ოშო: „ცოდვა“ / ცნობიერების მზე
ჩემი აზრით, და ასევე იოგას თანახმად, ცოდვა ის საქციელია, რომლის საფუძველი არაცნობიერია. ცოდვა ისეთი ქმედებაა რომლის ჩადენა ცნობიერ მდგომარეობაში შეუძლებელია. ცოდვა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაიდინო, როცა არაცნობიერ მდგომარეობაში ხართ და ეს სრულიად აუცილებელი პირობაა.
ამიტომ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღაც ცხოველივით იქცევა, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ, რომ ცხოველები ასე იქცევიან. არცერთი ცხოველი არ იქცევა ისე, როგორც ადამიანი. არა, ადამიანის ცხოველურ ქცევაში სულ სხვა აზრია. ჩვენ ამით იმის თქმა გვინდა, რომ ცხოველები ვერ აცნობიერებენ საკუთარ თავს და ზუსტად ასევე ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს ზოგიერთი ადამიანი. სწორედ ასეთ კონტექსტში ვიყენებთ ჩვენ ფრაზას „ადამიანის ცხოველური ქცევა“. საერთოდ კი, არცერთი ძაღლი არ იქცევა ისე, როგორც ჰიტლერი, არცერთი გველი არ იქცევა ისე, როგორც ჩინგიზ-ხანი. განა რომელიმე ცხოველს ჩაუდენია ისეთი დანაშაულები, როგორც ადამიანად წოდებულ ცხოველს? ასეთი ცხოველი არ არსებობს. ფრაზა „ადამიანის ცხოველური ქცევა“ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს:
ადამიანი რაღაცას აკეთებს უგონოდ, არაცნობიერ მდგომარეობაში. ამიტომ მოსამართლეები ციხეს არ უსჯიან პატარა ბავშვებს, რომელთაც შვიდი წელი არ შესრულებიათ, რამდენადაც აღიარებულია, რომ ბავშვი ამ ასაკში, ჯერ კიდევ, ვერ აცნობიერებს თავის ქცევებს. მაგრამ აქვს თუ არა სასამართლოს იმის გარანტია, რომ სამოცდაათი წლის კაცი ცნობიერი გახდა? არა, ამ ასაკშიც კი, ადამიანი ცნობიერი არ ხდება. ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ, რომ ის ასეთი გახდა. საქმე ის არის, რომ თუ სამოცდაათი წლის მოხუცის ქცევებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ისიც სიზმარში დადის, არაცნობიერ მდგომარეობაში.
თუ სამოცდაათი წლის განმავლობაში ადამიანი ცნობიერ მდგომარეობაში შვიდი წუთი მაინც იყო, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შვიდი წუთიც კი საკმარისზე მეტია. თუ სამოცდაათი წლის განმავლობაში ცნობიერი მდგომარეობის რამდენიმე წამი გვექნება, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გავხდეთ მაჰავირა, ბუდა, კრიშნა. მაგრამ ჩვენ ძალიან ცოტა ხნითაც კი არ ვართ ცნობიერ მდგომარეობაში. ჩვენ გაუცნობიერებლად ვცხოვრობთ.
მაგრამ მე უკვე გითხარით, რომ თქვენ ადამიანი იმ დღეს ხდებით, როცა საკუთარი თავის გაცნობიერებას იწყებთ. ამრიგად, თქვენ გაქვთ მხოლოდ შესაძლებლობა გახდეთ ადამიანი. თქვენ არ ხართ ადამიანი. თქვენ ხართ მხოლოდ ხელსაყრელი შემთხვევა საიმისოდ, რომ ადამიანი გახდეთ. თქვენ არ ხართ ადამიანი. ეს არის მხოლოდ შესაძლებლობა თესლისა, რომ ცნობიერი გახდეთ, მაგრამ ვერ ხდებით.
© ოშო / ცნობიერების მზე