რას ეძებ?

ბიზნესი საქართველო სიახლეები

Dreamway Tours: ქართული ტურისტული სივრცის სიახლეები

საქართველო უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონია. ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის კი აუცილებელია კონკურენტული გარემოს შექმნა, რასაც სხვადასხვა სერვისის მქონე ტურისტული კომპანიის არსებობა განაპირობებს. რამდენიმე თვეა, რაც ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია Dreamway Tours გამოჩნდა. კომპანიის მიზნების შესახებ მის დამფუძნებელს, არჩილ ჩხეტიას, ვესაუბრეთ:

  • როდის დაარსდა კომპანია Dreamway Tours?
  • ამ სახელწოდებით კომპანია დაარსდა 2025 წლის თებერვალში, თუმცა კოვიდ-პანდემიამდე მქონდა კომპანია სხვა სახელწოდებით. შემდეგ, სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, მომიწია დახურვა და ვცხოვრობდი ევროპაში. 2 წლის წინ დავბრუნდი საქართველოში და გადავწყვიტე, აღმედგინა კომპანია ახალი სახელწოდებით. გვიხარია, რომ უკვე გვყავს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.
  • რას სახის სერვისს სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებელს?
  • ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, გვაქვს ადგილობრივი ტურები, საქართველოს მასშტაბით. ვცდილობთ, ბაზარზე არსებული სერვისებისგან განსხვავებული ნიუანსები შევიტანოთ ჩვენს ტურებში. მაგალითად, ძალიან გაამართლა ე.წ. ლიტერატურულმა ტურებმა, რომელსაც ჩვენი გიდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სოფი მილაძე უძღვებოდა. ასეთი რამდენიმე ტური მოვაწყვეთ ფშავსა და გუდამაყარში. ეს ტურები იყო ძალიან მრავალფეროვანი, მითოლოგიითა და პოეზიით გაჯერებული, ამიტომ ბევრი რეკომენდატორიც გვყავს და რამდენჯერმე გვქონდა კორპორაციული შეკვეთაც.
  • ე.ი. კორპორაციულ შეკვეთებზეც მუშაობთ?
  • დიახ, რა თქმა უნდა. თუ რომელიმე კომპანიას აქვს სურვილი, რომ თანამშრომლებს მოუწყოს განსხვავებული და დაუვიწყარი დღე, სიამოვნებით დავეხმარებით.
  • რას გვეტყვით ფასებთან დაკავშირებით?
  • ჩვენ მიერ დაგეგმილი ტურების საფასური არ განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასებისგან. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ფასი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს საქართველოს გაცნობა.
  • დღეისათვის რა გამოწვევები და სირთულეები არსებობს ტურისტულ სფეროში?
  • ჩვენთვის, საწყის ეტაპზე რთული იყო სანდო მძღოლების პოვნა, უამრავ ადამიანს ვუკავშირდებოდით და უმეტესობა ამბობდა, რომ გამოცდილი მძღოლია. თუმცა რამდენად კომიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ზოგიერთს ფშავი და მაღაროსკარი სხვადასხვა კუთხეში ეგონა. რთულია, ასეთ პირობებში შექმნა ხარისხიანი მომსახურება. საბოლოოდ, მაინც მოვახერხეთ გამართული ტრანსპორტისა და სანდო მძღოლების მოძებნა, მაგრამ ეს დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ტურისტულ ჯგუფებში ხშირად იწერება კომპანიების მხრიდან, რომ კონკრეტულ ტურზე მიჰყავთ მძღოლი, რომელიც არ იქნება ნასვამი, ხოლო ტრანსპორტში იქნება კონდენციონერი. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა კომპანიებსაც აქვთ სირთულეები მძღოლებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებით. ზოგჯერ ტრანსპორტის გაქირავების სერვისსაც კი შეიძლება არ ჰყავდეს გამოცდილი მძღოლი და ამას ვერ გათვლის წინასწარ ტუროპერატორი.მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი პრობლემები არ დავუშვათ ჩვენს ტურებზე. გვირჩევნია, რომ თვეში 2 ტური ჩავატაროთ ხარისხიანად, ვიდრე 10 უხარისხოდ.
  • რას გვეტყვით კომპანიის სამომავლო გეგმებზე?
  • როგორც მოგახსენეთ, ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივი მარშრუტები გვაქვს დაგეგმილი. სამომავლოდ, კომპანიის განვითარებასთან ერთად, გვსურს გავიდეთ საქართველოს საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანიის მდგომარეობას ქვეყნის საერთო პოლიტიკური ვითარებაც განსაზღვრავს. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს სამომავლო გეგმებსაც განვახორციელებთ.
  • რას გვეტყვით თქვენს პირად გამოცდილებებზე მოგზაურობასთან დაკავშირებით?
  • მოგზაურობა ყოველთვის მიყვარდა და 16 წლიდან ვმოგზაურობდი როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მიყვარდა ე.წ. სოლო მოგზაურობები კარვით, ამიტომ კარგად ვიცნობ საქართველოს იმ ადგილებსაც კი, სადაც ბევრი ადამიანი არ ყოფილა. გარდა ამისა, პროფესიით გახლავართ მუსიკოსი და ჩემი საქმიანობიდან გამომდინარეც ხშირად მიწევდა და მიწევს მოგზაურობა. ტურისტულ სფეროში ტურლიდერზე (გამყოლზე) ბევრია დამოკიდებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს არ აქვს გამოცდილება, არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
  • რა სიტყვებით დაახასიათებდით Dreamway Tours?
  • პასუხისმგებლობა, სანდოობა, ინფორმაციულობა, კომფორტი. და ვეცდებით, რომ ეს კომპონენტები მუდმივად შევინარჩუნოთ. ამ ოთხი კომპონეტის გარეშე, ვფიქრობ, შეუძლებელია ამ სფეროში წარმატების მიღწევა. ჩვენს თავსაც და სხვებსაც, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ვუსურვებთ წარმატებებს!

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *