ტიმ სევერინის „არგონავტები“ / ზღაპარი, რომელიც საქართველოში გაცოცხლდა
1984 წლის 3 მაისს, ინგლისელმა მკვლევარმა და მწერალმა ტიმ სევერინმა გადაწყვიტა, რომ არგონავტების ლეგენდა მხოლოდ მითოლოგია კი არა, შესაძლოა რეალურ მოგზაურობაზე დაფუძნებული ისტორია ყოფილიყო. ამიტომ მან შექმნა ხელნაკეთი გემი „არგო“, რომელსაც საბერძნეთიდან საქართველომდე ზღვით იგივე მარშრუტი უნდა გაემეორებინა, რაც ძველ ბერძენ გმირებს მიეწერებათ.
ეკიპაჟი საერთაშორისო იყო ინგლისელები, ირლანდიელები, ბერძნები, თურქები. საქართველოს საზღვაო სივრცეში შესვლისას მათ ქართველი მენიჩბეები შეუერთდნენ სპორტის ოსტატები ნიჩბოსნობაში, სპეციალურად შერჩეული, რომ ქართულ მიწაზე „არგოს“ გზა ქართველურ ძალაზე გადასულიყო.
შავი ზღვა უმძიმესი გამოცდა აღმოჩნდა ტიმ სევერინისა და გუნდისთვის. ტალღები, გრიგალები, ქარები… ეკიპაჟი ზღვაში თითქმის სამი თვე უწყვეტ ბრძოლაში იყო. და მაინც, მათთვის ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც ჰორიზონტზე ფოთის სანაპირო იჩენს თავს.
ფოთში შესვლისას, ტიმ სევერინმა ემოციურად მიმართა ქართველებს:
„სამი თვე ღია ზღვაში გრიგალსა და უამინდობას ვებრძოდით. მენიჩბეებს ძალზედ გაუჭირდათ, მაგრამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ერთმა რამემ გვიმძლავრა ფოთთან შეხვედრის მოლოდინმა.“
და მართლაც ფოთი მათთვის მხოლოდ პორტი აღარ იყო. ეს იყო მიზნის გაცოცხლება, მითის მიწაზე გადასვლა, მეგობრებით სავსე ნავსადგური, სადაც ათასობით ქართველი ტაშით, სიმღერით და ზარბაზნების შეძახილივით ხმამაღალი „მრავალჟამიერით“ ელოდებოდა სტუმრებს.
საქართველოს მიწაზე მითის კვალი
ამ დღიდან დაიწყო ექსპედიციის ქართული ნაწილი:
ჭყვიში, გალაკტიონის ეზო სპეციალურად აიგო ქვის სტელა ქართულ-ინგლისურ-რუსული წარწერით. აქ ტიმს „თანამედროვე მედეა“ შეხვდა თეთრ კაბაში გამოწყობილი სტუდენტი ნინო კაციტაძე, რომელმაც სიმბოლურად აღადგინა ძველი მითის სცენა.
ვანი არქეოლოგიის დედაქალაქი სევერინმა თქვა, რომ სწორედ აქ შეიძლება იპოვოს არგონავტების ისტორიის რეალური დამტკიცება.
რიონი „არგო“ მდინარის ძაბვებს, ხიდებსა და ადიდებულ წყალს ებრძოდა. ქართველი მენიჩბეები უკვე არა როგორც მეგზურები, არამედ როგორც თანამონაწილეები მოქმედებდნენ.
სვანეთი ადგილობრივებმა ექსპედიციის წევრებს აჩვენეს, თუ როგორ მოიპოვებოდა ოქრო ცხვრის ტყავის საშუალებით, ზუსტად ისე, როგორც მითშია აღწერილი „ოქროს საწმისი“.
1984 წლის 2 აგვისტოს, საქართველოსთან დასამშვიდობებლად გაიმართა ემოციური კონცერტი: „მრავალჟამიერი“, „სულიკო“ და ინგლისური საზღვაო ჰიმნები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ეს აღარ იყო მხოლოდ ექსპედიცია ეს იყო ორი სამყაროს კავშირი, მითი და რეალობა, ბერძნული ლეგენდა და ქართული მიწა.
გემის ასლი მოგვიანებით ჭყვიშში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმთან დაიდგა, თუმცა მუზეუმი ხანძარმა გაანადგურა. და მაინც ამბავი დარჩა. ამბავი, თუ როგორ დაბრუნდა „არგო“ საქართველოში 3000 წლის შემდეგ.
წყარო: მსოფლიო ისტორია / Luka Chitia

