ანი ბეზანტი / ეზოტერული ქრისტიანობა თუ მცირე მისტერიები

ოკულტიზმი ხილულ ფორმას აღიარებს, როგორც უხილავი ჭეშმარიტების უკანასკნელ ფიზიკურ გამოხატულებას. ყველაფერი, რაც დედამიწაზე არსებობს, არის აზრის ფიზიკური გამოხატულება.
საგანი უფრო მეტი არ არის, ვიდრე იდეა, გამოვლენილი და გამკვრივებული. ყველა საგანი სამყაროში არის ღვთაებრივი იდეა, გამოხატული ფიზიკურ ფორმაში. თუ ეს ასეა, საგნის რეალობა მის გარეგნულ ფორმაში კი არ არის, არამედ შინაგან სიცოცხლეში, იდეაში, რომელმაც ფორმა მისცა მატერიას თავის ხილულ გამოხატულებაში. უმაღლეს სამყაროთა მატერია მეტისმეტად ფაქიზია და პლასტიკური. ძალიან ადვილად დაჰყვება აზრის ძალას და ასევე ადვილად იცვლის თავის ფორმას აზრის შეცვლასთან ერთად. იმის კვალობაზე, რაც უფრო მკვრივი და მძიმე ხდება, ის ფორმას მით უფრო ძნელად იცვლის მანამ, სანამ არ მიაღწევს თავისი სიმკვრივის იმ ზღვარს ფიზიკურ სამყაროში, როცა მყარი და ძნელად შესაცვლელი ხდება.
ეს ჭეშმარიტება უდევს საფუძვლად ეგრეთ წოდებულ ტრაბსუბსტანციის დოქტრინას, რომელსაც ჩვეულებრივი პროტესტანტები ცუდად იგებენ. მაგრამ ოკულტურ ჭეშმარიტებათა ხვედრი ხომ ყოველთვის ასეთი იყო, როცა მას უმეცარ ადამიანებს გაანდობდნენ. შეცვლილი „სუბსტანცია“ არის იდეა, რომელიც საგანს მის შესაბამის ფორმად აქცევს. „პური“ არ არის მხოლოდ ფქვილი და წყალი. იდეა, რომელიც წარმართავს ფქვილისა და წყლის შერევას და ცომის მომზადებას, არის „სუბსტანცია“, რომელიც მას „პურად“ აქცევს, ფქვილი და წყალი კი არის მატერიის ნაწილაკების განაწილება, რაც იდეას ფორმას აძლევს. იცვლება იდეა, ანუ სუბსტანცია, ფქვილი და წყალი იღებს სხვა ფორმას მსგავსად იმ პროცესისა, როცა ფქვილისა და წყლის ასიმილაცია ხდება სხეულის მიერ.
ქიმიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ქიმიური ატომების ერთი და იგივე სახე და ერთი და იგივე რაოდენობა შეიძლება სხვადასხვაგვარად განლაგდეს და ამის გამო სრულიად სხვა გახდეს, შეიძინოს სხვა თვისებები მაშინ, როცა მასალები იგივე რჩება. ასეთი „იზომერული ნაერთები“ ჩვენი დროის ყველაზე საინტერესო ქიმიური აღმოჩენების რიცხვს ეკუთვნის. ისინი ამტკიცებს, რომ ერთნაირი ატომების განაწილება სხვადასხვა იდეის ზემოქმედებით სხვადასხვაგვარ სხეულს იძლევა.
© ანი ბეზანტი / ეზოტერული ქრისტიანობა თუ მცირე მისტერიები