ნაზკას ხაზები: გეოგლიფების ამოუცნობი საიდუმლო
პერუს ქვიშის უდაბნოში 300 გიგანტური ფიგურაა დახაზული, რომელთა დანიშნულებაცა და წარმოშობის ისტორიაც დღემდე გამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. ეს გეომეტრიული ფიგურები, ცხოველებისა და ფრინველების სილუეტები, რომლებსაც მეცნიერები გეოგლიფებს უწოდებენ, მხოლოდ ციდან ჩანს, თუმცა, ძვ.წ. 200 – ახ.წ. 700 წლებში უნდა იყოს შექმნილი, როცა ამ რეგიონში უკვე გადაშენებული ნაზკას ხალხი ცხოვრობდა. უცნობია, ამ დიაგრამის დახაზვის მიზნები, ან მათი ავტორები, მაგრამ ერთი რამ მნიშვნელოვანია – ეს უზარმაზარი, სტილიზებული გამოსახულებები ლანდშაფტს უცხო, რეგიონისთვის უჩვეულო იერს სძენს.
ნაზკას უდაბნო პერუს დედაქალაქ ლიმადან 400 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. ამ ხრიოკი, უკაცრიელი ქვიშის უდაბნობს ფართობი 500 კვადრატული კილომეტრია და დაფარულია სხვადასხვაგვარი ხაზებით, სპირალებით, მცენარეების, ხვლიკების, კოლიბრების, მაიმუნების, ობობებისა და მრავალი სხვა ჯიშის ცხოველისა თუ თევზის გამოსახულებებით. ზოგი მათგანის სიგანე 200 მეტრია. ამ ფიგურებმა რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი და სტაბილური ამინდის წყალობით საუკუნეების განმავლობაში გაძლო.
არქეოლოგები და ისტორიკოსები თანმხდებიან, რომ ეს გეოგლიფები ნაზკას ტომის ხალხს უნდა დაეხაზა. როგორც ჩანს, ნაზკას ცივილიზაცია (რომელიც 400 წლის წინ განადგურდა) მაღალგანვითარებული იყო. ისინი კერამიკულ და საფეიქრო ნაწარმს ამზადებდნენ, აშენებდნენ აკვედუკებს, რომლებიც დღესაც გამოიყენება. თუმცა, რაც ნაზკას ხალხს სხვა ანტიკური ცივილიზაციებისგან გამოარჩევს, გეოგლიფებია, რომელთა დანიშნულება გაურკვეველია. ის, თუ როგორ დახაზეს გეოგლიფები, შედარებით იოლი დასადგენია. არქეოლოგებმა გეოგლიფების სხვადასხვა წერტილში ქვიშაში ჩარჭობილი ხის პალოები იპოვეს და მკვლევარების მცირერიცხოვანმა ჯგუფებმა ამ მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით ესკიზების აღდგენა შეძლეს.
ნაზკას ნახაზების დანიშნულებაზე დღემდე დავობენ. ყველაზე თამამი მოსაზრება ერიხ ფონ დენიკენმა გამოთქვა თავის წიგნში „ღმერთების ეტლი?“: რაკი გეოგლიფები მხოლოდ ციდან ჩანს, უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები უნდა იყოსო. ასტრონომ ფილის პიტლუგას თეორიის მიხედვით, ფიგურები თანავარსკვლავედებს წარმოადგენს. არსებობს სხვა თეორიებიც, რომელთა მიხედვით გეოგლიფებს ასტრონომიული დანიშნულებით იყენებდნენ. ალბათ ვეღარასდროს შევიტყოფთ მათ ნამდვილ დანიშნულებას, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გეოგლიფები ნაზკას ხალხის მიერ ცის ღმერთებისთვის მიძღვნილი შესაწირი იყო, რომელსაც რელიგიური რიტუალებისთვის იყენებდნენ.
ასეა თუ ისე, ნაზკას ფიგურების წარმოშობის იდუმალებით მოცული ამბავი და არაამქვეყნიური სილამაზე მრავალი წელია, კაცობრიობას აღაფრთოვანებს. გადაშენებული ხალხის მრავალკაუკუნოვანი კულტურული დანატოვარი 1994 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.