი დღის შემდეგ აღდგა. მაცხოვრის აღდგომის ეკლესიამ რომაული ქალღმერთის, ვენერას სახელობის ტაძარი შეცვალა. მისი მშენებლობა ძვ.წ. 325 წელს რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო.

იერუსალიმის ყველა მონუმენტის, ტაძრის, ეკლესიის, სინაგოგისა და მეჩეთის ჩამოთვლა ძნელია, მაგრამ სწორედ ისინი სძენენ იერუსალიმს უნიკალურობას. ქალაქი წარსულისა და განსხვავებული ცივილიზაციების კულტურის სურნელით არის გაჟღენთილი, სიტყვებით მისი სილამაზის სრულად აღწერა შეუძლებელია. იერუსალიმი არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი ადგილიცაა.

იერუსალიმი - მაცხოვრის აღდგომის ეკლესია
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *