რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

მეროეს ნუბიური პირამიდები – სუდანი

მეროეს ნუბიური პირამიდები - სუდანი - მეროე - ნუბია

მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, სუდანის ქვიშიან უდაბნოში ჩამალულია ოდესღაც დიდი ქალაქის, მეროეს ნანგრევები. მეროე ქუშის სამეფოს დედაქალაქი იყო, უძველესი ცივილიზაციისა, რომელიც ნილოსის ხეობის ნაყოფიერ მიწებზე სახლობდა. ქალაქისგან დღემდე ბევრს არაფერს მოუღწევია, მაგრამ ამ უნიკალურ ადგილს დღემდე ამშვენებს 200 ნუბიური პირამიდა. მართალია, სახელგანთქმულ გიზის პირამიდებს ზომით ვერ შეედრება, მაგრამ ამ იდუმალ და მდუმარე უდაბნოში ნუბიური პირამიდები მაინც მომაჯადოებელი სანახავია. მეროეს ნუბიური პირამიდები ჩრდილოელი მეზობლებივით წარსულის სურნელითაა გაჟღენთილი.

ისტორიკოსების აზრით, ქუშელები მეროეში ძვ.წ. 591 წელს დასახლდნენ და უკვე ძვ.წ. 300 წელს მეროე ნუბიის დედაქალაქად იქცა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ქუშის მეფე-დედოფლებმა ამ ადგილას აკლდამების შენება. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ქალაქი იზრდებოდა და რომსა და ევროპასთან ვაჭრობით მდიდრდებოდა. თუმცა, ახ.წ. 300 წელს მრეწველობის დასუსტებამ და რომაულ ეგვიპტესტან მუდმივმა ბრძოლებმა სამეფო ნელნელა დაანგრია. დღეს ოდესღაც ძლიერი იმპერიისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა.

1821 წელს ფრანგი მინერალოგის, ფრედერიკ კაიოს მიერ ხელახლა აღმოჩენლი მეროეს პირამიდების სიმაღლე ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, 30 მეტრზე მაღალი არც ერთი არაა. ეგვიპტური პირამიდებისგან განსხვავებით, ნუბიურ პირამიდებს პატარა საძირკვლები აქვთ – მაქსიმუმ 8 მეტრის სიგანის. ამის შედეგად მაღალი და ვიწრო, 70-გრადუსიანი დახრილობის მქონე ნუბიური პირამიდები თვალშისაცემი აგებულობით გამოირჩევა. ტრადიციულად, ყოველი პირამიდის შესასვლელს ეგვიპტური სტილის შესაწირი ტაძრები ამშვენებდა. თუმცა, დროის მსვლელობას ეს ტაძრები ვერ გადაურჩა.

მეროეს ნუბიური პირამიდები - სუდანი - რუკა - ნუბიის პირამიდა
მეროეს ნუბიური პირამიდები - სუდანი

ეგვიპტელი მეზობლების მსგავსად ქუშის მეფე-დედოფლებიც ძვირფას და საიქიოში გამოსადეგ ნივთებთან ერთად იმარხებოდნენ. ადრეული არქეოლოგიური გათხრებისას აკლდამებში მშვილდები, ისრის კაპარჭები, ავეჯი, მინის ჭურჭელი და ერთგან ძროხის ნეშთიც კი აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, ნუბიური პირამიდებიც განძეულზე მონადირეებმა პირწმინდად გაძარცვეს. თუმცა, 1834 წელს ჯუზეპე ფერლინის ხელმძღვანელობით მიმდინარე გათხრებისას ძველისძველი სამკაულები იპოვეს. დღეს ეს სამკაულები ბერლინისა და მიუნხენის მუზეუმში ინახება.

სუდანის დაუსრულებელი სამოქალაქო ომი არქეოლოგიური გათხრების წარმოებას აძნელებს, მაგრამ პირამიდებისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად ბევრი რამ კეთდება. რამდენიმე პირამიდა სრულად არადგინეს, ზოგიერთი მიწიდან ამოთხარეს, მათ შორის, ლომის ტაძარი, რომლის კედლებზე შესრულებული ნახატებიც კარგადაა შემონახული.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *