იოთამ ზედგინიძის ისტორია
ძველ დროში, როდესაც ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მერვე იყო, საქართველოში ერთი სამშობლოზე ძლიერ შეყვარებული მამულიშვილი იოთამ ზედგინიძე ცხოვრობდა. მეფეს სურდა საქართველო გააერთიანებინა და გაეძლიერებინა. იოთამი კი მეფის უერთგულესი ქვეშევრდომი იყო.
ერთხელ მეფე ჯავახეთში იმყოფებოდა. მის მტრებს დამარცხების ეშინოდათ და ბრძოლის თავიდან ასაცილებლად მისი ღამით ჩუმად მოკვლა გადაწვიტეს. ამ შეთქმულების შესახებ იოთამმა გაიგო და მეფეს ყველაფერი მოახსენა.
მეფე გიორგის ყველა თავისნაირი სულგრძელი ეგონა და ღალატი არ დაიჯერა. იოთამი მიხვდა, რომ მტრები ჩანაფიქრის შესრულებას შეძლებდნენ და მეფეს შეწუხებულმა სთხოვა, ნება მიეცა, იმ ღამით მის სარეცელში თვითონ დაწოლილიყო.
მეფე დათანხმდა, რადგან დარწმუნებული იყო შეთქმულება არ მოხდებოდა. ღამით იოთამი მეფის სარეცელში ჩაწვა.
გამთენიისას მცველებს ძილი მოერიათ. იოთამსაც წასთვლიმა. ამ დროს ბინდში შეთქმულები გამოჩნდნენ, ჩუმად შეიპარნენ მეფის საძინებელში. იოთამმაც ვერაფერი გაიგო. მოღალატეებმა ხანჯლები დაუშინეს ლოგინში მწოლიარეს, რომელიც მეფე გიორგი ეგონათ. მაგრამ ხმაზე იცნეს იოთამი და სწრაფად გაუჩინარდნენ სიბნელეში.
მეორე დილით ადრიანად გაეშურა მეფე იოთამისკენ და ეგონა, რომ მას ტკბილად მძინარეს იხილავდა. თუმცა მეფეს საზარელი სურათი დახვდა: ხანჯლით მოკლული იოთამი სისხლში ცურავდა. თავზარდაცემული მეფე საშინელ სინანულში ჩავარდა. იოთამმა საყვარელი მეფის ხელში დალია სული.
მეფე გიორგიმ მოღალატეები სიკვდილით დასაჯა. მან იოთამის უფროს შვილს თავადობა უბოძა, დიდი თანამდებობა და მამულები აჩუქა.
გვარად ამილახვრები სწორედ ამ იოთამ ზედგინიძის შთამომავლები არიან.

