რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

რომი, დედოფალი ზენობია და ღალატის ისტორია

რომი, დედოფალი ზენობია და ღალატის ისტორია

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

ქრისტეშობიდან 267 წელი იდგა. რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციების მმართველი ოდენატი, სასანიდური ირანის საბოლოოდ გასანადგურებლად ემზადება. მას ჰყავს ძალიან ლამაზი ცოლი ზენობია რომელიც ოცნებობს იმაზე რომ შექმნას ცალკე სამეფო სადაც თვითონ იმეფებს და მერე მისი შვილი. ოდენატი კი რომის ერთგული მეომარია და ამის კატეგორიული წინააღმდეგი. ხვდება რა ამას ზენობია წამლავს ოდენატს. 268 წელს კი ის აცხადებს პალმირის სამეფოს დაარსებას, მის დამოუკიდებლობას რომის იმპერიისგან, თვითონ კი დედოფლად ეკურთხება.

რომმა ძალიან დიდი ტერიტორიები დაკარგა ამის შედეგად. პალმირის სამეფო შედგებოდა, სირიისგან, პალესტინისგან, ისრაელისგან, სამხრეთ სომხეთისგან, ეგვიპტისგან, ანატოლიისგან. რომმა ზენობია მოღალატედ გამოაცხადა, მაგრამ რადგან იმ მომენტში 5 ფრონტზე აწარმოებდა ომს ვერაფერი მოიქმედა. 270 წელს კი თვითონ ზენობია გადავიდა შეტევაზე. მისმა ჯარებმა დაიპყრეს იორდანია, კაპადოკია, ჩრდილოეთ მესოპოტამია და კილიკია.

ამავე პერიოდში რომმა საოცრად ნიჭიერი იმპერატორის ლუციუს ავრელიანეს მეთაურობით გაანადგურა, ბარბაროსები, დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და აღადგინა რკინისებური წესრიგი. ამან მისცა მას საშუალება აღმოსავლეთისკენ გამოეხედა. ავრელიანემ იმპერიაში ტოტალური მობილიზაცია გამოაცხადა და 271 წელს, 200 ათასიანი არმიით დაიძრა აღმოსავლეთისკენ. პირველი შეტევა ეგვიპტეში განხორციელდა. 271 წელს ფლოტის დახმარებით მან ეგვიპტე ისევ რომს დაუმორჩილა!

მიუხედავად ეგვიპტეში წაგებული კამპანიისა ზენობია არც ფიქრობდა დანებებაზე. მან მისი მეუღლის მიერ მოპოვებული გამარჯვებების შედეგად დაგროვილი უზარმაზარი ხაზინა საქმეში ჩართო და ახალი არმიები ჩამოაყალიბა.

272 წელს ომი გაგრძელდა. ავრელიანემ დარტყმის მიმართულება შეცვალა. მან არმიით გაიარა ბოსფორისა და დარდანელის სრუტე და ბითვინიაში გადასხდა. ეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ზენობიასა და მისი გენერლებისთვის. ისინი შეტევას ეგვიპტის მხრიდან ელოდნენ. აქედან გამომდინარე მათ დაკარგეს კაპადოკია, კილიკია და ჩრდილოეთ მესოპოტამია. იქ მყოფმა პალმირულმა გარნიზონებმა ბრძოლით უკან დაიხიეს. ზენობიამ თავის ჯარით მდინარე ორონტთან გამაგრდა. აქ დიდი ბრძოლა გაიმართა რომელიც რომაელთა გამარჯვებით დასრულდა.

რომი, რომაელები და ზენობია. ბრძოლა

მაგრამ ეს დასასრული არ იყო. ზენობიას ძირითადი ძალები ქალაქ ემესასთან ჰქონდა თავმოყრილი. სწორედ აქ გაიმართა გრანდიოზული ბრძოლა. როგორც რომაელი ისტორიკოსი ტრებილიი პოლიონი გადმოგვცემს, ორი 100 ათასიანი არმია დაუპირისპირდა ერთმანეთს. ბრძოლა ავრელიანეს სრული ტრიუმფით დასრულდა. პალმირის ჯარი პირწმინდად განადგურდა.

ზენობია პალმირაში გაიქცა. მაგრამ 273 წლის დასაწყისში ალყის შედეგად ავრელიანემ ქალაქი აიღო. ზენობია ტყვედ ჩავარდა. ავრელიანემ პალმირის სამეფო გაუქმებულად გამოაცხადა და აღმოსავლეთში რომის ჰეგემონიის აღდგენის შესახებ ამცნო ყველას.

თითქოსდა ყველაფერი მორჩა, მაგრამ 273 წლის გაზაფხულზე პალმირა აჯანყდა და ამოხოცა იქ მყოფი რომაული გარნიზონი. ზაფხულში ავრელიანე დაბრუნდა დიდი არმიით, ჩაახშო აჯანყება და მიწასთან გაასწორა იქაურობა.

რაც შეეხება ზენობიას. როცა 274 წელს ავრელიანემ დიდი ტრიუმფი გადაიხადა ზენობია როგორც ტყვე მონაწილეობდა ამ ტრიუმფში. მერე წესის მიხედვით ის უნდა მოეკლათ, მაგრამ ავრელიანემ ის შეიწყალა და პატარა სახლი და მიწის ნაკვეთი აჩუქა რომში. ამის შემდეგ მასზე არაფერია ცნობილი.

ასე დასრულდა ეს ეპოპეა. ზენობიას ღალატმა არაფერი კარგი არ მოიტანა. მისმა უგუნურმა საქციელმა ირანს მისცა შანსი გადარჩენილიყო და სამომავლოდ უდიდეს პრობლემად ქცეულიყო იმპერიისთვის, თვითონ პალმირას კი განადგურება და ისტორიის საკუთრებად ქცევა. დასკვნა კი ნათელია: შურს და უაზრო ამპარტავნულ ამბიციებს, მხოლოდ ნგრევა და უბედურება მოაქვს!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *