დიდგორის ბრძოლა – მითები და რეალობა

სხვადასხვა ისტორიული წყაროები დიდგორის ომში მონაწილე მუსლიმური კოალიციის არმიებს სხვაადასხვა რაოდენობით ასახელებენ, მაგალითად: გოტიე – 600 000, მათე ურჰაეცი – 560 000, სმბატ სპარაპეტი – 150 000, მიხეილ სირიელი 100 000 (რაც ყველაზე ახლო შეიძლება იყოს რეალობასთან).
თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში უკვე გარკვეულად ითვლება, რომ შუა საუკუნეების ქრისტიანული თუ მაჰმადინური არმიები არ გამოირჩეოდნენ დიდი მრავალრიცხოვანობით და საშუალოდ, ამა თუ იმ ქვეყნის სიდიდის, ეკონომიკური რესურსებისა და სახელმწიფო ორგანიზაციის განვითარების დონის გათვალისწინებით, საშუალოდ 4-5 ათასიდან 10-15 ათასამდე მერყეობდა. ასეთ არმიებს სავსებით ძალუძდათ გადაეჭრათ ისეთი სტრატეგიული ამოცანები როგორიც იყო: ქვეყნის დაპყრობა, ინტერვენციის მოგერიება, ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება და ა.შ.
მაგალითად, ბიზანტიის იმპერატორის ლევ VI ის სამხედრო ტრაქტატის მიხედვით, (IX-X სს მინჯა) 5-12 ათასიან არმიას ძალუძდა სტრატეგიული კამპანიების წარმოება, X საუკუნის შუა ხანებისთვის, სხვა ტრაქტატის მიხედვით, აღმოსავლეთის საზღვრების დასაცავად საკმარისი იყო 5-6 ათასი მეომარი.
უფრო დიდი, 20-25 დან 40-50 ათასამდე არმიების შეკრება ძალიან იშვიათად ხდებოდა და მათი დროებით შეკრება ისეთ გიგანტურ სახლემწიფოებს ან კოალიციებს შეეძლოთ, როგორებიც იყვნენ: ბიზანტიის იმპერია, ფატიმიდების ეგვიპტე, ან სალადიიდნის და სელჩუკების იმპერიებს მათი ძლიერების ხანაში.
XI-XII საუკუნეების არმიათა რაოდენობრივი მასშტაბები ძალიან კარგად ჩანს ისეთ საეტაპო მოვლენებში, რომლებიც თანამედროვე ისტორიოგრაფიაში დეტალურად და დამაჯერებლადაა შესწავლილი, ასე მაგალითად:
• 1096 წელს კონსტანტინოპოლიში პირველი ჯვაროსნული არმიის რაოდენობა 30-35 ათასი იყო, ამ არმიამ შეძლო მცირე აზიის მარშით გავლა, რუმის და დაშმენიდების არმიების სამ დიდ ბრძოლაში დამარცხება, სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილის დაპყრობა და 4 სახლემწიფო ერთეულის დაარსება.
• 1099 წელს ასკალონის ბრძოლაში ფატიმიდების არმია 20-25 ათასს, ხოლო ჯვაროსნული 10 000 ოდნავ მეტს ითვლიდა.
• 1119 წელს მუსლიმთა კოალიცია ილ-ღაზის მეთაურობით 40 000 კაცს ითვლიდა, 3 700 ჯვაროსანთა წინააღმდეგ.
• 1187 წელს ჰატინის ბრძოლაში სალადინმა ეგვიპტე-სირიის კოლაციური არმია 20 000 კაცამდე შეაგროვა, ჯვაროსანთა 14-15 ათასიანი არმიის წინააღმდეგ, რომელიც იესრუსალიმის სამეფოს ყველაზე დიდი არმიად ითვლება.
• 1191 წელს, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ინგლის-საფრანგეთის არმია საშუალოდ 20 000 კაცს ითვლიდა. საღვთო რომის იმპერიის არმია კი 20 000 (ზოგი მონაცემით 30 000 კაცს ითვლიდა, რომელიც ფრიდრიხ ბარბაოსას ყველაზე დიდ არმიადაა მიჩნეული).
• 1204 წელს კონსტანტინოპოლი აიღო და ლათინთა იმპერია დაარსა 14-15 ათასმა ჯვაროსანმა.
მსგავსი ანალოგიების მოყვანა, როგორც ევროპის, ისე აღმოსავლეთის მაგალითზე ძალიან ბევრის მოყვანა შეიძლება და ყოველი მათგანი იმის ილუსტრირებაა, რომ შუა საუკუნეების ავტორთა 100, 200, 300 ათასიან და ნახევარ მილიონიანი არმიების დასახელება, რიგ შემთხვევებში ძველ ავტორთა ფანტაზიის ნაყოფია, რიგ შემთხვევებში კი გადაწერისას დაშვებული შეცდომები. ფაქტია, რომ არც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს და არც სხვა, რიჩარდ ლომგული და სხვები არ წავიდოდნენ თვითმკვლელობაზე და 10-30 ათასიანი არმიებით, მუსლიმთა 100, 200 და 300 ათასიან არმიებს არ შეებრძოლბოდნენ. დასკვნა უბრალო და მარტივია, მუსლიმებს ამ სიდიდის არმიები არ ყავდათ!
აქიდან გამომდინარე ფაქტია, რომ არც დიდგორის ველი, არც ისტორიული რეალობა და თამედრო კვლევები არ იძლევა იმის თქმის საფუძველს რომ მუსლიმთა კოალიციური არმია არათუ ნახევარ მილიონიანი, არამედ 100 000 კაცსაც კი არ აღემატებოდა!
ხოლო, რამდენად შეეძლო დავით აღმაშენებლს 55 000 ათასიანი არმიის შეკრება ეს თქვენთვის მომინდია სადისკუსიოდ.
რა რაოდენობის ძალთა ჭიდილიც არ უნდა ყოფილიყო დიდგორის ველზე, ფაქტი ერთია, ეს ბრძოლა თავისი ხასიათით და მასშტაბით მართლაც გრანდიოზული ბრძოლა იყო, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი და უკვდავყოფილი!
წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: საბა ფარჯიკია